ყოველთვიური მიმოხილვა

„ბორდერიზაცია” ცხინვალის რეგიონში: 2022 წლის მიმოხილვა

2023 / 02 / 20

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის განმავლობაში საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში „ბორდერიზაციის” 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა კი, გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.

გასულ წელს „ბორდერიზაცია” განხორციელდა შემდეგი სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე: 

  • ირი (ონის მუნიციპალიტეტი)
  • კნოლევი, დვანი, ატოცი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
  • ყარაფილა, საკორინთლო (კასპის მუნიციპალიტეტი)
  • კირბალი, მერეთი, ზარდიაანთკარი, ხურვალეთი, ქვეში, ზემო არცევი (გორის მუნიციპალიტეტი) 

ბორდერიზაციისპროცესის დინამიკა 

შემთხვევების სიმრავლისა და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით ივლისი გამოირჩეოდა. აღნიშნულ თვეში „ბორდერიზაციის“ 3 ფაქტი დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში, არცევსა და ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ირში. სხვა თვეების განმავლობაში „ბორდერიზაციის“ პრეცედენტი ერთხელ ან ორჯერ ხდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში, აპრილსა და აგვისტოში არც „ბორდერიზაციის“ ფაქტი დაფიქსირებულა და არც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ შეინიშნებოდა „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული რაიმე ტიპის საქმიანობა. ამგვარი პაუზა, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდებოდა და შეიძლება აიხსნას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების რაოდენობისა და საქმიანობის შემცირებით.

ბორდერიზაციის დინამიკა თვეების მიხედვით
 

ე.წ. შიშის და ბრმა ზონები

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თითქმის მთელ მონაკვეთზე, არსებობს „შიშის ზონები“. ტერიტორიის ამგვარი სეგმენტი „ბორდერიზაციის“ პროცესის დასაწყებად ხელსაყრელ წინაპირობას ქმნის. 2022 წლის განმავლობაში, იმ სოფლების უმეტესობაში, სადაც „ბორდერიზაცია“ დაფიქსირდა, ოკუპირებული  ტერიტორიის ნაწილი გეოგრაფიული თვალსაზრისით იმგვარად არის შემოჭრილი, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის „შიშის ზონებს“, ანუ ისეთ ტერიტორიას, რომელსაც თეორიულად აკონტროლებს ქართული მხარე, თუმცა მოსახლეობა თავს იკავებს აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება-საქმიანობისგან, რადგან საოკუპაციო ძალების მიერ მათი უკანონოდ დაკავების მაღალი რისკი არსებობს. „შიშის ზონებს“ ვხვდებით: სოფ. კნოლევში, დვანში, ატოცში, ყარაფილაში, საკორინთლოში, კირბალში, ზარდიაანთკარსა და ხურვალეთში.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მაღალმთიან ნაწილში, სახეზე გვაქვს პირობითი კლასიფიცირების მეორე სახე - „ბრმა ზონები“. საოკუპაციო ხაზის მაღალმთიანმა მონაკვეთმა საოკუპაციო რეჟიმისთვის განსაკუთრებული დატვირთვა 2021 წლის ნოემბერში  შეიძინა, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტის „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ“ „ახალი რუკები“ დაამტკიცა. აღნიშნული რუკების მიხედვით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრებში ტერიტორიის დამატებით 200 კვ.კმ ფართობია მოქცეული. საუბარია ძირითადად ონისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლებზე, მათ შორის სოფ. ირზეც, სადაც გასულ წელს „ბორდერიზაციის“ ორი ფაქტი დაფიქსირდა. „ახალი რუკებით“ გათვალისწინებულ ტრაექტორიას მიუყვებოდა ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულს მიმდინარე ტყის სწორხაზოვანი ჩეხვის კვალიც. აღნიშნულ ტერიტორიას „ბრმა ზონად“ ის გარემოება აქცევს, რომ აქ არა მხოლოდ მოსახლეობას არ უხდება გადაადგილება და საქმიანობა, რელიეფის თავისებურების გამო, არამედ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ამ მონაკვეთზე პატრულირება შესაბამისი უწყების მიერ არ ხორციელდება, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის  ამ მონაკვეთზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვებას და მისი დინამიკის მონიტორინგს.

