ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 01 / 03

გამოცემა №21 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

რუსეთი აფხაზეთისგანსაპენსიო ვალისგადახდას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება პენსიების შესახებ რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის არსებულ შეთანხმებაში. შეთანხმება ეხება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიის გაცემის საკითხს.

„პარლამენტში“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, ნათელა ლომიას განცხადებით, დადასტურდა არაერთი ფაქტი, როდესაც უკვე გარდაცვლილ რუსეთის მოქალაქეს პენსია კვლავ ერიცხებოდა რუსეთის ბიუჯეტიდან, ამ თანხას კი სხვა ადამიანი იღებდა. ცვლილების თანახმად, ასეთ შემთხვევაში აფხაზური მხარე ვალდებული იქნება რუსეთს დაუბრუნოს მსგავს პირებზე გაცემული პენსიის თანხა.

ამჟამად, 2015-2020 წლებში რუსეთის მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის დაგროვილი საპენსიო ვალი 24 მლნ რუსულ რუბლს (დაახლ. 370 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს.

რუსეთი აფხაზი „საჯარო“ მოხელეების ხელფასებს კვლავ დააფინანსებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ პროტოკოლის რატიფიცირების შედეგად, რუსეთი გააგრძელებს „საჯარო“ მოხელეების ხელფასების თანადაფინანსებას.

აღნიშნულ პროტოკოლს 2015 წლის 14 აპრილს მოეწერა ხელი. პროტოკოლის მიხედვით, „მხარეები“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საჯარო“ მოხელეების ხელფასების თანადაფინანსებასა და ხელფასების ეტაპობრივ ზრდაზე შეთანხმდნენ.

მოცემული ცვლილებით თანადაფინანსება და ხელფასების მატება 2025 წლამდე გაგრძელდება.

რუსეთში აფხაზურ ციტრუსზე მოთხოვნა შემცირდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბესლან ჯოპუას განცხადებით, რუსეთში აფხაზურ ციტრუსზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც გამოწვეულია ბაზარზე ჩინური და თურქული წარმოშობის მანდარინის ჭარბი ოდენობით.

ჯოპუას თქმით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების გათვალისწინებით, აფხაზურ მანდარინზე მოთხოვნა მაღალი იყო, 2022 წელს კი მანდარინის ფასი 15-20 რუსული რუბლია (50 – 70 თეთრი).

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა. იგი რუსეთში აფხაზეთის „საელჩოში“ შეხვდა აფხაზ მეწარმეებს, რომლებსაც გააცნო დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ენერგოკრიზისი, ინვესტიციები და ა.შ.  შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრა კვლავ გაიმართება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აფხაზეთის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს

აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული რეგიონების - ხერსონის, დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოსახლეობას, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 100 ტონა მანდარინი გაუგზავნეს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

„მეგაფონი-სამხრეთ ოსეთი“ - ს კაბელური ინტერნეტი ცხინვალის რეგიონში

კომპანიის „მეგაფონი-სამხრეთ ოსეთი“ გენერალური დირექტორის, ნიკოლაი ფირსოვის განცხადებით, კომპანია აპირებს 2023 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში საკაბელო ინტერნეტის გაყვანას, ამისათვის კი უკვე ჩაშვებულია სატესტო პროექტი და მომხმარებელთა გარკვეულ ოდენობას მიეწოდება კაბელური ინტერნეტი.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის, ედუარდ ძაგოევის განცხადებით, რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი 5 ობიექტის აღდგენა/მშენებლობა 2023 წელს განხორციელდება.

რუსული ინვესტიციები ცხინვალის რეგიონში

რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლის, თეიმურაზ გოგინოვის განცხადებით, რუსეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 100 მლნ რუბლს (დაახლ. 1 მილიონ 584 ათასი აშშ დოლარი) გადააჭარბა. გოგინოვის თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის უწყებები მუშაობენ, რათა რუსეთიდან მეტი ინვესტორი მოიზიდონ, შექმნან მათთვის პირობები და მეორე მხრივ, შეძლონ ექსპორტზე გატანა თავისი პროდუქციის, რადგანაც რუსეთის ბაზარი მათთვის ღიაა.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი. 2023 წლია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8 მლრდ 780 მლნ რუბლია (დაახლ. 122 მლნ 117 ათასი აშშ დოლარი), მათ შორის ითვლება რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა 7 მლრდ 87 მლნ რუბლის (დაახლ. 109 მლნ 510 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით. კერძოდ, ამ დახმარებიდან 5 მლრდ 872 მლნ რუბლი (დაახლ. 81 მლნ 708 ათასი აშშ დოლარი) განკუთვნილია ე.წ. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ხოლო 1 მლრდ 215 მლრ რუბლი (დაახლ. 16 მლნ 900 ათასი აშშ დოლარი) ფინანსური დახმარება საბიუჯეტო ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერისათვის. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი, 8 მლრდ 864 მლნ რუბლს (დაახლ. 123 მლნ 330 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს.