გამოცემა: N50 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
მარია ზახაროვას განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ორმხრივი კავშირების განვითარებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების რუსეთისადმი მხარდაჭერა სანდო სამოკავშირეო ურთიერთობის კარგ მაგალითს წარმოადგენს. ზახაროვას თქმით, რუსეთი რჩება ოკუპირებული რეგიონების მთავარ სავაჭრო პარტნიორად, რაც გამოიხატება მათ ფინანსურ მხარდაჭერასა და საინვესტიციო პროგრამების განხორციელებაში.
ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, 19 თებერვალს, შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს, რომელიც საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ბჟანიას წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე უსაფრთხოების ჭრილში ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, 24 თებერვალს ბჟანია შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვსა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ნოვაკს. ნოვაკი მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის, გაზიფიცირებისა და ინვესტიციების დაცვის საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
„სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა
8 თებერვალს მოსკოვში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა. დე ფაქტო მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ხოლო რუსეთის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ნოვაკი იყო. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდასაჭერად გამიზნული რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„სამთავრობათაშორისო კომისიას“ ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, ძამბოლატ ტადტაევი. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განხილული საკითხები რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას შექმნის.
ტადტაევი ასევე წარსდგა მოხსენებით, რომელიც შეეხებოდა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს ჩატარებული ღონისძიებების შეჯამებას. საყურადღებოა, რომ 2023 წელს რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესრულების ხარისხის ექსპერტიზას ჩაატარებს.
შეხვედრის შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯამში, 2023 წელს რუსეთი ცხინვალს დაეხმარება 6 მლრდ რუბლით. დაფინანსება დაფარავს „რესპუბლიკის“ ძალოვანი სტრუქტურების ხარჯების ნაწილს, „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების ნაწილსა და სხვა „სახელმწიფო“ ხარჯებს.
„სამთავრობათაშორისო კომისიას“ ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ოლეგ გაგლოევიც. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოხელეებისთვის“ დაიგეგმება ხელფასების მატება.
შეხვედრა ნოვაკმაც შეაფასა. მისი თქმით, რუსული ბანკები მზად არიან მეწარმეებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პროექტებს განახორციელებენ, 2 მლრდ რუბლის კრედიტი მისცენ. შეხვედრაზე დამტკიცდა 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ წლებში დე ფაქტო რესპუბლიკაში 46 პროექტის რეალიზებას. ამისათვის გამოყოფილია 3.5 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 47 ათასი აშშ დოლარი).
აფხაზური და ოსური პროდუქციის გამოფენა მოსკოვში
მოსკოვში, საგამოფენო ცენტრში - „ექსპოცენტრი“ გაიმართა დიდი გამოფენა - „პროდექსპო“, რომელიც წარმოადგენს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ წარმოებული საკვები პროდუქციისა და სასმელების გამოფენას.
რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის, თეიმურაზ გოგინოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალს თავისი პროდუქციით წარმოადგენდა ორი კომპანია - „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“ (მდებარეობს ოკუპირებულ ახალგორში) და „მეღვინეობა ირონსანი“.
„ლუდსახარშმა“ წარადგინა ორი ტრადიციული, ღია ფერის, ერთი კი შავი ლუდის სახეობა შემდგომი სავაჭრო ნიშნებით - „Iryston“, „Border star“ და „Alano-va“, „მეღვინეობა ირონსანმა“ კი - ღვინის რამდენიმე სახეობა.
ოკუპირებულ ცხინვალში წარმოებული პროდუქცია უკვე მეხუთე წელია რაც „პროდექსპოს“ გამოფენაზე იგზავნება. „ირონსანისთვის“ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, „ლუდსახარშისთვის“ კი ეს დებიუტია.
გამოფენას ეწვია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რომელიც „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრისთვის მოსკოვში იყო ჩასული.
გამოფენაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა წარადგინა ღვინის კომპანიამ - „აფხაზეთის ღვინო და წყლები“.
შეხვედრა შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორთან
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი, ვალერი გაზაევი ცხინვალის რეგიონში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს, ვასილი შეპელევს შეხვდა. 2019 წლის 10 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად „უწყებებმა“ ერთმანეთს უნდა გაუზიარონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც შსს-ს კომპეტენციაში შედის. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სწორედ ამ საკითხს და „უწყებათა“ შორის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას.
შეხვედრა რუსეთის ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელთან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბესლან ჯოპუა შეხვდა რუსეთის ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ანტონ შალაევს. შეხვედრაზე „უწყებათა“ ურთიერთანამშრომლობისა და საერთო სტანდარების დამკვიდრების აუცილებლობის საკითხი განიხილეს. შალაევის განცხადებით, „უწყებათა“ შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განვითარებას.
ერთიანი საბაჟო ტარიფი
რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვარზე საბაჟო ტარიფი და საბაჟო მოსაკრებელი რუსეთისა და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრ ქვეყნებში არსებული ტარიფის იდენტური იქნება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთისა და დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ ბულავინმა და მურატ ცხოვრებოვმა. პროტოკოლს 3-წლიანი ვადა აქვს და შესაძლებელია ამავე პერიოდით მისი ავტომატური გახანგრძლივება.