„ბორდერიზაციის“ ფაქტები

­­­გასული წლის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის ადგილმონაცვლეობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ორ შემთხვევაში: 19 იანვარს სოფ. კირბალში და 1-ელ ოქტომბერს სოფ. ყარაფილაში მომზადდა ნიადაგი „ბორდერიზაციის“  სამომავლო ტალღისთვის - სოფ. კირბალში თეთრი ლენტებით მოინიშნა პერიმეტრი, სოფ. ყარაფილაში კი გაივლო ხანძარსაწინააღმდეგო ხნული. სხვა შემთხვევებში ძირითადად შეინიშნებოდა უკვე არსებული „სასაზღვრო კონსტრუქციების“ შეკეთება/განახლება ან უკვე დემარკირებულ „საზღვარზე“ ფიზიკური ბარიერების აღმართვა.

7 იანვრი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა დავით ქაცარავამ პატრულირებისას საოკუპაციო ძალების ახალი აქტივობის კვალი აღმოაჩინა რაჭაში, კვაისა-ირის გზაზე. იგი აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა  მავთულხლართები განაახლეს.

19 იანვარი

სოფ. კირბალში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის ,,საზღვარი” გადმოკვეთეს და  თეთრი ლენტებით მონიშნეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე პერიმეტრი.

20 თებერვალ

სოფ. მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკვე არსებულ მავთულხლართებზე ბოძები დაამონტაჟეს.

მაისი-ივნისი

სოფ. ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზის ოსურ მხარეს 700 მეტრიან მონაკვეთზე „სასაზღვრო ნაგებობები“დამონტაჟდა.

18-19 ივნისი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინფრასტრუქტურა განათავსეს სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ადგილობრივების ვარაუდით, საოკუპაციო ძალების აქტივობა ახალი სათვალთვალო კოშკის ასაგებად იყო გამიზნული, თუმცა საინტერესოა ნაგებობის სპეციფიკა. იგი უფრო მეტად წააგავს 2021 წლის მაისში, ამავე ადგილას, სპეციალური სამხედრო სწავლების ფარგლებში  განთავსებულ პორტატიულ თანამგზავრულ რადიოსადგურს, ვიდრე საგუშაგოს.

8 ივლისი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპირებულ დაბა კვაისაში (დაბა სოფ. ირის მიმდებარედ) საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართი განაახლეს, მოძრაობის დეტექტორი დაამონტაჟეს და იქვე მდებარე ოპერატიული ბაზის ირგვლივ ტერიტორია გაასუფთავეს.

14-30 ივლისი

ივლისის მეორე ნახევარში სოფ. ზემო არცევში ახალი მავთულხლართი გაივლო. შედეგად სოფლის მონაკვეთი სრულად შეიღობა.

16-23 ივლისი

სოფ. ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი საგუშაგო დაამონტაჟეს.

19 სექტემბერი

თვითმხილველების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა სამხედროებმა სოფ. ქვეშში „სასაზღვრო ღობის“ დამონტაჟების 2021 წელს დაწყებული სამუშაოები განაახლეს.

30 სექტემბერ

სოფ. კნოლევში, რომელიც ოკუპირებულ სოფლებს - ქვემო ოქონასა და ხაბელაანს ესაზღვრება,  უკანონოდ დაამონტაჟეს მეტალის ბოძები და გააბეს მავთულხლართი. სოფ. კნოლევში „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისთვის ნიადაგი 2021 წლის მაისში მომზადდა, მაშინ როდესაც აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაივლო.

1-ლი ოქტომბერი

სოფ. ყარაფილას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს.

7 ოქტომბერ

საოკუპაციო ძალებმა, სოფ. დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და გააბეს მავთულხლართი. „ბორდერიზაციის“ აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

11 ნოემბერი

საოკუპაციო ძალებმა სოფ. ატოცის მიმდებარედ „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს - დაამონტაჟეს მეტალის ახალი კონსტრუქციები და განაახლეს მავთულხლართი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

30 ნოემბერი

სოფ. საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ განცხადებით, პროცესი „კანონმდებლობის შესაბამისად“ მიმდინარეობს და მისი მიზანი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოსახლეობის დაცვაა.

17 დეკემბერი

სოფ. საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების კონსტრუქცია დაიდგა. მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განმარტებით, კონსტრუქცია რადიო-ელექტრონული სადაზვერვო მანქანის სპეც. სადგომია.