ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 05 / 06

გამოცემა: N19 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

კერძო ტელევიზიის ახალი მფლობელი: შეიცვლება თუ არა სარედაქციო პოლიტიკა?

11 აპრილს ოპოზიციური - „აბაზა-ტვ“-ის (Абаза-ТВ) მფლობელი შეიცვალა. ტელევიზია 2007 წელს ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ბესლან ბუთბამ დააფუძნა. ბუთბას რუსეთში სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები აქვს და იგი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. ტელევიზია შემოსავალს იღებდა რეკლამით, „ბიუჯეტიდან“ დოტაციით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებით. თუმცა, წელს დოტაციაზე უარი უთხრეს „არასახელმწიფო“ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი პოლიტიკური ხასიათის პროექტების დაფინანსებას უზღუდავენ. ტელევიზიის მფლობელის შეცვლაც, სავარაუდოდ, აღნიშნული პრობლემებით არის გამოწვეული. ახალი მფლობელი 31 წლის ბიზნესმენი, ზახარ აგრბა გახდა. აგრბას მოსკოვში სამშენებლო ბიზნესი აქვს. იგი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატია და წლების განმავლობაში მოსკოვში სხვადასხვა კომპანიაში საქმიანობდა.

ზახარ აგრბა

აფხაზეთში ვვარაუდობენ, რომ მომხდარი ცვლილებები დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან აგრბა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ოჯახის ახლობელია. ეჭვობენ, რომ მფლობელის ცვლილებამ, შესაძლოა, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაც გამოიწვიოს დე ფაქტო ხელისუფლების სასარგებლოდ.  მსგავსი სიახლე განსაკუთრებით საყურადღებოა 2025 წელს დაგეგმილი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. ბჟანია მეორე ვადით არჩევაზეც ფიქრობს, მედიის კონტროლი კი მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს.

როგორ სრულდება ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა?

ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში, 2021-2023 წლებში, 44 ღონისძიებიდან 27 შესრულებულია. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა. პროგრამას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელი 2020 წელს მოეწერა. პროგრამის ფარგლებში არაერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულებაც დაგეგმილ დროში ვერ მოხერხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მოთხოვნა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაა, რომელიც ამ დრომდე ვერ შესრულდა. პროგრამის შესრულების ნელი ტემპის გამო მოსკოვი სოხუმს პერიოდულად აკრიტიკებს.

ბჟანიას ინტერვიუ და ხაჯიმბას პასუხი

3 აპრილს ბჟანიამ ინტერვიუა მისცა რუსულ მედიას - Аргументы и Факты, რასაც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას რეაგირება მოჰყვა. ხაჯიმბა 2020 წელს თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის შემდეგ იშვიათად აკეთებს კომენტარებს და ჩნდება საჯარო სივრცეში. ხაჯიმბამ ბჟანია აპარტამენტების იდეის გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, აპარტამენტების მშენებლობა და უცხოელებზე მიყიდვა დისბალანს შექმნის არა მარტო დემოგრაფიის, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში. აპარტამენტების საკითხი აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან შიშობენ, რომ უცხოეთის მოქალაქეების, ძირითადად კი რუსების მიერ, აპარტამენტების მასობრივი შესყიდვა, აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების გავლენას შეასუსტებს.

ხაჯიმბამ ბჟანია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „კანონის“ მიღების მცდელობის გამოც გააკრიტიკა, რადგან მისთვის მიუღებელია „აგენტები“ უწოდონ ადამიანებს, რომლებიც „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ“. მსგავსი მოსაზრება „კანონის“ მოწინააღმდეგეებს შორის ფართოდ არის გავრცელებული.

ცხინვალის რეგიონი

ალან გაგლოევის შეხვედრა კურატორთან

2 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია და მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მასთან თანხმდება. ვიზიტი მნიშვნელოვანია ივნისში დაგეგმილი არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სადაც გაგლოევს გამარჯვების მოპოვება სურს. დამაჯერებელი გამარჯვების გარეშე მისი პოლიტიკური ავტორიტეტი კოზაკის და რუსი კურატორების წინაშე შესუსტდება, რაც მის პოლიტიკურ მომავალს და მეორე „საპრეზიდენტო“ ვადით არჩევის პერსპექტივასაც პრობლემას შეუქმნის.

