ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2023 / 05 / 04

 გამოცემა: N32 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულითუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის სამხედროები ფართომასშტაბიან სწავლებას გადიან. პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. აპრილში სამხედროებმა წვრთნის სამი ეტაპი გაიარეს. თავდაპირველად წვრთნის განმავლობაში ყურადღების ძირითადი ნაწილი თანამედროვე საშუალებებით მოწინააღმდეგის კომპლექსური განადგურებისა და პროცესში შეიარაღებული ძალების დანაყოფების ურთიერთქმედების ორგანიზებას დაეთმო. მეორე ეტაპი სამეთაურო-საშტაბო მობილიზაცია გახლდათ, რაშიც სამხედრო მართვის ორგანოები, სარეზერვო ფორმირებები, სახმელეთო თავდაცვის ფორმირებები და კომისარიატები მონაწილეობდნენ. მიზნად კი ბრძოლის ველზე სამხედრო მართვის ორგანოების საველე მომზადებას, ისევე, როგორც, საბრძოლო ვითარებაში პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას ისახავდა. მესამე ეტაპს საცეცხლე მომზადება წარმოადგენდა, რაშიც ასევე შეიარაღებული ძალების დანაყოფები მონაწილეობდნენ. მათ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საერთო პოლიგონზე ივარჯიშეს.

აღნიშნული სწავლება მიმდინარეობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის მიხედვით. 

ფართომასშტაბიანი სწავლება.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცრაზმელებმა რუს კოლეგებთან ერთად მოსკოვის სიახლოვეს მდებარე „ვიტიაზის“ სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადება გაიარეს. მომზადება იარაღის ფლობის უნარების გაუმჯობესებას, ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ტოპოგრაფიასა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის უნარების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. 

სპეცრაზმელების წვრთნა მოსკოვის სიახლოვეს.

  • დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ სამეთაურო-საშტაბო წვრთნა გაიარა. წვრთნაში, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგებოდა, სამხედრო მართვის ორგანოებისა და სამხედრო დანაყოფების ოფიცრები მონაწილეობდნენ. პირველი ეტაპი გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებისა და ურთიერთქმედების ორგანიზების უნარების გაუმჯობესებას ემსახურებოდა, მეორე კი მიზნად საშტაბო-სამმართველო საქმიანობის კოორდინაციას და შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავდა. 
  • დე ფაქტო სპეციალური დანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ტაქტიკური წვრთნა გაიარეს თემაზე „ჩასაფრება“. სამხედროებმა ბრძოლის ველთან მიმსგავსებულ გარემოში წარმატებით გაიარეს წვრთნის შემადგენელი ყველა კომპონენტი.
  • დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მართვის ოფიცრებმა და დანაყოფების მეთაურებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს
  • ქ. ცხინვალის სკოლების უფროსკლასელებმა 26-28 აპრილს ყოველწლიური სავალდებულო საცეცხლე მომზადება ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიარეს. აღნიშნული პრაქტიკა კოვიდ პანდემიის პერიოდში შეწყდა, თუმცა ქ. ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ე.წ. უფროსი ინსპექტორის განცხადებით, კვლავაც გაგრძელდება. 

საკადრო ცვლილებები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა. დე ფაქტო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ალან ბოლოთაევი, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე კი, ვეფხვია თანდელოვი დაინიშნა. ბოლოთაევი რანგით გენერალ-მაიორია, თანდელოვი კი 2011 წლიდან დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. 

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.