გამოცემა: N25 / მიმოხილვის პერიოდი: 1 სექტემბერი - 31 ოქტომბერი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
IPRM-ის 114-ე შეხვედრა
12 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. (შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ).
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
ცხინვალის ციხეში, 31 ოქტომბრის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.
დაკავება ოძისის მიმდებარედ
15 სექტემბერს საოკუპაციო ძალების წამომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებულის ვინაობა და მისი უფლებრივი მდგომარეობა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციის თანახმად, იგი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. აგარის მკვიდრია და დაკავებისას ოკუპირებული დაბა ახალგორის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
დაკავებები ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ
18 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს: ერთი - ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფ. ღრომში (სოფ. ღრომი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევს ემიჯნება), მეორე - ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფ. ბალაანში. უკანონო დაკავებების გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ღია წყაროებში არ გავრცელებულა, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, აღნიშული ფაქტების შესახებ ევროკავშირის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
ივანე ილურიძის გათავისუფლება
27 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე ივანე ილურიძე დაახლოებით სამთვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. ქ. თბილისიდან ჩასული ილურიძე საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე წლის 7 ივნისს დააკავეს, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მევლუდ ლაღოშვილის დაკავება და გათავისუფლება
31 ოქტომბერს ღამის 22:00 საათზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მევლუდ ლაღოშვილი ოკუპირებული თიღვის მუნიცაპალიტეტის სოფ. გვირგვინასთან საქონლის მწყემსვის დროს დააკავეს. (შენიშვნა: მისი გათავისუფლება მესამე დღეს, 2 ნოემბერს მოხერხდა).
დაკავება სინაგურის მიმდებარედ
31 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული სოფ. სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მოქალაქის ვინაობა და დაკავების გარემოება, თუმცა სუს-ის ცნობით, აღნიშული ფაქტების შესახებ ევროკავშირის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
არჩილ ბასანიძის გათავისუფლება
მიმდინარე წლის მაისში ოკუპირებულ ქ. ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე, რომელიც საქართველოს ოკუპირებებულ ნაწილში წინა დღეს დაკავებული მეგობრის, ლევან პეტრიაშვილის მოსაძებნად გადავიდა, 15 ოქტომბერს გაათავისუფლეს. პეტრიაშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
არჩილ ბასანიძის გათავისუფლება. წყარო: სუს-ის Facebook-ის გვერდი.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
სექტემბერ-ოქტომბერში საოკუპაციო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწევის ფაქტების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა IPRM-ის ფორმატში რიგით 115-ე შეხვედრის (ჩატარდა 1-ელ ნოემბერს) შემდეგ, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 114-ე შეხვედრის შემდეგ ბორდერიზაციის სამი შემთხვევა მოხდა. ვინაიდან მას არ დაუკონკრეტებია, საოკუპაციო ხაზის ზუსტად რომელ მონაკვეთებზე დაფიქსირდა „ბორდერიზაციის“ ფაქტები ან რა ტიპის საქმიანობას გულისხმობდა იგი, ქვემოთ წარმოგიდგენთ მხოლოდ ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდინარე სხვადასხვა ტიპის უკანონო საქმიანობების შესახებ.
ახალი სასროლეთი ოკუპირებულ ერედვთან
ერედვის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფ. ერედვთან, საოკუპაციო ძალებმა ახალი სასროლეთი მოაწყვეს. ამის დამადასტურებელი ფოტომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
გამაგრებული საგუშაგოები საკორინთლოში
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციაზე დაყრდნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მიმდებარედ განთავსებული საგუშაგოები გაამაგრეს და სანგარი შემოავლეს. ბოლო თვეების განმავლობაში ამგვარი მოქმედებები ოკუპირებულ სოფლებში თამარაშენში, ღოღეთში, ჯარიაშენსა და ახმაჯშიც დაფიქსირდა.
ახალი მშენებლობა ავნევის სამხედრო ბაზის მიმდებარედ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის მომიჯნავე ოკუპირებული თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ავნევში განთავსებული სამხედრო ბაზის სიახლოვეს მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. ერთ-ერთი ვერსიით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იქ ეკლესიას აშენებენ, თუმცა არსებობს ბაზის სამხედრო დანიშნულებით გაფართოების ვერსიაც.
საოკუპაციო ძალების გადაადგილება სოფ. მლეთაში
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების სამხედროების გადაადგილების ინტენსივობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და თან ამსახველ კადრებსაც აქვეყნებს. ქაცარავას თქმით, ვითარება საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ტერიტორია ოკუპაციის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ დგას. 2021 წლის დეკემბერში, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომიტეტმა დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ახალი რუკა წარადგინა, რაც მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმაც დაამტკიცა. აღნიშნული რუკის მიხედვით, სოფ. მლეთის მთლიანი ტერიტორია, ეკლესიის ჩათვლით, საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ ექცევა.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ხურვალეთში
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის მონაკვეთიც მოინახულა. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რასაც ადგილობირვი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, ისევე, როგორც განგრძობითი „ბორდერიზაციის“ პროცესის მახასიათებლები - მათ შორის უკანონოდ გავლებული ღობეები, მავთულხლართები და სათვალთვალო კოშკები ახდენს.
ჟოზეფ ბორელი ხურვალეთში. წყარო: eumm.eu
კენტერბერის არქიეპისკოპოსის ვიზიტი ხურვალეთში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა კენტერბერის არქიეპისკოპოსს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში უმასპინძლა, სადაც მან და მისიის დაკვირვებლებმა ოკუპაციის პირობებში არსებული ვითარება გააცნეს. მათ ინფორმაცია მიაწოდეს როგორც ადგილზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ასევე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებაც. ისაუბრეს „ბორდერიზაციის“ განგრძობითი პროცესის დესტრუქციული ეფექტისა და ადამიანის უფლებათა და საყოველთაო თავისუფლებათა რეგულარული დარღვევის პაქტიკაზე.
ავსტრიის დელეგაციის ვიზიტი ოძისში
ავსტრიის დელეგაციამ საოკუპაციო ხაზის სოფ. ოძისის მონაკვეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა. დამკვირვებლებმა მათ ადგილზე გააცნეს ვითარება გადაადგილების შეზღუდვისა და ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით, რასაც თანაბრად დამაზიანებელი შედეგი მოაქვს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ოძისში
საქართველოში რიგით მე-12 პოლიტიკურ კონსულტაციებზე მყოფმა იაპონიის დელეგაციამ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწის, ელჩ იკეგამი მასაკის ხელმძღვანელობით, საოკუპაციო ხაზის სოფ. ოძისის მონაკვეთი მოინახულა. მცხეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ევა სუვარამ მათ მისიის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.