ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 04 / 01

გამოცემა: N51 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

 

 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და ოკუპირებული რეგიონები

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებებიდან ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის განვითარება. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, ამ ქვეყნების ხალხების საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ნებაყოფლობითი არჩევანის რეალიზებაში, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის გარღმავებას ითვალისწინებს.“

ალან გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან

2023 წლის 16 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2022 წელს გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ, ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პუტინთან.

გაგლოევმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მხარს უჭერს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში), მადლობა გადაუხადა პუტინს რეგიონის სრული გაზიფიცირების პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის და ცხინვალში მიიწვია „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.

ალან გაგლოევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. წყარო: kremlin.ru

გაგლოევის შეხვედრა კურატორებთან

2023 წლის 17 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. კოზაკი და ნურგალიევი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების კურატორები არიან.

კოზაკთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს: 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა.

ნურგალიევთან შეხვედრაზე გაგლოევმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ასლან ბჟანია რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის „ელჩს“, მიხაილ შურგალინს შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

უშიშროების საბჭოების 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლებში თანამშრომლობის გეგმას.

თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერა. წყარო: apsnypress.info

სერგეი შამბასა და ვიქტორ შარგაევის შეხვედრა

მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვიქტორ შარგაევს შორის. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შარგაევი 2014-2017 წლებში ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ბავშვთა ომბუდმსმენების შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბავშვთა ომბუდსმენი, მაკტინა ჯინჯოლია შეხვდა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს მარია ლვოვა-ბელოვას, რომლის დაკავებაზეც შემდგომში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა. შეხვედრაზე 2023 წლის გეგმები და დე ფაქტო რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა უფლებები განიხილეს. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ არასრულწლოვნებისთვის სოციალურ-სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებაზე, საკოორდინაციო, საერთო ჯგუფის შექმნაზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიებაზე ბავშვთა ჯანდაცვის სექტორის პრობლემების მოსაგვარებლად და ონლაინ-კონფერენციის ჩატარებაზე - „სახიფათო ონლაინ რესურსები“.

ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რესპუბლიკის მეთაურის, რადი ხაბიროვის ხელმძღვანელობით,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციის წევრები შეხვდნენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრს, კრისტინა ოზგანს და ე.წ. განათლების მინისტრს, ინალ გაბლიას. ხაბიროვს ასევე უმასპინძლა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც. სამუშაო ვიზიტი 2 აპრილამდე გასტანს.