გამოცემა: N52 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
ვიზიტები მოსკოვში
ასლან ბჟანიას ვიზიტი
18 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოებისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა აფხაზეთში საკურორტო სეზონზე რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხიც.
19 აპრილს კი ბჟანია რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
ასლან ბჟანიას შეხვედრა ანტონ სილუანოვთან
ინალ არძინბას ვიზიტი
6 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ბოგდანოვს. შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ამავე დღეს არძინბა რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრს, მაკსუტ შადაევსაც შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში IT პარკის მშენებლობის პერსპექტივა, მოკავშირე ქვეყნებიდან სპეციალისტების მოწვევის, რუსეთის წამყვან IT კომპანიებთან, როგორიცაა „იანდექსი“, „VK“ თანამშრომლობისა და სახელმწიფო სერვისების გაციფრულების საკითხები.
რწმუნებათა სიგელი ვლადიმერ პუტინს
5 აპრილს რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ელჩმა", ალხას კვიცინიამ კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ღონისძიებაზე პუტინმა აღნიშნა ოკუპირებულ აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და 15 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ და განაცხადა, რომ კრემლი გააგრძელებს დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.
რწმუნებათა სიგელის გადაცემა
დე ფაქტო შს მინისტრისა და რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების შსს-ს დელეგაციის შეხვედრა
6 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ მონაწილეობა მიიღო სოჭში გამართულ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების შსს-ს უწყებათაშორის ორმხრივ კომიტეტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კრასნოდარის მხარის, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერალური ტერიტორიის „სირიუსი“ შსს-ის წარმომადგენლები.
უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის, საზღვარზე დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციის ოპერატიული გადაცემის, დანაშაულის პრევენციისა და ერთობლივი ძალებით ღონისძიებების ჩატარების საკითხები.
კომიტეტების შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის შსს-ს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს დადებული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მოსკოვის მთავრობის ვიზიტი სოხუმში
13 აპრილს სოხუმის ე.წ. მერი ბესლან ეშბა მოსკოვის მერიის საგარეო ეკონომიკისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, იგორ ტკაჩს შეხვდა. შეხვედრას სოხუმში მდებარე „მოსკოვის სახლის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბიგვავაც ესწრებოდა. შეხვედრაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი განიხილეს.
დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში
19 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ეწვია. ვოლვაჩი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.
ვოლვაჩი დაესწრო შეხვედრას, რომელიც რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხებოდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საუკეთესო შვილები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მშვიდობასა და მომავალს“ და რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრა დიმიტრი ვოლვაჩთან
გარდა ამისა, გაიმართა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ვოლვაჩის შეხვედრაც, სადაც სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროს დელეგაციამ, ვოლვაჩის ხელმძღვანელობით, მოინახულა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც, კერძოდ, მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციისა და 150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის პროცესი.
დიმიტრი მედვედევი საქართველოსთან ომის შესახებ
24-26 აპრილს მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში გაიმართა მარათონი - „ცოდნა“. აღნიშნულ მარათონზე გარდა რუსეთის ცნობილი ადამიანებისა, ლექციებს კითხულობდნენ დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, ალექსანდრ ნოვაკი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები.
მარათონის მონაწილეებს ესაუბრა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევიც, რომელმაც პრეზიდენტობის წლები და საქართველოსთან ომი გაიხსენა. მისი განცხადებით, მისი პრეზიდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო „სამხედრო ოპერაციის ჩატარება საქართველოში, რათა საქართველო აეძულებინათ მშვიდობა მიეღო“. მედვედევი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ე.წ. 5 დღიან ომად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს იყო რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილება. მედვედევი გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილებასაც და აღნიშნა, რომ ეს საკითხიც საჭიროებდა ანალიზს, თუმცა იმ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მისი თქმით, „დღეს კარგ სამსახურს უწევს რუსეთს, მათ შორის თავდაცვის სფეროში“.