ყოველთვიური მიმოხილვა

2022 წელი: უკანონო დაკავებების ქრონოლოგია

2023 / 02 / 23

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წელი უკანონო დაკავებების კუთხით აქტიური აღმოჩნდა. შემთხვევების სიმრავლით ნოემბერი გამოირჩეოდა, თებერვალში, მაისსა და ივლისში კი - უკანონო დაკავების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

შემთხვევების ძირითადი ნაწილი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მოქალაქეებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულების დროს აკავებდნენ, რომლებიც უახლოეს სამხედრო ბაზაზე ან პირდაპირ ცხინვალის ციხეში გადაჰყავდათ. ბრალდებები ძირითადად ე.წ. საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთას ეხებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეები ნამდვილად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს და დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქ დარჩენილი ნათესავებისა და ოჯახის წევრების სანახავად გადადიონდნენ, თუმცა ამგვარი შემთხვევები მას შემდეგ შეწყდა, რაც 2022 წლის აგვისტოდან ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების პერიოდული გახსნის რეგულარული პრაქტიკა დაინერგა. 

სამართალწარმოებისთვის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს იყენებს. უკანონოდ დაკავებულებს ძირითადად „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ასამართლებენ, რასაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი შეესაბამება. გასულ წელს 322-ე მუხლთან ერთად შედარებით უფრო მძიმე „დანაშაულიც“ ფიგურირებდა -  დივერსიის მცდელობის ბრალდება ლევან მაჩაბელის შემთხვევაში. დივერსიას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლი შეესაბამება.

2022 წელს ახალი ამბების ვებ-გვერდის, „Netgazet“-ის ინფორმაციით, რომელმაც სტატისტიკა ევროკავშირის მონიტორინგის მისიიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა. ცხინვალის რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ 42 მოქალაქე დააკავეს, აქედან საზოგადოებისთვის ცნობილი 17 დაკავებული მოქალაქის შესახებ გახდა.

დაკავების შემთხვევების სიხშირის თვალსაზრისით საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის მონაკვეთი გამოირჩეოდა, თუმცა მოქალაქეებს საჩხერის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების მონაკვეთებზეც აკავებდნენ.

20 თებერვლის მდგომარეობით ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 3 მოქალაქე რჩება: მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ლაშა ხეთერელი.  

უკანონო დაკავებების ქრონოლოგია

5 იანვარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანის მკვიდრი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა 5 იანვარს მეექვსედ დააკავეს. იგი ცხინვალის ციხიდან 2021 წლის 17 ივნისს, 1 წლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია ხეთერელი პერიოდულად ცხინვალში მცხოვრებ ახლო ნათესავებს სტუმრობს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დაადასტურა. ხეთერელი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება.

22 იანვარი

საოკუპაციო რეჟიმის „მესაზღვრეებმა“ 22 იანვარს ცხინვალთან ახლოს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებნისის მკვიდრი, ლევან მაყაშვილი დააკავეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, „საზღვრის დამრღვევს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ უბიძგა გამოუვალმა მდგომარეობამ, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის არარსებობამ და დაუსაქმებლობამ“. „კომიტეტის“ განცხადებით, მაყაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 24 იანვარს ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდის გარეშე გადასცეს.

26 მარტი

საოკუპაციო ძალებმა 26 მარტს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და 2008 წლის ომის მონაწილე ლევან მაჩაბელი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქერეს მიმდებარედ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მაჩაბელს დივერსიის მცდელობაშიც ადანაშაულებდა.  იგი 2022 წლის 18 აგვისტოს გათავისუფლდა.

5 აპრილი

საოკუპაციო ძალებმა  5 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალუბნის მკვიდრი გიორგი ქუჯოშვილი სოფ. აძვში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. იგი 9 სექტემბერს 5 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

19 აპრილი

გასული წლის 9 დეკემბერს ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი 19 აპრილს ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს.

25 აპრილი

25 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართულ მხარეს გადმოეცა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა, თუმცა დაკავების ზუსტი თარიღი და გარემოებები სუს-ს არ დაუკონკრეტებია.

ივნისი (ზუსტი თარიღი უცნობია)

ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) მიერ 16 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს მოქალაქის, ინიციალით „მ“-ს, დაკავების შესახებ. საქართველოს მოქალაქე „მ“-ს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, თუმცა, იგი 10 000 რუსული რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ დაკავებული ქალი იყო.

ივნისი (ზუსტი თარიღი უცნობია)

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, თუმცა დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია IPRM-ის 108-ე შეხვედრამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა. კალაშნიკოვი 27 სექტემბერს, დაკავებიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

27 ივლისი

27 ივლისს აშშ-ს მოქალაქე 22 წლის ფრენკ იანეზი საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. იგი დაახლოებით ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ 24 აგვისტოს გაათავისუფლეს

23 აგვისტო

საოკუპაციო რეჟიმმა 23 აგვისტოს უკანონოდ დააკავა თურქმენეთის მოქალაქე რაზგელდი ჩოლიევი და თურქეთის მოქალაქე თოლგა დემირი. დაკავების ფაქტი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარასთან (ესაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთს)  მოხდა. დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების სახით 6 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. 

14 სექტემბერი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მკვიდრი გელა იობაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 14 სექტემბერს უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადების მიხედვით, დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი არ ამოქმედებულა, შესაბამისად ფაქტის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია დაგვიანებით - 22 სექტემბერს მიიღო. მისივე ცნობით, იობაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი უკანონო პატიმრობა შეუფარდა, თუმცა რეალურად იგი 2023 წლის 6 თებერვალს, 5 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.

19 ოქტომბერი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. მისი გათავისუფლება დაკავებიდან მეორე დღეს, 20 ოქტომბერს მოხერხდა

1-ლი ნოემბერი

1-ელ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს 3 მოქალაქე: ვლადიმერ ჯოხაძე, მალხაზ ტიელიძე და არასრულწლოვანი დ. გ. უკანონოდ დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავების მომენტში ისინი სანადიროდ იმყოფებოდნენ. არასრულწლოვანი ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმმა 3 ნოემბერს გაათავისუფლა, ჯოხაძისა და ტიელიძის გათავისუფლება კი 4 ნოემბერს მოხერხდა.

24 ნოემბერი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. არცევის მიმდებარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელაშვილი უკანონოდ დააკავა. იგი ცხინვალის ციხეში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, 1-ელ დეკემბერს კი  იგი ქართულ მხარეს გადმოსცეს.

18 დეკემბერი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მკვიდრი მანუჩარ გულიტაშვილი თევზაობისას, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს სოფლის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. იგი დაკავებიდან 3 დღეში, 21 დეკემბერს გაათავისუფლეს.