ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2023 / 02 / 01

გამოცემა: N29 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

2023 წლის ზამთრის გეგმიური მომზადების ფარგლებში ნაგვალოუს საწვრთნელ ბაზაზე შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა და სნაიპერებმა ივარჯიშეს.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • „რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სკოლის“ (რუსეთი) კადეტებმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანაყოფებში გაიარეს სტაჟირება.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებმა და მეთაურებმა პროფესიულ-თანამდებობრივ მომზადებაში სწავლება გაიარეს.
  • სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე ტაქტიკური სწავლება გაიარეს
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცრები პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად თეორიულ გაკვეთილებს დაესწრნენ.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საპატიო ყარაულის ასეულის სამხედროებმა საველე პირობებში ტაქტიკური სწავლება გაიარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე სამხედროებმა პროფესიული მომზადების  კურსი გაიარეს.

სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოწმება

  • დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრი და სამხედრო პოლიგონი მოინახულა.

ახალი ორგანიზაცია ომში მონაწილეთა დასახმარებლად

  • გაგლოევმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების და მათი ოჯახების დახმარების საკითხებზე სამუშაოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ორგანიზაცია საომარ მოქმედებებში მონაწილე მოხალისეებისთვის დახმარების გაგზავნაზეც იქნება პასუხისმგებელი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.