გამოცემა: N55 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
ვიზიტები და შეხვედრები
მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტი
4 ივლისს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. რეშეტნიკოვმა მოინახულა გაგრის, გუდაუთისა და გულრიფშის რაიონები, სადაც რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
5 ივლისს რეშეტნიკოვი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სოხუმის აეროპორტის აღდგენის პერსპექტივა, ელექტრო ქვესადგურის „ალახადზი“ მდგომარეობის საკითხი და ბიჭვინთაში მშენებარე სასტუმროს - „მოსკვა რეზორტ“ მშენებლობის პროცესი, რომელიც რუსი ბიზნესმენის, კრასნოდარის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ჩართულობით შენდება და გეგმის მიხედვით, 2026 წელს უნდა გაიხსნას. რეშეტნიკოვის განცხადებით, ობიექტების რეკონსტრუქცია აფხაზეთში ტურისტთა ნაკადის ზრდას გამოიწვევს. ცნობისთვის, გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთს მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია.
ალექსანდრე ანქვაბისა და მაქსიმ რეშეტნიკოვის შეხვედრა
შს სამინისტროების უწყებათაშორისი შეხვედრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს, რუსეთის კრასნოდარის ოლქის შსს-სა და ფედერალური ტერიტორიის „სირიუსი“ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს შორის უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო შს მინისტრი, რობერტ კიუტი, კრასნოდარის ოლქის შსს-ს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი ოგურცოვი და „სირიუსის“ შსს-ს დეპარტამენტის ხელმღვანელი, ალექსანდრ კულიკოვი. შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვარზე არსებული სიტუაცია, საფრთხეები და „საზღვარზე“ ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის კონტროლის საკითხი.
შეთანხმებები
ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია
5 ივლისს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ითვალისწინებს. 10 ივლისს შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მოაწერა ხელი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ ისარგებლონ იმ „სახელმწიფო“ სერვისებით, რომლის ტერიტორიაზეც იცხოვრებენ. შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოეწერა.
დე ფაქტო სოხუმისა და მოსკოვის მთავრობების მემორანდუმი
8 ივლისს ქ. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციასა და მოსკოვის მთავრობას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
აფხაზეთისა და რუსეთის სახალხო დამცველების შეთანხმება
რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველებმა, ტატიანა მოსკალკოვამ და ანას ქიშმარიამ, ურთიერთგაგების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში, დაიცავენ როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად რუს მაცხოვრებელთა უფლებებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებს“ და, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავენ მათ საჩივრებს.
კონტროლის პალატებს შორის მემორანდუმი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ბაშკირეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ღირსების ორდენი“ გრიგორი კარასინს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინ კოჩიევმა „სამხრეთ ოსეთის ღირსების ორდენი“ გადასცა.
გრიგორი კარასინი „ღირსების ორდენით“
სერგეი სკვორცოვის გაცილება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა ოკუპირებულ რეგიონში თავისი 5 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.
რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მადლობა გადაუხადა სკვორცოვს გაწეული სამუშაოსთვის და რუსეთსა და რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარებისთვის იგი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.
სერგეი სკვორცოვის გაცილება