გამოცემა: N33 / მიმოხილვის პერიოდი: 1 სექტემბერი - 31 ოქტომბერი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.
** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.
აფხაზეთი
სამხედრო წვრთნები
- სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-7 სამხედრო ბაზის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენებით პირობითი მოწინააღმდეგის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. წვრთნების დროს სამხედროებმა რუსული წარმოების საფრენი აპარატები: „Орлан“, „Застава“ და „Гранат“ გამოიყენეს.
- მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელთა ქვედანაყოფის სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის ბანაკის აღმოჩენასა და განადგურებაში ივარჯიშეს. მათ პირობითი მოწინააღმდეგის სასწავლო ბანაკის ადგილსამყოფელი დაადგინეს და უპილოტო საფრენი აპარატის „Орлан-10“-ის, ჯავშანტრანსპორტიორი „BTR-82A“-ს, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით გაანადგურეს იგი.
- სამხრეთის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა წებელდის პოლიგონზე ივარჯიშეს. წვრთნა მიზნად ისახავდა ღია და დახურული არხების მეშვეობით მართვის პუნქტებს შორის სტაბილური კავშირის დამყარებასა და თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ფართო დიაპაზონის სიხშირეების დაჭერას.
- სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო დანაყოფმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ივარჯიშა. მათ წებელდის საბრძოლო პოლიგონზე „Стрелец“-ის სპეციალური სადაზვერვო კომპლექსის გამოყენებით პირობითი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება გაანადგურეს.
- მე-7 სამხედრო ბაზის ტანკისტებმა ადიღეში მდებარე მაიკოპის საბრძოლო პოლიგონზე გამართულ ერთობლივ წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნაში მექანიკოს-მძღოლებიც მონაწილეობდნენ.
სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო სწავლება
- 23-27 ოქტომბერს აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მომზადების 2023 წლის გეგმის თანახმად სარეზერვო მსროლელი ბრიგადისა და სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლებისთვის სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო სწავლება გაიმართა. წვრთნის მიმდინარეობის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც მოინახულა.
საშემოდგომო გაწვევა
- აფხაზეთში ე.წ. პრემიერ მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის ბრძანებას მოაწერა ხელი. 1-ლი ოქტომბრიდან გაწვევის პუნქტები მოეწყო გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში.
ცხინვალის რეგიონი
სამხედრო წვრთნები
- ძარწემის პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის ტანკისტებმა საველე პირობებში ღამის ხედვის მოწყობილობების გამოყენებით ცეცხლის წარმოებაში ივარჯიშეს. საველე წვრთნისას „Т-72Б“ ტიპის ტანკის ეკიპაჟმა პირობითი მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარები 700 მეტრი დისტანციიდან გაანადგურეს, მტრის „ცოცხალი ძალა“ კი 400-600 მეტრი დისტანციიდან.
ე.წ. შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები
- დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე სამხედრო სამმართველოსა და მსროლელი ბრიგადის სამხედროებმა გეგმიური საცეცხლე მომზადება გაიარეს.
- დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე საპატიო ყარაულის ასეულის ჯარისკაცებმა პრაქტიკული მომზადება ორჯერ გაიარეს. მათ თავდაპირველად თავდაცვითი ბრძოლის წარმოებასა და მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიებაში ივარჯიშეს, მოგვიანებით კი საარტილერიო ცეცხლის წარმოებასა და მიზანში სროლაში.
- სპეცდანიშნულების ბატალიონის უფროსმა ოფიცრებმა ახალწვეულ ჯარისკაცებს ტაქტიკური წვრთნა ჩაუტარეს.
- ე.წ. შეიარაღებული ძალების წვევამდელებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს.
- პროფესიული მომზადების საგაკვეთილო გეგმის ფარგლებში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამმართველოს ორგანოების ოფიცრებმა და საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებმა თეორიული გაკვეთილები გაიარეს. გაკვეთილები კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა უმცროსი და უფროსი ოფიცრების პროფესიული უნარების დახვეწასა და ცოდნის ამაღლებას.
საინჟინრო ტექნიკის პარკის გახსნა
- დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო ტექნიკის პარკი გაიხსნა. პარკი ერთ სივრცეში აერთიანებს საგუშაგოებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ინსტრუქტაჟის სივრცეს მძღოლებისთვის, სარეზერვო ელექტრომომარაგების პუნქტს და დასუფთავებისა და რეცხვის პუნქტს ტექნიკისთვის. პარკის გახსნის ცერემონია დე ფაქტო რესპუბლიკის დაარსების 33-ე წლისთავს დაემთხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ტაიმურაზ ტუსკაევი და მისი ცხინვალელი „კოლეგა“ ალან ალბაროვი, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი, რუსეთის სოციალური პროგრამების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის წარმომადგენელი ანდრეი სერგეევი და დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.
საშემოდგომო გაწვევა
- ე.წ. თავდაცვის მინისტრის განკარგულების საფუძველზე ცხინვალის რეგიონის შეიარაღებულმა ძალებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის საშემოდგომო გაწვევა გამოაცხადა. გაწვევა ეხება სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ ყველა 18-27 ასაკის მამაკაცს, რომლებსაც ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება. მათ შემოწმების შემდეგ გადაეცემათ სამხედრო ფორმები და დაიწყებენ საბაზისო მომზადების კურსს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.