ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 03 / 01

გამოცემა: N5 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში: ვის შეხვდა და ვის ვერ შეხვდა ბჟანია

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანიას ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ლაკონურად ეწერა, რომ იგი შეხვედრებს გამართავდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი შეხვედრების შესახებ პირველი ინფორმაცია მხოლოდ 19 თებერვალს გავრცელდა, რომ იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს შეხვდა, რომელიც საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. მოსკოვში კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ბჟანია რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა.

ბჟანიას მოულოდნელმა ვიზიტმა მოსკოვში აფხაზურ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვები მისი ვიზიტის რეალური მიზნების შესახებ. აფხაზეთში ეჭვობდნენ, რომ მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების წლისთავზე აფხაზეთის შეერთების ან სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ განცხადებას გააკეთებდა. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსი ვაჭრობის საგანი ვერ გახდებოდა. ამის საპასუხოდ 19 თებერვალს ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ბჟანია ვიზიტის დროს აფხაზეთის სტატუსის საკითხის განხილვას აპირებდა.

იყო მოლოდინი, რომ ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიღებდა, რადგან კრემლმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განაცხადა. საბოლოო ჯამში, მოსკოვში ხანგრძლივი ვიზიტის პერიოდში ბჟანია არც პუტინს შეხვედრია და არც პუტინის ადმინისტრაციაში მისი შეხვედრების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია.

ბელარუსში ვიზიტი „პრეზიდენტის“ სტატუსით

ბჟანიას მოსკოვში სტუმრობა თავისი მნიშვნელობით გადაფარა მისმა ბელარუსში ვიზიტმა. 21 თებერვალს, მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვალს ბჟანია მოსკოვიდან მინსკში ჩავიდა, სადაც მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უმასპინძლა. ეს ბჟანიასა და ლუკაშენკოს უკვე მეორე შეხვედრაა. პირველი ბიჭვინთაში, 2022 წლის 28 სექტემბერს შედგა, როდესაც ასევე მოულოდნელად ლუკაშენკო სოჭიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა. საინტერესოა, რომ ამჯერად ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე, პირველი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, ბჟანია „პრეზიდენტის“ სტატუსით არის მოხსენიებული. თუმცა, ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრის კადრებს შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, მათ შეხვედრას ვერ ვუწოდებთ თანასწორუფლებიან მხარეებს შორის შეხვედრას (იხ. სურათი ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდიდან).

ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა ასლან ბჟანიასთან

შეხვედრას აფხაზური მხრიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ბელარუსის მხრიდან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიქტორ შეიმანი ესწრებოდნენ.

ბელარუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ორმხრივი თანაშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ბჟანიამ მინსკში ვიზიტის ფარგლებში ტრაქტორის ქარხანა, სამრეწველო ჰოლდინგი „ჰორიზონტი“ და მაღალი ტექნოლოგიების პარკიც მოინახულა. ვიზიტის შედეგად, აფხაზეთში ბელარუსის მოქალაქეების უვიზო ყოფნის ვადები 30 დღემდე გაიზარდა. ბჟანიას თქმით, ასევე შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც აფხაზური პროდუქტების ბელარუსისთვის მიწოდების შესაძლებლობა შეიქმნება. ასევე შეთანხმდნენ, რომ მაღალი ტექნოლოგიების პარკში კვალიფიკაციას აფხაზებიც აიმაღლებენ.

ბჟანიას მინსკში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც დაგმობილია „ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან“. ამის საპასუხოდ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობის ყველა ძალისხმევის, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა დამაჯერებლად მიდის საერთაშორისო კავშირების გაფართოების გზაზე.“

ლუკაშენკოს მორიგი შეხვედრა ბჟანიასთან აშკარად მიუთითებს, რომ მოსკოვი მინსკისგან ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ითხოვს. ბელარუსის მზარდი იზოლაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების პირობებში ლუკაშენკო იძულებულია, მოსკოვის ზეწოლის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთთან სხვადასხვა დონეზე ურთიერთობები განავითაროს. თუმცა, ამავე დროს, მისი განცხადებები თუ ბჟანიასთან შეხვედრების ფორმატი მიუთითებს, რომ ლუკაშენკო ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი მაქსიმალურად გაახანგრძლივოს.

