ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 03 / 01

გამოცემა: №23 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 14 თებერვლიდან მოსკოვში იმყოფებოდა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვსა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს. ნოვაკი მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის, გაზიფიცირებისა და დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების დაცვის საკითხი. გარდა ამისა, შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი ვოლვაჩთან. ვოლვაჩი სამინისტროში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ახალი, 2023-2025 წლების რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის შესრულების მონიტორინგი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების თანადაფინანსების საკითხზე, რასაც, დე ფაქტო მთავრობასთან ერთად, რუსეთი უზრუნველყოფს.

ვიზიტი თათრეთის რესპუბლიკაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით თათრეთის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას გაცნობითი სახის ექსკურსია ჩაუტარდა „კამაზ“-ის საავტომობილო ქარხანაში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა თათრეთის რესპუბლიკის გამოცდილების შესწავლას. სტუმრებს რესპუბლიკის მეთაურმა, რუსტამ მინიხანოვმაც უმასპინძლა.

ფულადი ტრანზაქციები

ე.წ. აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა - „Банк Абхазии“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2022 წელს აფხაზეთის საბანკო სისტემის მეშვეობით გატარებულმა ტრანსასაზღვრო ფულადმა ბრუნვამ  123.7 მლრდ რუბლი (დაახლ. 1 მლრდ 650 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს ოდენობა გაზრდილია 27%-ით.

აფხაზური ღვინო მოსკოვში

მოსკოვში, საგამოფენო ცენტრში - „ექსპოცენტრი“ გაიმართა დიდი გამოფენა - „პროდექსპო“, რომელიც წარმოადგენს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ წარმოებული საკვები პროდუქციისა და სასმლის გამოფენას. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას თავისი პროდუქციით ღვინის კომპანია „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ წარმოადგენდა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

ერთიანი საბაჟო ტარიფი

რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვარზე საბაჟო ტარიფი და საბაჟო მოსაკრებელი რუსეთისა და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრ ქვეყნებში არსებული ტარიფის იდენტური იქნება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ ბულავინმა და მურატ ცხოვრებოვმა. პროტოკოლი 3 წლის ვადით მოქმედებს ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით.

„სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა მოსკოვში

8 თებერვალს მოსკოვში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა. დე ფაქტო მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ხოლო რუსეთის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ნოვაკი იყო. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდასაჭერად გამიზნული რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნოვაკის თქმით, რუსული ბანკები მზად არიან მეწარმეებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პროექტებს განახორციელებენ, 2 მლრდ რუბლის კრედიტი მისცენ. შეხვედრაზე დამტკიცდა 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ წლებში დე ფაქტო რესპუბლიკაში 46 პროექტის რეალიზებას. ამისათვის გამოყოფილია 3.5 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 47 ათასი აშშ დოლარი).

ვალი რუსული ელექტროენერგიისთვის

2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას, რუსეთიდან შეძენილი ელექტროენერგიისთვის 527 მლნ რუსული რუბლის (დაახლ. 7 მლნ აშშ დოლარი) ვალი დაუგროვდა. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, ძამბოლატ ტადტაევის განცხადებით, ვალის დაფარვა 2025 წლამდე უნდა მოხდეს. ტადტაევის თქმით, ამჟამად დე ფაქტო მთავრობას მხოლოდ 232 მლნ რუსული რუბლის (დაახლ. 3 მლნ აშშ დოლარი) გადახდის საშუალება აქვს. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ 2022 წელს ელექტროენერგიის გადასახადის მოსახლეობისგან აკრეფამ შეადგინა 68% და 2021 წელთან შედარებით, შემცირდა 1%-ით. სწორედ ამიტომ, ტადტაევმა მოუწოდა მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა მოიცავს ახალ, ელექტროენერგიის ავტომატიზირებულ აღრიცხვის სისტემის მონტაჟსაც.

ოსური პროდუქცია მოსკოვში

რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის, თეიმურაზ გოგინოვის განცხადებით, მოსკოვში, საგამოფენო ცენტრში - „ექსპოცენტრი“ გამართულ დიდ გამოფენაზე - „პროდექსპო“, ოკუპირებულ ცხინვალს თავისი პროდუქციით წარმოადგენდა ორი კომპანია - „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“ (მდებარეობს ოკუპირებულ ახალგორში) და „მეღვინეობა ირონსანი“.

„ლუდსახარშმა“ წარადგინა ორი ტრადიციული, ღია ფერის, ერთი კი შავი ლუდის სახეობა შემდგომი სავაჭრო ნიშნებით - „Iryston“, „Border star“ და „Alano-va“. „მეღვინეობა ირონსანმა“ კი, თავის მხრივ, ღვინის რამდენიმე სახეობა.

ოკუპირებულ ცხინვალში წარმოებული პროდუქცია უკვე მეხუთე წელია რაც „პროდექსპოს“ გამოფენაზე იგზავნება. „ირონსანისთვის“ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, „ლუდსახარშისთვის“ კი ეს დებიუტია.

გამოფენას ეწვია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რომელიც „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრისთვის მოსკოვში იყო ჩასული.