ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2023 / 01 / 04

გამოცემა: N8 / მიმოხილვის პერიოდი: ოქტომბერი-დეკემბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

კულტურის სფერო

  • იგორ მოისეევის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი იმყოფებოდა გასტროლებზე აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი შეხვდა „რუსეთის სახალხო არტისტს“, ანსამბლის ხელმძღვანელს - ელენა შჩერბაკოვას და მადლობა გადაუხადა აფხაზეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულისთვის.
  • 2022 წლის 6 ოქტომბერს როსტოვში დაიწყო ხელოვნების XXI საერთაშორისო ფესტივალი - „მშვიდობა კავკასიას“. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის აფხაზეთის „სახელმწიფო“ ანსამბლი. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი როსტოვის მერი - ანნა დმიტრიევა იყო.
  • მოსკოვის საგზაო-საავტომობილო სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად გაიმართა საღამო, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზურ ლიტერატურას.
  • სოხუმში, „მოსკოვის სახლში“ გაიმართა წიგნების გამოფენა - „ლიტერატურული მოსკოვი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო რუსული კლასიკური ლიტერატურა და თანამედროვე ნაწარმოებები. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, გამოფენა წარმოადგენს ნათელ მოვლენას მოსკოვისა და აფხაზეთის კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობაში.
  • სოხუმში, „მოსკოვის სახლში“ მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით საახალწლო თეატრალიზებული მარათონი გაიმართა. „მოსკოვის სახლის“ წარმომადგენლის, მარია სოიას განცხადებით, ღონისძიება გაიმართა თანამემამულე ბავშვებისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო“ სამმართველოსა და „საელჩოს“ თანამშრომლებისთვის და ასევე შშმ ბავშვებისთვის.

განათლების სფერო

  • სოხუმში გაიხსნა მოქალაქეების, საჯარო მოხელეებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტროსა და რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო და „როსავიაცია“ აცხადებს მიღებას სამოქალაქო ავიაციის უმაღლეს სასწავლებლებში. „რუსული სახლი“ - ს განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის კვოტით გამოყოფილია 32 ადგილი.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პლატფორმის - „აფხაზეთის მომავალი“ დამფუძნებელი, ინალ არძინბა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ „სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლის“ დირექტორს, ორგანიზაციის - „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა“ გენერალურ დირექტორს, ალექსეი კომისაროვს. მათ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს აღნიშნულ ორ პლატფორმას შორის თანამშრომლობას და ახალგაზრდების სტაჟირებას რუსეთში.
  • რუსეთის განათლების სამინისტროსა და ფონდ „რუსული სამყარო“-ს მხარდაჭერით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ მიიღო 34 ათასზე მეტი სახელმძღვანელო მე-10 და მე-11 კლასებისთვის. ეს უკვე მეორე პარტიაა აღნიშნულ სახელმძღვანელოთა, რომლებსაც რუსეთი აწვდის ოკუპირებულ აფხაზეთს.
  • აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2022 წლის 23 დეკემბრიდან ამოქმედდა ვებ-საიტი - education-in-russia.com, რომლით სარგებლობაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ, რაც, ფედოტოვის თქმით, მათ დაეხმარებათ გამოცდებისთვის მომზადებაში.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 2022 წლის 7 ოქტომბერს სოხუმში ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერი აქცია - „ძალა სიმართლეშია“. ღონისძიება გაიმართა პუტინის დაბადების დღეს.
  • 2022 წლის 7 ნოემბერს, სოხუმში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში - „მოსკოვის სახლი“, გაიმართა „სახალხო ერთობის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული დღესასწაული რუსეთში 2005 წლიდან აღინიშნება და მას ოკუპირებულ აფხაზეთშიც აღნიშნავენ.
  • სოხუმში მდებარე „მოსკოვის სახლი“ ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ისტორიულ თარიღებს. 2022 წლის 2 დეკემბერს ჩატარებული ღონისძიება ეძღვნებოდა „ბრძოლას მოსკოვისთვის“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმში მდებარე სკოლების მოსწავლეები. დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმი - „28 პანფილოველი“, რომელიც ეხება 1941 წლის საბრძოლო მიმდინარეობისას საბჭოთა ჯარისკაცების გმირობას.

ღონისძიება - „სამამულო ომი“. წყარო: apsadgil.info

სამედიცინო დახმარება

  • ქ. ტომსკიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოწვევით ჩასულმა კარდიოლოგებმა 150 ბავშვს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.
  • ოკუპირებული გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის 888 მოქალაქეს რუსეთიდან ჩასულმა, „ექიმ შატალოვას სახელობის თვალის მიკროქირურგიის ცენტრის“ ექიმებმა ოფთალმოგოლიური დახმარება გაუწიეს.

სპორტის სფერო

  • რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე ბოჩარნიკმა და რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის მწვრთნელმა, ალექსანდრე ჩერნიშევმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტის კომიტეტს ფარიკაობისთვის განკუთვნილი ეკიპირება აჩუქეს.

ტურიზმი

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბესლან ჯოპუა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლენინგრადის ოლქში. ჯოპუა შეხვდა ოლქის გუბერნატორს, ალექსანდრე დროზდენკოს. შეხვედრაზე განიხილებოდა აგრომეურნეობის, კულტურისა და ტურიზმის საკითხები. „მხარეები“ შეთანხმდნენ ტურიზმის სფეროში მომავალ ურთიერთთანამშრომლობასა და საერთო პროექტებზე.

