ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 02 / 02

გამოცემა: N4 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ვინ „ჩაშალა“ ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი?

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 57-ე რაუნდი, რომელიც 2023 წლის 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი, კვლავ გადაიდო. დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დისკუსიების თანათავჯდომარეები (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) ცალმხრივ გადაწყვეტილებას იღებენ მოლაპარაკების რაუნდის გაუქმების ან გადატანის შესახებ. დე ფაქტო სამინისტროს გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღარ დაუშვებენ თანათავჯდომარეების დელეგაციას, რომლის ვიზიტიც 8-9 თებერვალს იყო დაგეგმილი. გასულ წელს დაგეგმილი ოთხი რაუნდიდან მხოლოდ ერთი ჩატარდა. რუსეთი და ოკუპირებული რეგიონები დისკუსიების რაუნდების ჩაშლაში დასავლეთს ადანაშაულებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას შეფასებით, თანათავჯდომარეების გადაწყვეტილება „ჟენევის დისკუსიების მუშაობის ბლოკირებისკენ მიმართული ზაპადნიკების დესტრუქციული ხაზის გაგრძელებაა“.

ახალი პროექტი - „მულტიპოლარულობა“

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალი პროექტი - „მულტიპოლარულობა“ დაიწყო. პროექტის მიზანია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე აფხაზური საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ავტორი საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას მრჩეველი ედგარ გვაზავაა.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ინტერვიუების ციკლი ცნობილ ექსპერტებთან. პირველი ინტერვიუ ევგენი პრიმაკოვთან უკვე შედგა. პრიმაკოვი დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) თავმჯდომარეა და რუსეთის „რბილი ძალის“ განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ინტერვიუების გარდა, ედგარ გვაზავა პროექტის ტელეგრამ-არხზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ანალიტიკური შინაარსის სტატიებსაც აქვეყნებს.

ენერგოკრიზისი და რუსეთის დახმარება

2023 წელი ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისით დაიწყო, „ენგურჰესში“ წყლის დონის ვარდნის გამო, 18 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა. კრიზისის დასაძლევად აფხაზეთი ელექტროენერგიას, 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში 600 მლნ კილოვატ-საათს, რუსეთიდან მიიღებს. დეფიციტის მთავარ მიზეზად მოძველებული ელექტროქსელები, ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონე და ზამთრის გამო ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება სახელდება. დე ფაქტო ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის განცხადებით, ასევე პრობლემაა მოხმარებული ელექტროენერგიისთვის გადასახადების აკრეფა, რაც გამოწვეულია ინდივიდუალური მრიცხველების არარსებობითაც.

ვის შეხვდა ბჟანია მოსკოვში?

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოჩნდა და 17 იანვარს 2023 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა. ბჟანიას თქმით, საახალწლო პერიოდში იგი რუსეთშიც იმყოფებოდა, სადაც რუს მაღალჩინოსნებთან არაერთი საკითხი განიხილა. თუმცა, ბჟანიას ვებგვერდზე ამ შეხვედრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დევს, არც თავად ბჟანია აკონკრეტებს თუ ვის შეხვდა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, მოსკოვში მოღვაწე აფხაზ ბიზნესმენებთან 26 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ეხება.

ახალი „მოღალატე“

დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსლან გამისონიას წინააღმდეგ, რომელსაც „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ქმედებების განხორციელებისკენ მასმედიის საშუალებით საჯარო მოწოდებების გაკეთებაში“ ედება ბრალი. ე.წ. პროკურატურის ცნობით, გამისონიამ 2022 წლის ივნისში „კანონის“ დარღვევით გადაკვეთა „საზღვარი“ და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. იმავე წლის აგვისტოში სოციალურ ქსელ „Tik Tok“-ის საშუალებით, რომელიც დაურ ბუავას სახელზეა რეგისტრირებული, აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკეთა. ე.წ. პროკურატურის განცხადებით, გამისონია ადრე ნასამართლევია განზრახ მკვლელობისთვის და რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებებისთვის.

2022 წელს „აფხაზური სახელმწიფოს ღალატში“ 28 წლის დაურ ბუავაც დაადანაშაულეს, რომელიც გასულ წელს საქართველოს მოქალაქე გახდა.

