ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 12 / 04

გამოცემა: N14 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

ოკუპირებული რეგიონების პასუხი სომხეთის პრემიერ-მინისტრს

ოკუპირებულ რეგიონებში არ მოეწონათ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომელმაც 24 ნოემბერს განაცხადა, რომ სომხეთი „სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას“. ფაშინიანმა ასე უპასუხა კითხვას, მზად იყო თუ არა სომხეთი ეღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

ფაშინიანის განცხადება დაგმო აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა მსგავს განცხადებას დასავლეთის ზეწოლის შედეგად აკეთებს. მან მოუწოდა სომხეთის მთავრობას „შეწყვიტონ ინდოქტრინირებული რიტორიკა და თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას საქმის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინება დაიწყონ“. ფაშინიანის განცხადება გააკრიტიკეს დე ფაქტო პარლამენტის წევრებმაც, კერძოდ, სომხური წარმოშობის ოთხმა „დეპუტატმა“.

ფაშინიანის სიტყვები უპასუხოდ არ დატოვეს არც ცხინვალში, სადაც დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ფაშინიანს მთიან ყარაბაღში მარცხი შეახსენა. მისი თქმით, „ჩვენ პატივს ვცემთ სომეხ ხალხს, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს, მაგრამ არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მთიანი ყარაბაღი უმძიმეს მდგომარეობაში დატოვა“. გაგლოევმა ფაშინიანს საკუთარი ხალხის ღალატში დასდო ბრალი.

ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეფასებები რუსულ ნარატივში ჯდება, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის ომში სომხური მხარის მარცხი ფაშინიანის „დამსახურებაა“. ყარაბაღში მარცხის შემდეგ ფაშინიანი რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად აღარ მიიჩნევს და მოსკოვის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს, რის გამოც იგი მოსკოვის ნეგატიური საინფორმაცია კამპანიის სამიზნე გახდა.

აფხაზეთი

საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლი იზრდება

16 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრში ჩატარდა ონლაინკონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც. შეხვედრაზე დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობის შესახებ იმსჯელეს და აღნიშნული ორგანიზაციების „დესტრუქციულ“ გავლენასთან ბრძოლის საქმეში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ამ შეხვედრიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაზრდის მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

ონლაინკონფერენცია მედიაცენტრში

20 ნოემბერს ბჟანიამ ხელი მოაწერა „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების (პროექტების) განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ე.წ. პრეზიდენტის N108-ე ბრძანებაში (მიიღეს 2019 წლის 4 მაისს) ცვლილების შეტანის ბრძანებას. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ცვლილების მიზანია „მათი საქმიანობის გამჭვირვალობის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. დასავლეთის ორგანიზაციების გავლენის მაგალითად არძინბამ მოიყვანა USAID-ის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც წერია, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მიმართულია „კრემლის დამღუპველი გავლენის წინააღმდეგ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.“ მისი თქმით, „მათთვის ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების დანგრევა სურთ და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ, კარი დაიკეტება ახლო მომავალში“.

არძინბა ბოლო ორი წელია აქტიურად ცდილობს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერებას. არაერთი მცდელობის მიუხედავათ, შიდა წინააღმდეგობის გამო, დღემდე ვერ მოხერხდა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგიური კანონის მიღება. თუმცა, ბჟანიას მიერ უკვე არსებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა სამართლებრივ ბაზას ქმნის აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის მეტი კონტროლისთვის.  

ვის შეხვდა ბჟანია მოსკოვში?

ნოემბერში ბჟანია ორჯერ იმყოფებოდა მოსკოვში. პირველად იგი 7 ნოემბერს გაემგზავრა და შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს, რომელიც საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. მეორე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბჟანიას ვებგვერდზე 22 ნოემბერს გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით დაგეგმილი იყო შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბჟანიას ხშირი და ხანგრძლივი ვიზიტები მოსკოვში აფხაზეთში დიდი ხანია განხილვის საგანია. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ბჟანიას გაუჩინარება მოსკოვში მის პირად საქმეებს უკავშირდება.

