გამოცემა N31 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მაისი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
IPRM-ის 119-ე შეხვედრა
16 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 119-ე შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
მაისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
8 მაისს საოკუპაციო ძალებმა სოფ. ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ივანე გერკეული. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გერკეული 14 მაისს უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
8 მაისს, სოფ. დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს. მუშკიაშვილი და თეთრუაშვილი საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ 2024 წლის 22 აპრილს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ უკანონო პატიმრობაში დარჩა მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გათავისუფლებულ პირებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც გადაწყდა მათი ქართველი სამართალდამცველებისთვის გადაცემა ფინანსური სანქციის გარეშე.
ჯამში, მაისში საოკუპაციო ძალებმა ერთი პირი დააკავეს და სამი - გაათავისუფლეს.
30 აპრილის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ბრძანებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3-6 მაისის პერიოდში დროებით გაიხსნა ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რამაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების საშუალება მისცა. 2022 წლიდან სგპ-ები ახალგორისა და ჯავის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაშია გახსნილი.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
15 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ოძისის მონაკვეთზე პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო, ევროპის საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, დოქტორ იან ბორგის ხელმძღვანელობით.
პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ეუთოს დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.