ევროპული სასამართლოს განაჩენი ბორდერიზაციისწინააღმდეგ

9 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მხრიდან „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ 2018 წლის სარჩელზე ადამიანის უფლებათა დარღვევები დაადგინა. სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა, რომ 2009 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის დროს ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის უფლების, თავისუფლების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, საკუთრების დაცვის უფლების, განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევებს.  ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც სასამართლოს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. დე ფაქტო სამინისტროს შეფასებით, საერთაშორისო სამართალი პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი გახდა და ეს უკვე ღიად კეთდება. მოვლენების ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება,  ვერ შეუწყობს ხელს რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის გადადგმულ ძალისხმევას და საერთაშორისო სასამართლოების მიმართ ნდობას. საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა.

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება

17 აპრილს გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი. მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაეკისრა, მის მოადგილეს, ინალ საბანოვს. ცხინვალში მის გადადგომას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებენ. ადგილობრივთა შეფასებით, 2022 წელს იგი მოსკოვმა მოავლინა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე ქმედითი „მინისტრი“ აღმოჩნდა. რაც, როგორც ჩანს, გაგლოევისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდა. გაგლოევის უკმაყოფილება, სავარაუდოდ, დე ფაქტო თავდაცვის უწყებაში პავლოვის მიერ წინა წლებში ჩადენილი დარღვევების შესწავლას მოჰყვა, რაც გაგლოევის პოლიტიკური მოკავშირეების საქმიანობასაც უკავშირდებოდა. პავლოვის გადადგომის მიზეზი არ დასახელებულა.

მარატ პავლოვი

რუსი ინვესტორები ცხინვალში

25-26 აპრილს ცხინვალის რეგიონს რუსი ინვესტორი ალბერტ ჯუსოევი ესტუმრა, რომელიც კომპანია „სტროიპროგრესის“ („Стройпргогресс“) ჯგუფის პრეზიდენტია. სტუმრებს შორის იყო ჯუსოევის მოადგილე და რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი (2005-2008 წლები) იური მოროზოვიც. ჯუსოევი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის და 16 წელი არ იმყოფებოდა რეგიონში. კომპანია აერთიანებს სამთო მრეწველობას, ნავთობის მოპოვებას, საბანკო სფეროს, მრეწველობას, ლოგისტიკას. ჯგუფში შემავალი 48 კომპანია რუსეთის 20 რეგიონში და სამ სახელმწიფოში მოღვაწეობს.

ჯუსოევმა თავისი ბიზნეს ინტერესების შესახებ რამდენიმე მიმართულებით განაცხადა:

  • იგი აპირებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონში ნავთობის მარაგების საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, 1954-1957 წლებში სოფ. ღრომში ნავთობს მოიპოვებდნენ, თუმცა მოპოვება მალევე შეჩერდა. ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში, რეგიონს ექნება საკუთარი ბენზინი, მაზუთი, დიზელი.
  • კვაისაში სამთომრეწველობის განვითარების პოტენციალია, სადაც სპილენძისა და თუთიის მარაგებია.
  • პერსპექტიულია ტურიზმსა და საბანკო სექტორში თანამშრომლობაც.
  • იგეგმება სამი სახის ჩინური მანქანის აწყობაც, რისთვისაც მაისში ცხინვალში ჩინური დელეგაცია ჩამოვა.

26 აპრილს რუსმა ინვესტორებმა და დე ფაქტო მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა სააქციო საზოგადოება „რუსნეფტეგაზ“-თანაც, რომელიც რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ოლქში მოქმედი გეოლოგიურ-სადაზვერვო კომპანიაა. საინვესტიციო შეთანხმებების ფარგლებში კვაისაში აშენდება სასტუმრო და ასევე ჩატარდება ნავთობსაბადოების საძიებო სამუშაოები.

საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერა

ჯუსოევმა ვიზიტის ფარგლებში ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პერსპექტივების შესახებ განცხადება ადრე გაგლოევსაც გაუკეთებია, მაგრამ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, როდესაც რუსმა ინვესტორმა ამ საკითხზე ასე ღიად ისაუბრა. ამ ეტაპზე რთულია შევაფასოთ თუ ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს აღნიშნული პროექტები რუსი ინვესტორებისთვის. თუმცა, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გაგლოევი რუსი ინვესტორების ვიზიტსა და მათ დაპირებებს 9 ივნისს დაგეგმილი არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს.