მეტი კავშირები ბელარუსთან

6 ნოემბერს არძინბამ, დე ფაქტო სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე, ბელარუსის მიმართულებით „სამინისტროს“ აქტივობა შეაჯამა. მისი თქმით, ბელარუსში აფხაზეთის „სამთავრობო“ დელეგაციის ვიზიტის შედეგად უწყებათაშორისი დიალოგი მიმდინარეობს. არძინბამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შედგა ქართველი დიპლომატების მხრიდან გაძლიერებული წინააღმდეგობის მიუხედავად. მისი შეფასებით, ბელარუსსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაღმავალ ტრაექტორიაში იმყოფება. რაც, არძინბას იმედს აძლევს, რომ მინსკიდან აღიარება უახლოეს პერიოდში იქნება.

ბელარუსთან ურთიერთობის კონტექსტში საინტერესოა, რომ 17 ნოემბერს მინსკში აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დიანა ფილია ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალი კარპოვიჩს შეხვდა. ურთიერთშეხვედრების გახშირებული დინამიკა და მოსკოვის მხრიდან გაძლიერებული ზეწოლა, ზრდის ალბათობას, რომ ბელარუსმა შესაძლოა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ელექტროენერგია რუსეთიდან

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის განცხადებით, „აფხაზეთის ენერგოსისტემას ვერავინ შეინახავს, ჩვენს გარდა“. მისი თქმით, ისინი 2016 წლიდან შექმნილი დეფიციტის დასაფარად ყოველწლიურად იღებენ ელექტროენერგიას რუსეთიდან. მისი თქმით, 2023 წლის 5 ნოემბრიდან აფხაზეთი, „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს. ოზგანი კრიზისის დაძლევისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ტარიფების შემდგომ გაზრდას, რაც 2025 წლამდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს. დე ფაქტო ხელისუფლება ტარიფების გაზრდის გარდა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ენერგოსექტორში რუსი ინვესტორების შემოყვანას, რაც საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს. რადგან მიაჩნიათ, რომ ენერგოსექტორის გასხვისება აფხაზების სუვერენიტეტს შეასუსტებს და მათზე რუსეთის ზეწოლის ბერკეტებს გაზრდის.

ქართველი „დივერსანტების“ ძიებაში

8 ნოემბერს, 21:03 საათზე რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის ტელეგრამ არხზე განცხადება გამოაქვეყნა. სოლოვიოვი წერდა: „აფხაზეთში საქართველოდან გადავიდა დივერსიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც 50 კაცამდეა“. სოლოვიოვი ირწმუნებოდა, რომ დივერსიული ჯგუფის მიზანი „სოხუმის აეროპორტში“ ტერაქტის მოწყობა იყო. დივერსანტების ყოფნის ფაქტი, საძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 9 ნოემბერს, უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ინფორმაციის სანდოობა თავიდანვე ეჭვის ქვეშ დადგა. რეალურად თუ რა იყო ამ დეზინფორმაციის გავრცელების მოტივი, ჯერჯერობით გაურკვეველია. არც აფხაზურ საზოგადოებაში აქვთ ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი.

დივერსანტების საძიებო სამუშაოები

ცხინვალის რეგიონი

შეხვედრა ერგნეთში

1 ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 115-ე შეხვედრა გაიმართა. 2023 წელს უკვე ექვსი ასეთი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეების  უკანონო დაკავებებისა და „ბორდერიზაციის“, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების 24-საათიანი ფუნქციონირებისა და სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟის (ცხინვალის მოთხოვნა) საკითხები.

