ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2024 / 04 / 02

გამოცემა: N36 / მიმოხილვის პერიოდი: 1 – 31 მარტი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

სამხედრო წვრთნები

  • 5-15 მარტის პერიოდში, დე ფაქტო თავდაცვის ძალების სხვადასხვა ტიპის ქვედანაყოფებში სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა. წვრთნის ძირითადი მიზანი იყო კრიზისულ საველე პირობებში ქვედანაყოფებს შორის ორგანიზებული მოქმედებების წარმოების გაუმჯობესება. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ძალოვანი სტრუქტურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა, ასევე რეზერვისტებმა. წვრთნები მიმდინარეობდა როგორც ცნობილ პოლიგონებზე, ასევე მებრძოლებისთვის უცნობ არეალებზე, ხოლო ხელმძღვანელობდა წვრთნებს ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმირ სავჩენკო.

თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები

  • 4-18 მარტს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ბაზასა და საერთო საჯარისო პოლიგონებზე სამხედრო ტექნიკის მძღოლებისა და მექანიკოსების შეკრება გაიმართა. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკის ანრი ბარციცის განცხადებით, სწავლებები მიმდინარეობდა შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მძღოლებისა და მექანიკოსების გადამზადების მიზნით. სწავლებაში ჩართულმა პირებმა მუხლუხიანი ტრანსპორტის ტარების პრაქტიკული გაკვეთილები გაიარეს.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში გაიმართა წვრთნა სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებთან, კერძოდ, კავშირგაბმულობის და მართვის ოცეულებთან. წვრთნის ფარგლებში, მებრძოლებმა საველე პირობებზე მათთვის განკუთვნილი სპეც. ტექნიკაც გამოიყენეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის ძალების ოფიცრებმა საკონტროლო წვრთნათა გეგმის შესაბამისად, იარაღიდან სროლის ნორმატივები ჩააბარეს. ნორმატივები ოფიცრებმა კუთვნილი საშტატო იარაღით „უწყების“ სამხედრო პოლიგონზე ჩააბარეს.

თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებისთვისა და სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურებისთვის სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩატარდა.

შეხვედრები

  • 21 მარტს რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ფუნქცნიორებას, შეხვედრის სხვა დეტალები კი არ გავრცელებულა. 28 მარტს კი, მხარეებმა განიხილეს 2025-27 წლებში ე.წ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეების ხელფასების გაზრდის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ოსი „კოლეგებისთვის“ ფინანსურ საკითხებში კონსულტაციის გაწევა იყო. რუსეთის დელეგაცია დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს, მარატ პავლოვსაც შეხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ცხინვალში

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართულობა

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ომში მონაწილეობენ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ისე მოხალისის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.

ღია წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან დაიღუპა 40 მებრძოლი, მათ შორის, 2024 წლის მარტში - 1, აფხაზეთიდან კი - 22. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული მებრძოლების შესახებ დეტალურად იხ.: ინტერაქტიური რუკა.

ცხინვალის რეგიონიდან მარტში დაღუპული მებრძოლი 42 წლის ზელიმ ხარებოვია. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 273-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის რიგებში ირიცხებოდა და სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე აქტიურად იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ხარებოვი 22 მარტს, ზაპოროჟიეს ოლქის სოფ. რობოტინოსთან დაიღუპა. მებრძოლი 24 მარტს ცხინვალში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევიც დაესწრო. გაგლოევის ბრძანებით, ხარებოვს სიკვდილის შემდეგ „მამულის დამცველის“ მედალი მიენიჭა.

ზელიმ ხარებოვი

მარტში საბრძოლო ორდენით დაჯილდოვდა ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო აგრესიაში ჩართული 5 მებრძოლი.

ბატრაძ გასაევს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას სახელმწიფო მედალი - „ოსეთის დიდებისთვის“ მიენიჭა. გასაევი უკრაინაში 2022 წელს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან იბრძვის.

ბატრაძ გასაევი

გიორგი მარგიევს სიმამაცისთვისა და გმირობისთვის მედალი გაგლოევმა გადასცა. მარგიევი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს-ს სამედიცინო-სანიტარული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ის რეგიონში შვებულებით იმყოფება და მომავალში კვლავ აპირებს ფრონტზე გამგზავრებას.

გიორგი მარგიევი ალან გაგლოევთან ერთად

ალამატ ჩიბიროვს გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის რუსეთის სახელმწიფოს „ჟუკოვის“ მედალი გადაეცა.

ალამატ ჩიბიროვი

მარატ ჯაგაევს გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედალი - მეორე რანგის „სამხედრო სიმამაცისთვის“ გადაეცა. ჯაგაევი ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 სამხედრო ბაზის მოსამსახურეა.

მარატ ჯაგაევი

რობერტ კულუმბეგოვს სიკვდილის შემდეგ მედალი - „დონბასის მცველი“ გადაეცა. კულუმბეგოვი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დამსახურებული არტისტი“ იყო. იბრძოდა მოხალისეთა ბრიგადა „პიატნაშკას“  რიგებში და დაიღუპა 2022 წლის 31 მარტს ქ. იასინოვატაიაში, დონეცკის ოლქში.

რობერტ კულუმბეგოვი

ენვერ დრიაევის სახელობის სკოლა

ცხინვალის რეგიონში, ახალგორის რაიონის სოფ. ორჭოსანის საშუალო სკოლას ენვერ დრიაევის სახელს მიანიჭებენ. ბრძანებას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი. დრიაევი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეებში იბრძოდა დონეცკის ოლქში. 2022 წლის 7 აპრილს ქვეითთა საბრძოლო მანქანას ჭურვი მოხვდა, რის შედეგაც დრიაევი დაიჭრა და კონტუზია განუვითარდა. იგი რამდენიმე თვე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა 2022 წლის 28 ოქტომბერს დაიღუპა. უფროსი ლეიტენანტი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიაში ირიცხებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.