ჩინელი ინვესტორები ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩინური საინვესტიციო კომპანიის - „საბრინა“ წარმომადგენელი, ვუ ინგხუეი იმყოფებოდა. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთისა და ჩინეთის ბიზნესს აქვს მომავალი, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ“. ეს მათი პირველი ვიზიტია ცხინვალში. ჩინელმა სტუმრებმა კვაისაში მდებარე საბადოები დაათვალიერეს. ჩინეთი ოფიციალურად უარს ამბობს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობებზე, თუმცა კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შეინიშნება ცალკეული აქტივობები. მაგ. მარტში აფხაზეთში პეკინის საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანია „ევრაზიის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კე ჭილი იმყოფებოდა, რომელიც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასაც შეხვდა. ჭილი სხვადასხვა ინფორმაციით, ჩინეთში „აფხაზეთის საპატიო კონსულის“ სტატუსსაც ატარებს და მისი სახელი წარსულშიც არაერთხელ დაკავშირებია აფხაზეთს.

ინვესტორები ჩინეთიდან

მე-60 შეხვედრა ჟენევაში

4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მე-60 რაუნდი გაიმართა. წელს ეს რიგით პირველი შეხვედრა იყო. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პრეს-კომუნიკეს თანახმად, მონაწილეებმა ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით სტაბილური“ და დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე მოსაზრებები გაცვალეს.

შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ტრადიციულად წამოაყენა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. მათი განცხადებით, მსგავს დოკუმენტზე მუშაობის დაწყება ვერ ხერხდება „ქართველი მონაწილეების დესტრუქციული პოზიციის გამო“. აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენის საკითხიც დასვა. გალში შეხვედრები 2018 წლიდან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ,  არ ტარდება. აფხაზური მხარე, რომელსაც მხარს რუსეთიც უჭერს, ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს გალში შეხვედრების აღდგენას. ამ საკითხზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ცნობილი არ არის.

აფხაზური დელეგაცია ჟენევაში

ოსურმა მხარემ, თავის მხრივ მოუწოდა ქართულ მხარეს ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხზე მუშაობის დაწყებისკენ. შეხვედრაზე კვლავ მიაქციეს „ყველაზე სერიოზული ყურადღება საქართველოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში,  დაბადებული ოსების უფლებების უხეშ დარღვევებზე. საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე წლის განმავლობაში მათ უარს ეუბნება მშობლიურ სოფლებში ვიზიტზე“. ოსურ მედიაში პერიოდულად გაისმის მოწოდებები აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით. მოსკოვის შუამავლობით და თბილისის ნებართვით, იყო შემთხვევები, როდესაც ეთნიკურად ოსებმა მოინახულეს აღნიშნული ადგილები. ოსურმა მხარემ ასევე მოითხოვა უნიკალური ხატის - ოქონის ტრიპტიქონის დაბრუნება. ხატი ამჟამად თბილისში ეროვნულ მუზეუმში ინახება. ეს საკითხიც პერიოდულად ჟღერდება ცხინვალის მიერ.

ასევე საყურადღებოა, რომ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს მზარდი ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით.

წინა, 59-ე შეხვედრა, 2023 წლის 5-6 დეკემბერს ჩატარდა. შემდეგი 61-ე შეხვედრა 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.

მოსკოვის მოთხოვნა: ახალი ადგილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის

14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვეიცარიამ დაკარგა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი. ზახაროვას თქმით, შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის ანტირუსულ აქციებს და „სრულ სოლიდარობას უცხადებს კიევის რეჟიმს“. ზახაროვა ამ მიზეზით ხსნის მოლაპარაკების ადგილის შეცვლის საჭიროებას. ზახაროვას თქმით, შუამავალის როლზე თანახმაა რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის რამდენიმემ უკვე გასცა თანხმობა მოლაპარაკებისთვის ტერიტორია გამოჰყოს. მოსკოვი ცდილობს ჟენევიდან მოლაპარაკების რაუნდების გადატანაზე კონსენსუსს მიაღწიოს აფხაზი და ოსი მოკავშირეების მხარდაჭერით. სოხუმი და ცხინვალი მხარს უჭერენ მოსკოვს და ერთ-ერთ მიზეზად სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასაც ასახელებენ, რაც მათ ხელს უშლის შენგენის ქვეყნებში/შვეიცარიაში თავისუფლად გადაადგილებაში. ალტერნატიულ ადგილებად სახელდება ბელარუსი და სერბეთი. თუმცა, ადგილის შეცვლისთვის საჭიროა თბილისის თანხმობაც.