სხვა ღონისძიებები

  • სოხუმში მოღვაწე მოსკოვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა „მოსკოვის სახლი“ ფინანსური დახმარება გაუწია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან. წყარო: apsnypress.info

  • უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდგომ, Mcdonald’s-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და გაყიდა თავისი ბიზნესი, რომლის ლიცენზიაც შეიძინა ალექსანდრე გოვორმა, „Вкусно — и точка“-ს მფლობელმა. გოვორის განცხადებით, რესტორანი მოლაპარაკებებს აწარმოებს McDonald's-თან, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში რესტორნის ქსელი გახსნას. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლის, ოლეგ ბარციცის თანახმად, კომპანიის „Вкусно — и точка“ - ს ფრანშიზა უკვე შეძენილია და  სარესტორნო ქსელის ოკუპირებულ აფხაზეთში ფუნქციონირება 2023 წელს არის მოსალოდნელი. საქმე ისაა, რომ Mcdonald’s-სა და „Вкусно - и точка“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი ქსელი ვერ გახსნის რესტორნებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც უკვე ფუნქციონირებს ამერიკული ბრენდი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ Mcdonald’s-ი ფუნქციონირებს საქართველოში და ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ჩნდება გარკვეული სირთულეები.
  • რუსეთის სახელმწიფო არქივმა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის პირად დღიურში არსებული ჩანაწერი გადასცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო არქივს. ნიკოლოზ II გაგრას 1912 წელს ეწვია.
  • სანქტ-პეტერბურგში გამოიცა წიგნის - „აფხაზური მოკლე ენციკლოპედია“ პირველი ტომი, რომელიც შემუშავებულია „აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ. წიგნი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიოგრაფიულ, გეოგრაფიულ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულსა და არქეოლოგიურ ცნობას აფხაზეთის შესახებ. მეორე ტომი უახლოეს პერიოდში გამოიცემა.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • რუსეთის მასშტაბური პროექტის - „ციფრის გაკვეთილი“ ფარგლებში, „რუსულ სახლში“ გაიმართა  გაკვეთილთა სერია - „ხელოვნური ინტელექტი სტარტაპებში“.
  • ცხინვალის რეგიონში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოსა და „რუსული სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა ვიდეოკონკურსი რუსი პოეტის, მარინა ცვეტაევას ლექსების წაკითხვაში. კონკურსი გამოცხადდა სკოლის მოსწავლეებს შორის და ეძღვნებოდა ცვეტაევას 130 წლის იუბილესადმი. გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გამოცხადდნენ კანდიდატებად სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის - „გამარჯობა, რუსეთო - 2023!“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები მიემგზავრებიან რუსეთში.
  • ცხინვალის რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ლექცია „სპუტნიკპრო“ - ს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. მედიის წარმომადგენლებს ლექცია წაუკითხა „РИА Новости“-ს ჟურნალისტმა, ანტონ სკრიპუნოვმა და „Россия сегодня“-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა - ალექსეი ფილიპოვსკიმ.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „საელჩომ“ და „რუსულმა სახლმა“ ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ კადეტთა სკოლას 1000 სახელმძღვანელოზე მეტი გადასცეს.
  • ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობამ დაიწყო იმ აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ვისაც სწავლის გაგრძელება რუსეთში სურს. 2023-24 სასწავლო წელს კვოტირების ოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 23 ადგილით არის განსაზღვრული.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 11-24 დეკემბერს გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.
  • ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“  წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სერგეი სკვორცოვის განცხადებით, სააგენტომ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ რუსული ენის სახელმძღვანელოები აჩუქა.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარდა საზეიმო მიღება რუსეთის სახალხო ერთობის დღის აღსანიშნავად, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, რუსეთის „ელჩი“ - მარატ კულახმეტოვი და ასევე რუსი თანამემამულეები.

ღონისძიება - „რუსეთის სახალხო ერთობის დღე“. წყარო: cominf.org

კულტურის სფერო

  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იუბილეს აღსანიშნავად, გამოიცა საზოგადოებრივ-საგანმანათლებო ჟურნალი „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“. აღნიშნული ჟურნალი ერთადერთი რუსულენოვანი გამოცემაა ცხინვალის რეგიონში და პირველი ნომერი გამოიცა 2013 წელს, სლავური ანბანის შექმნიდან 1150 წლის აღსანიშნავად.

ჟურნალი - „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“. წყარო: cominf.org

სხვა ღონისძიებები

  • 2022 წლის 4 ოქტომბერს ე.წ. რესპუბლიკის „სამშვიდობო კონტინგენტის“ ვეტერანებს, „რესპუბლიკის“ ვეტერანთა ორგანიზაციისა და რუსეთის კაზაკთა კავშირის ფედერაციის წევრებს გადაეცათ მედალი - „სამხედრო თავდადებისთვის“.
  • უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს ჯარისკაცთა მხარდაჭერისთვის ჯავის რაიონში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტს ესწრებოდნენ ჯავის რაიონის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებიც.

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია დმიტრი ფედოტოვი, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.