ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 08 / 02

გამოცემა: N22 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

არა აპარტამენტებს!

აფხაზეთში პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა ე.წ. აპარტამენტების საკითხი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში. დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ შეეცადა დაჩქარებულად მიეღო „კანონპროექტი“, რომლის ამოქმედების შედეგადაც ეკონომიკური სარგებელის მიღებას ელოდებოდა. გავრცელებული მოსაზრებით, დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდა მოსკოვიც, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენით არის დაინტერესებული. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, სანამ „კანონპროექტს“ პარლამენტში წარადგენდნენ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 15 ივლისს ამ საკითხზე სასაუბროდ „დეპუტატები“, რაიონებისა და ქალაქის ხელმძღვანელები მიიწვია.

ე.წ. აპარტამენტების შესახებ „კანონპროექტს“ წარსულში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ამჯერად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 ივლისს, „კანონპროექტი“ ახალი ფორმით წარედგინა „პარლამენტს“. ძველი „კანონპროექტი აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულების შესახებ“ შეიცვალა ახალი „კანონპროექტით ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. ახალი „კანონპროექტით“ „კანონის“ მოქმედების გეოგრაფია მხოლოდ აღმოსავლეთი რაიონებით იყო შემოსაზღვრული. აღნიშნული რაიონები ნაკლებად იზიდავენ ტურისტებს და სერიოზული ეკონომიკური გამოწვევის წინაშე არიან. ბჟანიას აზრით, ეს ფაქტორი „კანონპროექტისადმი“ წინააღმდეგობას შეასუსტებდა. ასევე საინტერესოა, რომ თუ ძველი „კანონპროექტის“ ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო, ახალი „კანონპროექტის“ ინიციატორები „დეპუტატები“ იყვნენ. ოპონენტების აზრით, „კანონპროექტისთვის“ სახელის შეცვლა დე ფაქტო ხელისუფლების ხრიკი იყო, რომელიც ცდილობდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა და რეალურად იგივე შინაარსის „კანონპროექტი“ მიეღო, რასაც ერთი წლის წინ აპირებდა.

ახალი „კანონპროექტი“ 17 ივლისს განიხილეს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში. საპილოტე პროექტით 150 ჰექტარზე გათვალისწინებული იყო 10 ათასი ნომრის მშენებლობა. ნომრები არ იქნებოდა გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრებისთვის. საკომიტეტო მოსმენას ბჟანიაც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, აფხაზეთში 140 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეაა, ოფიციალურად დასაქმებულია 42 ათასი, 30 ათასი თვითდასაქმებულია, 65 ათასს კი არ აქვს სამუშაო. ამიტომაც, საჭიროა ეკონომიკის განვითარება, განაცხადა ბჟანიამ. სხდომა დახურული იყო და მასზე არ დაუშვეს „კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა
„კანონპროექტის“ უახლოეს სესიაზე განხილვას. ამავე დროს, „პარლამენტის“ შენობის გარეთ შეკრებილი იყვნენ უკმაყოფილო მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.

მთელი აფხაზეთის მასშტაბით გაიმართა მიტინგები და შეხვედრები, რომლებშიც „დეპუტატებიც“ მონაწილეობდნენ. „კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეების აზრით, აპარტამენტების პროექტი დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის აფხაზებს, რადგან აპარტამენტებს ძირითადად რუსეთის შეძლებული მოქალაქეები შეიძენენ, რომლებიც დასახლდებიან აფხაზეთში და ადგილობრივებს შემოსავლის გარეშე დატოვებენ. გარდა ამისა, „კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელებით ადგილობრივები ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებენ და ისევ რუსეთის მოქალაქეები იხეირებენ.

რამდენიმე დღიანმა პროტესტმა მთელი ოკუპირებული რეგიონი მოიცვა. არაერთი „დეპუტატი“ იძულებული გახდა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება საჯაროდ დაეფიქსირებინა. დაძაბულობა იმდენად გაიზარდა, რომ პოლიტიკური დაპირისპირების რისკი გაიზარდა, რის გამოც დე ფაქტო ხელისუფლებას ამ საკითხში უკან დახევა მოუწია. 25 ივლისს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს „კანონპროექტის“ გაწვევის შესახებ. ამ საკითხზე „პარლამენტმა“ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდასაპარლამენტო დიალოგის შედეგად, კანონპროექტის  განხილვასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი, უპირველეს ყოვლისა უხუცესთა საბჭოს, აფხაზი ხალხის სამამულო ომის (იგულისხმება 1992-1993 წლის აფხაზეთის ომი) გმირების, სამეცნიერო წრეების, ინტელიგენციის წარმომადგენლებისა და სხვა არაგულგრილი მოქალაქეების, აზრის გათვალისწინებისა და მხედველობაში მიღებით, დაძაბულობის მოხსნისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის ინიციატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევისა და მასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერების შესახებ“.

„კანონპროექტის“ ჩავარდნა ბჟანიას მარცხად შეიძლება შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბჟანია პირადად ლობირებდა „კანონპროექტის“ მიღებას და პირველ ეტაპზე მის ამოქმედებას, ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველ რეგიონებში გეგმავდა, მას არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინება მოუწია. ეს მარცხი სერიოზული დარტყმა იქნება ბჟანიას პოლიტიკური მომავლისთვისაც, რადგან 2025 წელს ბჟანია „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადება.

რუსული სამხედრო გემი ოჩამჩირის პორტში?

