ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2024 / 03 / 20

გამოცემა: N35 / მიმოხილვის პერიოდი: 1 იანვარი - 29 თებერვალი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულითუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში უმცროსი მეთაურების მომზადების კურსები დაიწყო. კურსს სერჟანტთა კორპუსისა და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებული სამსახურების თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში გაივლიან. კურსი მოიცავს თეორიულ ტაქტიკურ-სპეციალურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას თანამედროვე ბრძოლაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებაში. ერთთვიანი კურსები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში რეგულარულად გაგრძელდება.
  • ე.წ. შეიარაღებული ძალების დე ფაქტო გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმირ სავჩენკოს ხელმძღვანელობით, ტერიტორიული თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საერთო საშტაბო წვრთნა გაიარა. წვრთნის მიზანი ომის დროს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულების ხარისხის ამაღლება იყო.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენლებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს. ცეცხლის წარმოებისთვის მათ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მანქანები და ტანკები გამოიყენეს.

ფიცის დადება

  • ახალწვეულებმა სოხუმის, გულრიფშის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებიდან სამხედრო ფიცი დადეს.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • ე.წ. შეიარაღებული ძალების წვევამდელებმა ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო და ფიზიკური მომზადება გაიარეს.
  • პოლკოვნიკ ზელიმ მულდაროვის სახელობის სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო პოლიგონზე გეგმური საველე წვრთნა გაიარეს. წვრთნა ეტაპობრივად, ოცეულის დონეზე მიმდინარეობდა და მიზნად სამხედროების ინდივიდუალური მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავდა.

სტაჟირება

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში სტაჟირება გამოცხადდა იმ კურსანტებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ.

თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებმა 2024 წლის პროფესიული მომზადების გეგმის თანახმად სხვადასხვა დისციპლინებში თეორიული სწავლება გაიარეს. მათ სხვადასხვა დროს ჩაუტარდათ სამხედრო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის გაკვეთილები; გაიარეს სადაზვერვო სასწავლო კურსი პოტენციური მტრის საჯარისო ქვედანაყოფების და ნაწილების მოქმედებების ტაქტიკის, ორგანიზაციისა და შეიარაღების შესახებ; და ჩაუტარდათ გაკვეთილები სამართლებრივი მომზადებისა და ჯარების ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა კვადროკოპტერის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში, ნავიგაციასა და ტაქტიკურ გამოყენებაში კომპლექსურად ივარჯიშეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებმა სამობილიზაციო მომზადება გაიარეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.