ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2024 / 07 / 02

გამოცემა N32 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ივნისი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები

ივნისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

8 ივნისს  საოკუპაციო ძალებმა ქ. ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში არ ასახელებს დაკავებულის ვინაობას, თუმცა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაკავებული პირი არ არის ადგილობრივი და არ ცხოვრობს შიდა ქართლის რეგიონში. ამავე ინფორმაციის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს მშობლები უცხოეთში ჰყავს და თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობს.

5 ივნისს ოკუპირებული ჯავის რაიონის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ გიორგი მოსიაშვილს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სოფ. პერევში მცხოვრები 35 წლის მოსიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით წარუდგინეს ბრალი. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ, რადგან ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მან ელექტროანკესით 25 კგ კალმახი დაიჭირა.

ჯამში, ივნისში საოკუპაციო ძალებმა ერთი პირი დააკავეს. ღია წყაროებში არ დადასტურებულა ინფორმაცია ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ.

30 ივნისის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, გიორგი მოსიაშვილის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.

სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.

ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.

გიორგი მოსიაშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტს სოფ. სინაგურის მიმდებარედ დააკავეს.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეცსადგომი სოფ. გრემისხევთან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის თავზე „მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეცსადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად“. ქაცარავას მტკიცებით, საოკუპაციო ძალებს მსგავსი ტიპის სადგომები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი.

სპეცსადგომი სოფ. გრემისხევთან

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება

ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, 7 – 10 ივლისს, დროებით დაიკეტა საკონტროლო-გამშვები პუნქტები - ოძისი/მოსაბრუნი („რაზდახანი“) და  პერევი/ქარძმანი („პერეუ“). სგპ-ებით ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება ყოველი თვის 20-30 რიცხვებში ეძლევა.

უბედური შემთხვევა

19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 14 წლის მოზარდი ცხინვალში, მდინარე ლიახვში ბანაობისას ძლიერმა დინებამ ქართული სოფლების მიმართულებით წაიღო. მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში. წყლის დონის შესამცირებლად, ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს.

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქართველმა მაშველებმა დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ფხვენისში. ამავე დღეს მოზარდის ცხედარი ცხინვალში გადაასვენეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის თვის შეჯამება

ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მაისში საოკუპაციო ძალებმა „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის 22 პირი დააკავეს, მათგან 5-მა დაარღვია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი“, 17 - მა კი „სასაზღვრო რეჟიმი“.