ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 12 / 11

გამოცემა: N26 / მიმოხილვის პერიოდი: 1- 30 ნოემბერი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

IPRM-ის 115-ე შეხვედრა

1-ელ ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრა გაიმართა.

115-ე შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

IPRM-ის საგანგებო შეხვედრა

6 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე IPRM-ის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მოქლაქე თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტებს შეეხებოდა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ ქვემოთ.

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

ცხინვალის ციხეში ამჟამად უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. მათგან ოთხის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: ლაშა ხეთერელი, გიორგი მელაძე, ხვიჩა კორინთელი და დიმიტრი კორინთელი

ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

გიორგი მელაძე, ხვიჩა კორინთელი და დიმიტრი კორინთელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

მევლუდ ლაღოშვილის გათავისუფლება

საოკუპაციო ძალების მიერ 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფ. გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირში მცხოვრები მევლუდ ლაღოშვილი ორდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, 2 ნოემბერს გაათავისუფლეს. სოფ. გვირგვინა დე ფაქტო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ცხინვალის რაიონში მდებარეობს და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესაზღვრება.

თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში, წმ. გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით საქართველოს მოქალაქე, სოფ. კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს. შემთხვევის ადგილზე გინტური მოსალოცად იმყოფებოდა. მიმდინარე წლის აგვისტომდე ქართველ მოსახლეობას ტაძარში სალოცავად მისვლა თავისუფლად შეეძლო, თუმცა აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტაძრის კარი აჭედეს და მოსახლეობას მის სიახლოვეს გადაადგილება აუკრძალეს. გინტურთან ერთად ადგილზე ამავე სოფელში მცხოვრები ლევან დოთიაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც უკანონოდ დააკავეს და ინციდენტის შემდეგ ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

თამაზ გინტური 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აღნიშნულ მკვლელობას დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ევროპარლამენტმა 5 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, სადაც მტკიცედ დაგმო გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის უკანონო დაკავება, მოითხოვეს საფუძვლიანი გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლება. ევროპარლამენტარებმა ასევე დაგმეს რუსეთის ფედერაციის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნულ შემთხვევას, „ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის მორიგი აქტი“ უწოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს სამინისტრო კი ინციდენტის მთავარ მიზეზად ოფიციალური თბილისის მიერ იმ ფაქტის შეუწყნარებლობას ასახელებს, რომ „საქართველოს ტერიტორია სამხრეთ ოსეთის საზღვართან სრულდება“.

ლევან პეტრიაშვილის გათავისუფლება

15 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი ექვსთვიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იგი პატიმრობაში მიმდინარე წლის 15 მაისიდან იმყოფება მას შემდეგ, რაც იგი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფ. ერგნეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს. 29 მაისს მას ცხინვალის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლევან პეტრიაშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

პაატა არაქელოვის დაკავება და გათავისუფლება

19 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახრისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. სოფ. ახრისი ოკუპირებულ სოფ. ზემო არცევს ესაზღვრება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ განცხადებით, არაქელოვმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ სწორედ ზემო არცევის მონაკვეთში გადაკვეთა. იგი დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.

სამი მოქალაქის დაკავება აძვში

24 ნოემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფ. აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე, ამავე სოფელში მცხოვრები გიორგი მელაძე, ხვიჩა კორინთელი და დიმიტრი კორინთელი დააკავეს. სოფ. აძვი ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. არცევს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა მდებარეობს. დაკავებულების ნათესავების ცნობით, დაკავების ფაქტი სავარაუდოდ წმ. გიორგის სახელობის აძვის ეკლესიის მახლობლად მოხდა. აღნიშნული სალოცავი 5 წლის წინ, „ბორდერიზაციის“ შედეგად, სოფლის ოკუპირებულ ნაწილში მოექცა. დაკავებულები ამ დრომდე განაჩენის მოლოდინში არიან.

ვასიკო ქენქაძის გათავისუფლება

28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე ვასიკო ქენქაძე ცხინვალის რეგიონიდან „გამოაძევეს“. ის უკანონო პატიმრობაში მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალაანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 ოქტომბერს განაცხადა. ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ 27 ნოემბერს ქენქაძე ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 322.1 მუხლით დამნაშავედ ცნო და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

ვასიკო ქენქაძის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge.

ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ნოემბერში საოკუპაციო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწევის ფაქტების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საგუშაგოების გაფართოებისა და გამაგრების სამუშაოები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, 14-19 ნოემბერს საოკუპაციო ძალები კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მიმდებარედ იმ დრომდე გაუქმებული საგუშაგოს გამაგრება დაიწყეს - მოიმარაგეს სამშენებლო მასალები და გათხარეს სანგარი. მისივე ინფორმაციით, 20 ნოემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გააქტიურება ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ორჭოსანში შეინიშნებოდა. მისი განცხადებით, ადგილზე მომარაგებულია სამშენებლო მასალები და ძველი საგუშაგოს გარშემო გათხრილია ახალი სანგარი.

საოკუპაციო ძალების საგუშაგო სოფ. ორჭოსანთან. წყარო: დავით ქაცარავას პირადი Facebook-ის გვერდი.