ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 06 / 06

გამოცემა N22 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მაისი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე 

23 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის რიგით მე-18 შეხვედრა გაიმართა

შეხვედრზე განიხილეს საკოორდინაციო მექანიზმის უკანასკნელი, 2022 წლის სექტემბრის,შეხვედრის შემდეგ განხორციელებული საქმიანობა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არ დაუკონკრეტებია შეინიშნება თუ არა რაიმე სახის პროგრესი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესაძლო სამარხების დადგენის თვალსაზრისით. თუმცა, პრეს-რელიზში მითითებულია, რომ ამ პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან მიმართებით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე შეხვედრის ყველა მონაწილე თანხმდება. 

საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით და ტექნიკური მხარდაჭერით 2010 წელს დაარსდა. მექანიზმი წმინდად ჰუმანიტარული პლატფორმაა, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე იცვლება ინფორმაცია.

საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა. წყარო: icrc.org

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

მაისი უკანონო დაკავებების სიუხვით გამოირჩეოდა - დააკავეს და გაათავისუფლეს საქართველოს ოთხი მოქალაქე. 

უკანონო დაკავებების არეალი ძირითადად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებია - სოფლები: ერგნეთი, მეჯვრისხევი, ნიქოზი და დვანი. საოკუპაციო ძალების სამხედროების ამგვარი გააქტიურება, სავარაუდოდ, მწყემსვის სეზონს უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია  საოკუპაციო ხაზის პატრულირების ინტენსივობა საოკუპაციო ძალების მიერ. მათ შიშს კი ის გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ პატრულირების ჩვეულ პროცესთან ერთად, სამხედროები მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეცუსაფრდებიან. 

ჩიტო ახალაცისა და გოჩა მამაგულაშვილის გათავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე: ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს 3 მაისს, სოფ. ერგნეთის საგუშაგოსთან გადმოსცეს. საქართველოს მოქალაქეები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ საქონლის მწყემსვისას დააკავეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირუტყვი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა, მწყემსები კიმათ დაბრუნებას შეეცადნენ, რა დროსაც იქვე ჩასაფრებულმა სამხედროებმა ორივე მათგანი დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

გიორგი ტერაშვილის დაკავება და გათავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა 11 მაისს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი ტერაშვილი უკანონოდ დააკავეს. ტერაშვილი უკანონო პატიმრობაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 13 მაისს იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადმოეცა.

გიორგი მეგრელიშვილის დაკავება და გათავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გიორგი მეგრელიშვილი, საოკუპაციო ხაზის ამავე მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ხვითისა და ნიქოზის მონაკვეთის სიახლოვეს, უკანონოდ დააკავეს. მეგრელიშვილი უკანონო პატიმრობიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს

ლევან პეტრიაშვილისა და არჩილ ბასანიძის დაკავება

15 მაისს საოკუპაციო ხაზის სოფ. ერგნეთის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქე, ამავე სოფლის მკვიდრი ლევან პეტრიაშვილი დააკავეს, მეორე დღეს კი - მისი მეგობარი არჩილ ბასანიძე. საოკუპაციო რეჟიმი ორივე მათგანს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებთ, ფაქტის შესახებ ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, თუმცა პეტრიაშვილიც და ბასანიძეც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან. პეტრიაშვილმა შეძლო ცხინვალის ციხიდან საკუთარ ოჯახს დაკავშირებოდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. დე ფაქტო რეჟიმმა აღკვეთის ღონისძიების სახით მათ, ერთთვიანი წინასწრი პატიმრობა შეუფარდა.

ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

მაისში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ აქტიურობა მაინც შეინიშნებოდა. ანტისაოკუპაციო მოძაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ პატრულირებისას სამხედროების ერთ-ერთ ბაზაზე დაბრუნების კადრები დააფიქსირა, სადაც ჩანს, როგორ გადმოაქვთ ორი ბარი საინჟინრო ავტომანქანიდან. ქაცარავას ვარაუდით, ეს იმის მანიშნებელია, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს „ბორდერიზაციის“ ახალი პროცესი დაიწყეს, თუმცა აღნიშნული ვარაუდი ოფიციალურად არ დასტურდება. 

ამავე მოძაობის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში ვიდეოგადაღებისას ჯავშანტრანსპორტიორი დააფიქსირეს ოკუპირებული თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. წნელისში განთავსებულ ბაზაზე, რომელიც წაღვლი-ჩორჩანას ტყის სიახლოვეს მდებარეობს. წნელისის ბაზასთან ერთად, ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამხედროების აქტიურობა კიდევ ერთ სამხედრო ბაზაზე შეინიშნებოდა. ამის დასადასტურებლად მან ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. ქაცარავას არ დაუკონკრეტებია ზუსტად რომელ მონაკვეთს იღებდა საჰაერო გადაღების კამერა, თუმცა კადრში კარგად ჩანს როგორ აწესრიგებენ სამხედროები ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს.  

ჯავშანტრანსპორტიორი ოკუპირებული წნელისის ბაზაზე. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხურვალეთში

15 მაისს საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის მონაკვეთი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წევრთაგან შემდგარმა დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის ხელმძღვანელობით მოინახულა. დელეგაციას თან, დანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოფტ სორენსენიც ახლდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მათ ადგილზე გააცნეს არსებული ვითარება, მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ და ისაუბრეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის თანმდევი უარყოფითი გავლენების სიმწვავის შესახებ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. წყარო: eumm.eu

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ოძისში

საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის მონაკვეთი 24 მაისს ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციამ მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკუთარ Instagram-ის გვერდზე გაავრცელა. ვიზიტისასდამკვირვებლებმა დელეგაციის წევრებს ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, განსაკუთრებული აქცენტი კი უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების კუთხით ადგილზე არსებულ მწვავე ვითარებაზე დაისვა.