აპარტ-ოტელები
10 თებერვალს  ასლან ბჟანია საგანგებოდ შეხვდა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და მათ აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობის საკითხზე ესაუბრა. ბჟანია, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ფინანსური დახმარების შემცირების პირობებში, აღნიშნული იდეის განხორციელების დადებით მხარეებზე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს. ტურისტული დარგის განვითარებისთვის პერსპექტიულად მიიჩნევს აპარტ-ოტელების მშენებლობას დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბაც. მისი აზრით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება. ხიშბამ აფხაზური ტურიზმისთვის კონკურენტებად თბილისი და ბათუმიც მოიყვანა. მისი შეფასებით, თბილისს დღეს ევროპის საუკეთესო ქალაქებს ადარებენ, საქართველოს ტურისტულ ცენტრ ბათუმს კი - პალერმოს, რომელიც უიკენდებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება.

აღნიშნული საკითხი საყოველთაო განხილვის საგანია და კანონპროექტს „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეების არგუმენტია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენა შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარის შემცვლელი იყოს. აფხაზეთში განსაკუთრებით უფრთხიან უცხოეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების (მიწის, სახლების) შეძენის უფლების მიცემას, რადგან შიშობენ, რომ უცხოეთში, განსაკუთრებით რუსეთში, მათზე შეძლებული ადამიანები, ადგილობრივებთან შედარებით მეტ ფინანსურ რესურსებს ფლობენ, რაც მათ აფხაზებთან შედარებით უძრავი ქონების შესყიდვის დროს უპირატესობას მიანიჭებს.

აპარტ-ოტელების იდეა დე ფაქტო ხელისუფლების „ინოვაციად“ მიაჩნიათ, რომელიც ცდილობს შექმნილ ვითარებაში გამოსავალი იპოვოს და საკანონმდებლო მანიპულაციის გზით, უცხოელებს (ამ შემთხვევაში იგულისხმება რუსეთის მოქალაქეები) აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების შეძენის უფლება მისცენ. აპარტ-ოტელების გაყიდვის მიზანი ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივით მართლდება. თუმცა, აპარტ-ოტელების იდეა რეალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესყიდვის უფლების მიცემას ითვალისწინებს, რის წინააღმდეგაც გამოდიან ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები.

ბრძოლა ანტირუსულ განწყობებთან

აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გაღვივების მიზანმიმართული მცდელობები, სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირი საფრთხეა, მიაჩნიათ დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სამსახურის „ხელმძღვანელი“ რობერტ კიუტის განცხადებით, „საინფორმაციო სივრცეში ვრცელდება თემები, რასაც თან ახლავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობა, რომლის აზრიც გამოიხატება ანტირუსული და შესაბამისად დესტრუქციული რიტორიკის გავრცელებაში“. კიუტის შეფასებით, გარე მტრული ძალები ცდილობენ გამოიყენონ თითქოს საზოგადოებაში არსებული ანტირუსული განწყობები. მისი თქმით, „სახელმწიფო სამსახურები“ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებენ იმ პირების მიმართ, რომლებიც ანტიაფხაზურ პროექტებს ახორციელებენ. კიუტმა მსგავსი განცხადებები ინალ არძინბასთან ერთად დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. მსგავსი განცხადებების გაკეთების აუცილებლობა, როგორც ჩანს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც აფხაზურ საზოგადოებაში გაისმის კრიტიკა „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის თუ უძრავი ქონების უცხოელებისთვის შესყიდვის უფლების მინიჭების საკითხზე.

