ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 03 / 04

გამოცემა: N19 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 28 თებერვალი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

გათავისუფლებული  მოქალაქეები

გელა იობაშვილის გათავისუფლება

6 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული წლის 14 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი გაათავისუფლეს და საქართველოს ცნეტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადმოსცეს. იობაშვილს დაკავებისას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მან უკანონო პატიმრობაში 5 თვე გაატარა.

ლაშა ხეთერელის გათავისუფლება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანის მკვიდრი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა 28 თებერვალს გაათავისუფლეს. ხეთერელი პერიოდულად ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ნათესავებს სტუმრობს, რის გამოც იგი უკვე მეექვსედ დააკავეს გასული წლის 5 იანვარს.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ხორვატიის დელეგაციის ვიზიტი სოფ. ოძისში

10 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ხორვატიის დელეგაციას უმასპინძლა, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელჩ გორდან გრლიჩ-რადმანის ხელმძღვანელობით. ტიბორ კოზმამ  დელეგაციას უსაფრთხოების ვითარება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააცნო. ვიზიტისას ასევე ისაუბრეს „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებებისა და გამშვები პუნქტების გაჭიანურებული ჩაკეტვის უარყოფით გავლენაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე საზოგადოების ცხოვრებაში. 

ხორვატიის დელეგაციის ვიზიტი. წყარო: eumm.eu

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის ვიზიტი ხურვალეთში

22 თებერვალს გორის მუნციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური სტეფანო ტომატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან ერთად ჩავიდა. მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე ისაუბრეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, სტეფანო ტომატიმ კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან ერთგულებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ საქართველოში.

 ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ვიზიტი. წყარო: eumm.eu