ერგნეთისგან განსხვავებით, 2018 წლის შემდეგ არ მიმდინარეობს მსგავსი შეხვედრები გალში, რომლის აღდგენასაც ბოლო პერიოდი აქტიურად ითხოვს აფხაზური მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე თბილისის ოფიციალური თანხმობა არ არსებობს, გალის რაიონის ე.წ. მეთაურმა კონსტანტინ ფილიამ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს უკვე მიმდინარეობს სპეციალური ოთახის მოწყობა, სადაც უნდა გაიმართოს შეხვედრები.

ერგნეთში შეხვედრა

თამაზ გინტურის მკვლელობა და მოსკოვისა და ცხინვალის რეაგირება

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი „გაკვირვებულია ევროკავშირის რეაქციით საქართველოს მოქალაქის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვის ფაქტზე“. მისი თქმით, იგნორირებულია აშკარა ფაქტები და ცხინვალის განმარტებები და ბრიუსელში უაპელაციოდ ცდილობენ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრონ.

გინტურის მკვლელობის თავისი ვერსია გაავრცელა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მაგ. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „სასაზღვრო რაზმმა აღმოაჩინა სახელმწიფო საზღვრის ორი დამრღვევი, რომლებიც იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. მათი დაკავების დროს, მათ გასწიეს წინააღმდეგობა, რაც მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ამავე დროს დამრღვევებმა გამოიყენეს ნაჯახი. მოგვიანებით მათ სცადეს მესაზღვრეებზე ავტომობილით თავდასხმა. უკანონო მოქმედებების აღკვეთის მიზნით, მესაზღვრეებმა გამაფრთხილებული გასროლა განახორციელეს, ხოლო მათი მხრიდან დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გახსნეს ავტომობილის საბურავების მიმართულებით, რის შედეგადაც ერთმა დამრღვევმა მძიმე ჭრილობა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით გადაეცა საქართველოს, მეორე კი - დააკავეს“. 

გინტურის მკვლელობაზე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც გინტური და დაკავებული ლევან დოთიაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს გაანთავისუფლეს, „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რადიკალურად განწყობილი პარტიის წარმომადგენლებად“ მოიხსენია. ცხინვალის შეფასებით, მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თბილისი არ აღიარებს ე.წ. სახელმწიფო საზღვარს. ამიტომაც ისინი თბილისს მოუწოდებენ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყონ.

კურატორის ვიზიტი

17 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი ეწვია. ნოვაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონში. ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. მოსკოვი ხშირად მიუთითებს ცხინვალს, რომ რუსეთის დაფინანსება სათანადოთ უნდა დაიხარჯოს. მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი კი მიუთითებს, რომ მოსკოვი ცდილობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული ფულის ხარჯვა ადგილზეც გააკონტროლოს.

„სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრა

საწვავის კონტრაბანდა

ცხინვალის რეგიონში 15 ნოემბერს დააკავეს 5 კონტრაბანდისტი, რომლებიც ოკუპირებული რეგიონიდან საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საწვავის არალეგალურ ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულებმა შენიღბეს საწვავის ტრანსპორტირებისთვის საჭირო მილი, რომლის საშუალებითაც „დიდი ოდენობით საწვავს არალეგალურად აწვდიდნენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს“. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ მსგავსი ქმედება ხორციელდებოდა რუსეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი შეზღუდვისა და რეგიონში საწვავის დეფიციტის პირობებში.

ახალი „ბიუჯეტი“

2024 წელს ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტი“ 8 მლრდ 836 რუბლი იქნება, მათ შორის 7 მლრდ 35 მლნ რუსეთის ფინანსური დახმარება იქნება, საიდანაც 5 მლრდ 942 ათასი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, 1 მლრდ 93 მლნ კი, საბიუჯეტო ინვესტიციის სახით გამოიყოფა. ამ მხრივ ცხინვალის რეგიონში ვითარება უცვლელია. აფხაზეთისგან განსხვავებით, რომლის „ბიუჯეტის“ ნაწილი საკუთარი შემოსავლებით ივსება, ცხინვალის რეგიონი დაფინანსების კუთხით, სრულად რუსეთზე დამოკიდებულად რჩება.