გამოცემა N14 / მიმოხილვის პერიოდი: 1 – 30 სექტემბერი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
მნიშვნელოვანი შეხვედრები
IPRM -ის 108-ე შეხვედრა
23 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა; დაგმო გასული თვის განმავლობაში მზარდი ტენდენციით მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო საქმიანობა და კიდევ ერთხელ განაცხადა უარი ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟზე.
აღნიშნულ საკითხებზე ოსური მხარის მიერ გაჟღერებული არგუმენტები და ძირითადი პოზიცია უცვლელი დარჩა. საყურადღებოა, რომ ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟზე ქართული მხარის უარის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, 2022 წლის ბოლომდე 2 გამშვები პუნქტის: საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე პერევისა („პერეუ“) და დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ოძისის („რაზდახანი“) - ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გახსნასთან დაკავშირებით.
საკოორდინაციო შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხზე
9 სექტემბერს სოფ. ერგნეთში 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული საკოორდინაციო შეხვედრა ჰუმანიტარული პლატფორმა გახლავთ, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები და ერთმანეთს ხელთ არსებულ ინფორმაციას უზიარებენ.
საკოორდინაციო შეხვედრების პრაქტიკა 2010 წლიდან არსებობს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ინიციატივითა და ტექნიკური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, როგორც ბოლო, 2021 წლის შეხვედრის შემდეგ განხორციელებული საქმიანობა და შეაფასეს პროგრესი, ასევე ისაუბრეს დღეის მდგომარეობით არსებული გამოწვევების და სამომავლო ძალისხმევის შესახებ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ბედის გარკვევის საკითხზე.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
ნუკრი კალაშნიკოვის გათავისუფლება
მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი საოკუპაციო რეჟიმმა 27 სექტემბერს გაათავისუფლა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი დაკავების ფაქტი მხოლოდ IPRM-ის 108-ე შეხვედრაზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებაზე დაყრდნობით, კალაშნიკოვის დაკავებისთანავე ამოქმედდა ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმაცია გადაეცათ საერთაშორისო პარტნიორებს.
გიორგი ქუჯოშვილის გათავისუფლება
მიმდინარე წლის 5 აპრილს დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი 9 სექტემბერს 5 თვიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალუბნის მკვიდრი ქუჯოშვილი საოკუპაციო ძალებმა სოფ. აძვში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
გიორგი ქუჯოშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge
გელა იობაშვილის დაკავება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მკვიდრი გელა იობაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ 14 სექტემბერს დააკავეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადების მიხედვით, დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი არ ამოქმედებულა, შესაბამისად ფაქტის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია დაგვიანებით - 22 სექტემბერს მიიღო. მისივე ცნობით, იობაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი უკანონო პატიმრობა შეუფარდა.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
„ბორდერიზაცია“ სოფელ ქვეშში
გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშში 19 სექტემბერს უკანონო „ბორდერიზაციის“ ფაქტი დაფიქსირდა. ფაქტზე ინფორმაცია მედიაში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. თვითმხილველების თქმით, ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. არცევიდან მომავალმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა სამხედროებმა „სასაზღვრო ღობის“ დამონტაჟების 2021 წელს დაწყებული სამუშაოები განაახლეს.
ახალი „სასაზღვრო ღობეები“ სოფ. ქვეშში. წყარო: 1tv.ge
„ბორდერიზაცია“ სოფელ კნოლევში
სუს-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევში, რომელიც ოკუპირებულ სოფლებს - ქვემო ოქონასა და ხაბელაანს ესაზღვრება, 30 სექტემბერს უკანონოდ დაამონტაჟეს მეტალის ბოძები და გააბეს მავთულხლართი.
სოფ. კნოლევში „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისთვის ნიადაგი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში მომზადდა, მაშინ როდესაც აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაივლო.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა
რუსი სამხედროები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
5 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბმა „რონინმა“ ფოტო მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ე.წ. სამხედროები ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან იმყოფებოდნენ. ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო მლეთაში მდებარეობს. სოფ. მლეთა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩიგოიანს ესაზღვრება, მაგრამ მასზე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იურისდიქცია არ ვრცელდება.
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შემთხვევები გასულ თვეებშიც დაფიქსირდა.
სურათი 2: კლუბ „რონინის“ facebook გვერდი.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში
თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვია. 1-ელ სექტემბერს იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზში, 2011 წლიდან მიმდინარე საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის მე-10 სეზონის გახსნას დაესწრო. მან მიწვეულ სტუმრებთან, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ისაუბრა ომით დაშორებული საზოგადოების რეინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხის სიმწვავის საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოჩენის საკითხში ხელოვნების დიდ მნიშვნელობაზე.
ახვლედიანმა მომდევნო ვიზიტი 3 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარში გამართა, სადაც იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო. ინიციატივა მიზნად სოფ. ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენას და ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კოორდინირებულ ჩართულობას ისახავს.
8 სექტემბერს კი მინისტრმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ავლევი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანა მოინახულა, სადაც მან ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა ადგილზე არსებული გამოწვევები.
საერთაშორისო ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან
28 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მონაკვეთი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციამ მოინახულა. დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა უმასპინძლა და ადგილზე გააცნო არსებული ვითარება. შჩიგელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების პერიოდული გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
საერთაშორისო დელეგაციის მორიგი ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან 16 სექტემბერს გაიმართა. ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ტიბორ კოზმასთან ერთად მავთულხლართით გაყოფილ სოფ. ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილზე დაათვალიერეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აგებული მავთულხლართები, ლითონის ბოძები, სათვალთვალო კოშკი და სხვ.
თვის ბოლო ვიზიტი 29 სექტემბერს გაიმართა. მარეკ შჩიგელმა ამჯერად ბელგიის ელჩ მიშელ პიტერმანსა და მისი დელეგაციის წევრებს გააცნო ადგილზე არსებული ვითარება სოფ. ოძისში. შჩიგელმა ბელგიის დელეგაციას ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და „ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.