ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2023 / 09 / 08

 გამოცემა: N33 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ივლისი - 31 აგვისტო, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულითუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

სამხედრო წვრთნები

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის მიხედვით, 21 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები გაიმართა.  
  • აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფის სამხედროებმა ივარჯიშეს.  წვრთნა დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაციაში სამხედროების უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.  მზვერავებმა თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო და სანავიგაციო ხელსაწყოს „Грот-М“-ისა და სადაზვერვო და საკომუნიკაციო კომპლექსის „Стрелец“-ის საშუალებით ჩაახშეს მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო სიგნალი,  განსაზღვრეს მათი შესაძლო განთავსების ადგილები, ჯავშანტექნიკისა და სნაიპერების საშუალებით კი გაანადგურეს ისინი. 

უსაფრთხოების კონფერენცია

  • 15 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ „არმია 2023“-ის ფარგლებში მიმდინარეობდა. მასში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ანუაც მონაწილეობდა.
  • აფხაზეთის დე ფაქტო  ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გალის რაიონში მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული ახალი ობიქტების მშენებლობის პროცესი შეამოწმა. ახალი ობიექტების მშენებლობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია. წყარო:md.apsny.land 

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ჯავის რაიონში ივარჯიშეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო პოლიგონზე შეიარაღებული ძალების სნაიპერებმა ივარჯიშეს. თეორიულ-პრაქტიკული წვრთნა საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში 3-13 ივლისს გაიმართა.
  • საგაზაფხულო გაწვევის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ბაზაზე სამდღიანი საველე წვრთნა გაიარეს, ივარჯიშეს საშტატო იარაღით და ჩააბარეს ნორმატივები საინჟინრო, სამხედრო-სამედიცინო მომზადებასა და სამხედრო ტოპოგრაფიაში.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საველე წვრთნა. წყარო: sputnik-ossetia.ru

თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან

  • აბიტურიენტებმა, რომლებიც რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტების მისაღებ კონკურსში მონაწილეობდნენ, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ნორმატივები ჩააბარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამაში ის ოსი კადეტები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც რუსეთის სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს. სტაჟირების პროგრამა ცხინვალში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს კადეტების პრაქტიკული პროფესიული უნარების განვითარებას. 
  • 25 აგვისტოს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი იმ კადეტებმა დადეს, ვინც სწავლას რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლებში გააგრძელებენ. ფიცის დადებამდე კადეტებმა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში საწყისი სამხედრო მომზადების კურსი გაიარეს. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც მოინახულა.

ისტორიის გაკვეთილები სამხედროებისთვის

  • სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-პატრიოტული აღზრდის პროგრამის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიის გაკვეთილები ჩაუტარდათ. პროგრამა გაკვეთილებთან ერთად მუზეუმების, სამხედრო დიდებისა და ისტორიული მნიშვნელობის ადგილების მონახულებასაც ითვალისწინებს.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.