ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 11 / 02

გამოცემა N26 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

მე-7 სამხედრო აზის წვრთნები

  • მე-7 სამხედრო ბაზის კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა წებელდის სამხედრო პოლიგონზე კავშირგაბმულობის მობილური სისტემა „Редут“-ის გამოყენებით მაღალი სიხშირის ციფრული კავშირის ორგანიზებაში ივარჯიშეს.

დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წვრთნები

  • ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე დე ფაქტო შეიარაღებული ძალების რეზერვის 1-ლი და მე-2 მსროლელი ბრიგადების სამხედროებმა ოპერატიული მიმართულება „Восток“-ის რეზერვთან ერთად სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გაიარეს.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე ტყვარჩელის 1-ლი პოლკის რეზერვისტებმა და სოხუმის უმაღლესი შეიარაღებული სამეთაურო სკოლის იუნკერებმა ივარჯიშეს. მათ საარტილერიო დანაყოფებთან და საჰაერო ძალებთან ერთად იმიტირებული მოწინააღმდეგე მოიგერიეს. აღნიშნული წვრთნა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მოინახულა.

სხვა საქმიანობა

  • დე ფაქტო მთავრობის 19 ოქტომბრის განკარგულებით, ყოველწლიური სამხედრო გაწვევა დაიწყო.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობა

  • საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრები მარატ პავლოვი და ვლადიმერ ანუა ერთმანეთს სოხუმში შეხვდნენ. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში სამოქმედო სტრატეგიები განიხილეს. ვიზიტისას მარატ პავლოვი ასლან ბჟანიასა და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასაც შეხვდა.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სფეროში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან თანამშრომლობა

  • დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების პერსპექტივები ინფორმაციული ტექნოლოგიის განვითარების მეშვეობით, რაც, გაგლოევის თქმით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელი და დროულია.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების  წვრთნები

  • 3 ოქტომბერს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე გეგმიური წვრთნა გაიმართა. წვრთნის მიზანი სამხედროების ინდივიდუალური და ჯგუფური მომზადება იყო, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ჯავშანტექნიკის გამოყენებით.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პირობებში რადიოსადგურებზე კავშირგაბმულობის ორგანიზებაში ივარჯშეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედრო ტოფოგრაფიის სპეციალისტებმა პირად შემადგენლობასთან სწავლება ჩაატარეს. სწავლების ფარგლებში სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული მეთოდებით გაიუმჯობესეს ტოპოგრაფიულ რუკებზე მუშაობის უნარები.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონმა საველე წვრთნა გაიარა. მთიან და ტყიან რელიეფზე, ცუდი ხილვადობის პირობებში მიმდინარე წვრთნის მიზანი ინდივიდუალური და ჯგუფური შენიღბული გადაადგილების უნარების დახვეწა იყო.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მოტომსროლელთა ბატალიონის სამხედროებმა სამხედრო სამედიცინო და ტაქტიკურ მომზადებაში ნორმატივები ჩააბარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩააბარეს. ნორმატივებით შემოწმდა, როგორც სამხედროების ფიზიკური მონაცემები, ასევე მათი სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული დოკუმენტების  ცოდნაც.

სხვა საქმიანობა

  • ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტინგენტის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები მედლებით დააჯილდოვეს. მედლები „სამხედრო სიმამაცისთვის“ ვეტერანებს რუსეთის კაზაკთა კავშირის ფედერაციამ გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.