გამოცემა: N47 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2022
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი „რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჩაანაცვლა რუსეთის ვიცე-პრემიერი - მარატ ხუსნულინი. რუსეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორი სწორედ ნოვაკი იქნება და იგი იქნება პასუხისმგებელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის კონტროლზე.
ახალ კურატორს უკვე შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე, „სამთავრობათაშორისო“ კომისიის თანათავმჯდომარე - კონსტანტინ ჯუსოევი. შეხვედრაზე განიხილეს ინვესტიციების, ჯანდაცვის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. „სამთავრობათაშორისო“ კომისიის შეხვედრა 2023 წლის იანვარში მოსკოვში ჩატარდება.
ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრა კონსტანტინ ჯუსოევთან. წყარო: government.ru
ახალი „ელჩი“ რუსეთში
30 ნოემბერს რუსეთში აფხაზეთის „ელჩად“ ალხას კვიცინია დანიშნეს, რომელიც ადრე დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსი იყო და რამდენიმე თვით ადრე სკანდალურად გადადგა. გაჩნდა ეჭვები, რომ იგი ბჟანიასადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუერთდებოდა, თუმცა კვიცინიას მიერ დიპლომატიური კარიერის დაწყება ამის შანსებს შეამცირებს.
სერგეი ლავროვმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
მოსკოვში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის - ახსარ ჯიოევის შეხვედრა. ლავროვმა მადლობა გადაუხა ჯიოევს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისადმი ობიექტური, მოზომილი პოზიციისათვის და დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ასლან ბჟანია სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე - არტემ ტუროვი. ბჟანიამ შეხვედრაზე „პარლამენტებს“ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ აფხაზ, რუს და ბელარუს ხალხს შორის ამ შეხვედრებით ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ბჟანიამ ასევე აღნიშნა ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა დე ფაქტო რესპუბლიკასა და ბელარუსს შორის. ბჟანიასთან შეხვედრის გარდა, ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებსაც შეხვდა.
შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილესთან
30 ნოემბერს ბჟანიამ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეს სერგეი ნევეროვს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საინტერესოა, რომ მეორე დღეს, 1 დეკემბერს, სოხუმს მოულოდნელად ესტუმრა სახელმწიფო დუმის სპიკერი ვლადიმირ ვოლოდინიც.
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში
2022 წლის 14-17 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. ოსურ მხარეს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, კონტრ-ადმირალი, ვლადიმირ ვორობიოვი. შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სამხედრო კათედრის გახსნის, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განახლების, ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების რეალიზაციისა და სხვა საკითხები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოლაპარაკებების პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
შეხვედრა მოსკოვში. წყარო: alaniamil.org
რუსეთი აფხაზეთს 22 მლრდ რუბლით დაეხმარება
2022 წლის 10 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ „2022-2025 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ“ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა. მთავრობას შეთანხმების რატიფიკაციის ფედერალური კანონი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა წარუდგინა. რეშეტნიკოვის განცხადებით, პროგრამის რეალიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ასევე დროულად არის მისაღები ინვესტორების დასაცავად კანონი, რომელსაც, მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტი მალე განიხილავს.
ჯამში, 3-წლიანი პროგრამა მოიცავს 22 მლრდ რუბლზე მეტს. 15.4 მლრდ რუბლი გამოიყოფა რუსეთის ბიუჯეტიდან, 6.7 მლრდ რუბლი კი - სარეზერვო ფონდიდან.
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ედუარდ ბუთბა მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. იგი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - ვიქტორ ფისენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბუთბამ მადლობა გადაუხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საკურორტო სეზონის დროს მათი ექიმების მივლინებისათვის „სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში“.
აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგია მიიღო
აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, 22 ნოემბრიდან დე ფაქტო რესპუბლიკამ ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყო. მანამდე მოსკოვში რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში მოლაპარაკებები დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა გამართა. კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის ვარდნა და „აჩიგვარას“ გადამცემი ხაზის დაზიანებაა.
რუსეთის „რბილი ძალა“
წიგნების გადაცემა. წყარო: apsnypress.info