საკადრო ცვლილება და ბრძოლა „მაინერებთან“

1 თებერვალს თანამდებობა დატოვა „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტრომა ზურაბ ბაღაფშმა. მსგავსი საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისია, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებით გამწვავდა და წელსაც დე ფაქტო რესპუბლიკა პრობლემებით ხვდება. ენერგოკრიზისი გამოწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო წლებში კრიპტოვალუტის წარმოებაა. თებერვალში ამ მხრივ დე ფაქტო მთავრობა განსაკუთრებით აქტიურობდა. დე ფაქტო მთავრობაში კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლო შტაბიც ფუნქციონირებს, რომელიც 8 და 20 თებერვალს შეიკრიბა და ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღკვეთასთან ბრძოლის შუალედური შედეგები განიხილა. დე ფაქტო მთავრობის განკარგულებით დაწყებულია უკანონოდ დამონტაჟებული ტრანსფორმატორების დემონტაჟი და კრიპტოვალუტის აპარატურის ჩამორთმევაც.

ფორუმი „Global Abkhazia

სოხუმში ფორუმის „Global Abkhazia“ ჩასატარებლად ემზადებიან. ორგანიზატორი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროა და ღონისძიება დე ფაქტო სამინისტროს დაარსების 30 წლისთავს მიეძღვნება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები გაიმართება: გეოპოლიტიკა და დიპლომატია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, თანამედროვე მედია. ასევე ჩატარდება სესიები გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით.

„საზოგადოებრივი პალატის“ ახალი შემადგენლობა

20 თებერვალს ბჟანიას ბრძანებით „აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის“ 13 ახალი წევრი დაამტკიცეს. მე-5 მოწვევის პალატის წევრების უფლებამოსილებას ვადა 20 თებერვალს გაუვიდა. „საზოგადოებრივი პალატა“ 2007 წელს დაარსდა და იგი „პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონსულტაციო ორგანოა“. მისი 35 წევრიდან 13-ს ნიშნავს დე ფაქტო პრეზიდენტი, 11-ს წარადგენენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და 11-ს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები.

ცხინვალის რეგიონი

არშემდგარი შეხვედრა პუტინთან

22 თებერვალს დაგეგმილი იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა როგორც წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, გაგლოევი კორონავირუსით დაავადდა და შეხვედრა გადაიდო. საინტერესოა, რომ გაგლოევი 2022 წლის მაისში „პრეზიდენტად“ არჩევის შემდეგ არ შეხვედრია პუტინს, რის გამოც მას მოწინააღმდეგეები აკრიტიკებდნენ.

ვიზიტი წნელისში

2023 წლის 2 თებერვალს ალან გაგლოევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფ. წნელისის მონაკვეთი მოინახულა და „მესაზღვრეებს“ პროფესიული დღეც მიულოცა. წნელისის ე.წ. კრიზისი გაგლოევის წინამორბედ, ანატოლი ბიბილოვის სახელს უკავშირდება. ბიბილოვს ბრალს სდებდნენ, რომ მისი უნიათობის გამო, ქართულმა მხარემ სოფ. წნელისის სიახლოვეს საპოლიციო საგუშაგო გახსნა, რითაც ოსურ მოსახლეობას დღემდე საფრთხე ექმნება. გაგლოევის მსგავსი ვიზიტი ბიბილოვთან პოლიტიკური ბრძოლის ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან ბიბილოვი თავისი ქმედებებით პოლიტიკური რევანშისთვის ემზადება.

ალან გაგლოევის ვიზიტი სოფ. წნელისში

რამდენ მლრდ რუბლს მიიღებს ცხინვალის რეგიონი?

8 თებერვალს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა გაიმართა. დე ფაქტო მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ალან გაგლოევი. შეხვედრაზე განიხილეს 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რუსეთი 3.5 მლრდ რუბლს გამოჰყოფს. პროგრამის ფარგლებში 46 პროექტი დაფინანსდება. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონის 2023 წლის „ბიუჯეტიც“ პრაქტიკულად რუსეთის მიერ ფინანსდება.