„კანონიერი ქურდის“ სიკვდილი

სოხუმის საავადმყოფოში ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია (მეტსახელად თენგულიაში) გარდაიცვალა. აფხაზეთში იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რომლის სახელიც 2019 წელს რესტორან „სან-რემოში“ ორი კრიმინალური ავტორიტეტისა და ერთი რესტორნის თანამშრომლის მკვლელობას უკავშირდებოდა. მასზე, 2021 წლის 21 ნოემბერს თავდასხმაც განხორციელდა, თუმცა იგი სიკვდილს გადაურჩა.

ცხინვალის რეგიონი

110-ე შეხვედრა ერგნეთში

17 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 110-ე შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა ტრადიციულად ისაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკის „საჰაერო სივრცის“ უპილოტო საფრენი აპარატებით დარღვევისა და სოფ. ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხზე. შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარის მიერ ოკუპირებული სოფლების (წინაგარა და მიმდებარე სოფლები) სარწყავი წლით მომარაგების საკითხიც, რაშიც შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შემდეგი შეხვედრა 2 მარტს ჩატარდება. გასულ წელს ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში ექვსი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ერგნეთში

მკურნალობა „რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ“

10 იანვარს ცხინვალში საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის გამო დაიღუპა ორი ადამიანი, სამი კი (დედა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი) საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს სამკურნალოდ. დედა მოგვიანებთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ ოსურ მედიაში არ არის ნახსენები თუ სად მკურნალობდნენ დედა და შვილები. მედიაში მითითებულია, რომ მათი გადაყვანა „რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ“ მოხდა.

ამ მხრივ საყურადღებო ფაქტი მოხდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც, სადაც მშობლებმა უარი თქვეს მცირეწლოვანი ბავშვის ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობაზე. მისი გადაყვანის პროცესში, ბავშვი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა. ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრა მოიწვიეს, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი აგუნდა პლიევაც მონაწილეობდნენ. ახალგორის რაიონული საავამდყოფოს მთავარი ექიმის თქმით, მშობლებს ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა შესთავაზეს, შემდგომში მისი ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის პირობით, თუმცა, ამ შეთავაზებაზე მშობლებმა უარი უთხრეს.

მსგავსი ფაქტები არ არის ერთეული შემთხვევები ცხინვალის რეგიონში. ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობის ხარისხი მაღალია, რის გამოც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, არა მარტო ეთნიკურად ქართველები, მკურნალობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობენ. თუმცა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხშირია პაციენტების დაგვიანებით ტრანსპორტირების შემთხვევები, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება. ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნებისთვის ვიზიტი თბილისის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად განიხილება, მაგრამ სხვა ალტერნატივის არარსებობის პირობებში, დე ფაქტო ხელისუფლება იძულებულია მსგავს ფაქტებს შეეგუოს. მათი აზრით, „თბილისში სამკურნალოდ წასვლა“ „ეროვნული უსაფრთხოების“ საკითხიც არის და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, რაც ადგილობრივ დონეზე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას და რუსეთში მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

ინალ ჯაბიევის საქმე - ახალი დაკავება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურამ დე ფაქტო შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს ყოფილი უფროსი ჯუმბერ ბიბილოვი დააკავა. ინალ ჯაბიევის საქმე ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისთვის შავი ლაქა იყო, რამაც მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა. ჯაბიევის საქმის ხელახლა გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სისხლის სამართლის საქმის ხუთი მონაწილე უკვე დაკავებულია. ინალ ჯაბიევი 2022 წლის 28 აგვისტოს ადგილობრივი ძალოვანების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მას დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

გაძვირებული ტარიფები

2023 წლის 1 იანვრიდან რუსმა მიმწოდებლებმა გაზისა და ელექტროენერგიის ფასი გაზარდეს, რის გამოც აუცილებელი გახდა ცხინვალის რეგიონში მომხმარებლებისთვის ტარიფების გადახედვა. აღნიშნულ საკითხზე დე ფაქტო მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საკითხის განხილვა მიმდინარე წლის მეორე კვარტლამდე გადადონ და მოსახლეობისთვის ფასები უცვლელი დატოვონ. ამ ეტაპზე გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი მხოლოდ ორგანიზაციებისთვის გაიზრდება.