საზღვაო თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ონლაინ გამოცემამ - Naval News გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო ხომალდი, პროექტ 22870 ტიპის გემი, გაჩერდა. გავრცელებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში დააფიქსირეს, 4-5 ივლისს კი - ოჩამჩირის პორტში. ხომალდი საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემის გადასატანად. მსგავსი ტიპის გემი (SB-739), რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა, 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან  ჩაძირეს.

ოჩამჩირის პორტს 2009 წლიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო იყენებს. პორტში სანაპირო დაცვის ათამდე კატარღაა განთავსებული. 2023 წლის ოქტომბერში ბჟანიამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირის პორტში სამხედრო-საზღვაო ბაზირების პუნქტს გახსნიდა. მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ნოვოროსიისკისა და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული პორტები აღარ არის უსაფრთხო და ამ მხრივ ოჩამჩირის პორტი შესაძლოა უფრო დაცული იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებისგან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტში მსგავსი ტიპის რუსული სამხედრო ხომალდი დაფიქსირდა.

გემის ადგილმდებარეობა სატელიტური ფოტოს მიხედვით

რა ხდება ოჩამჩირის პორტში?

ივლისში ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ სტატია გამოაქვეყნა ონლაინ საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა. მიუხედავად იმისა, რომ პორტში მშენებლობის შესახებ ოფიციალური წყაროების მიერ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სატელიტური რუკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ 2024 წელს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, პორტის ტერიტორიაზე აშენდა ახალი შენობები და შეიმჩნევა პერიმეტრის გაფართოების სამუშაოები. ჯერ რთულია იმის თქმა თუ აღნიშნული სამუშაოების მიზანი რამდენად არის სამხედრო-საზღვაო ბაზირების პუნქტის მშენებლობა, მაგრამ უდავოა, რომ ბოლო თვეებში პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოების ამსახველი სატელიტური რუკა. წყარო: Bellingcat

საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში

17 ივლისს ბჟანიამ ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა მოინახულა. ოჩამჩირის პორტთან ინტერმოდალური საკონტეინერო ტერმინალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით შენდება. მშენებლობა  შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობას „ტრანსეკოსისტემა“ ახორციელებს, რომლის გენდირექტორის მოადგილე ოკტაი ხაზირიშია. იგი ასევე ეკონომიკის „მინისტრის“ მრჩეველია და ადრე „აფხაზეთის რკინიგზაშიც“ მუშაობდა.

საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია

ტერმინალის სიგრძე 250 მეტრი იქნება, სიგანე - 500 მეტრი. ტერმინალთან დაკავშირებული იქნება სარკინიგზო ხაზი და ვაგონებიდან ტვირთის ჩამოცლისთვის მოეწყობა პლატფორმები. ტერმინალის ტერიტორიაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 1200 კონტეინერის განთავსება. პროექტის ფარგლებში შესყიდულია ჩინური წარმოების („Zoomlion“) თვითმავალი ამწე, რომლის ტვირთამწეობა 450 ტონაა. ამწის საშუალებით შესაძლებელი იქნება კონტეინერების ხომალდზე ჩატვირთვა. ხაზირიშის განცხადებით, კონტრაქტის საფუძველზე ჩინეთიდან ჩამოვიდა მანქანთმშენებელი კომპანიის ინჟინერი, რომელიც ადგილობრივებს ამწის გამოყენებასა და მართვას ასწავლის.

ხაზირიშის თქმით, მათი მიზანია უზრუნველყონ ტვირთების სწრაფი მიწოდება რუსეთიდან მესამე ქვეყნებში, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ხაზირიშს იმედი აქვს, რომ ოჩამჩირის პორტი საერთაშორისო სატრასპორტო მარშრუტების სისტემაში საკვანძო რგოლი გახდება.

პროექტის დასრულება აგვისტოში იგეგმება, ექსპლუატაციის დაწყება კი - სექტემბერში. თუმცა, ხაზირიშის განცხადებით, პირველი ტვირთი რუსეთიდან (46 ვაგონი) უკვე მიიღეს, ასევე იღებენ შეკვეთებს უცხოეთის კომპანიებისგან. ხაზირიშის შეფასებით, ოჩამჩირის პორტს რუსულ პორტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან ნაკლები შტორმიანი დღეებია ნოვოროსიისკთან შედარებით, ასევე უფრო იაფია ტრანსპორტირება თურქეთის პორტებში. ამ მხრივ საინტერესოა ხაზირიშის განცხადება, რომ ივლისში ქარხნისთვის საჭირო მოწყობილობებით დატვირთული 8 კონტეინერი მიიღეს, რომლის გაგზავნაც იგეგმება თურქეთიდან რუსეთში.

საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და ბოლო წლებში „აფხაზეთის რკინიგზის“ გაზრდილი შემოსავლები მიუთითებს, რომ ოჩამჩირის პორტი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ცალკეული თურქული კომპანიების გემები ჩართული არიან ტვირთების გადაზიდვაში და ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერაში. თავის მხრივ, რუსეთი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სანქციების ქვეშ იმყოფება, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, აფხაზეთის ინფრასტრუქტურას არალეგალური ვაჭრობისთვის იყენებს.

ასლან ბჟანია რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

22 ივლისს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს მოსკოვში შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია და ხშირად ხვდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე „უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს“. ნურგალიევთან შეხვედრის შესახებ, როგორც წესი, მსგავსი შინაარსის მოკლე ინფორმაცია ვრცელდება და უცნობია შეხვედრაზე გამართული საუბრის დეტალები.

ასლან ბჟანია რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

სოხუმის კომენტარი სომხეთის მინისტრის განცხადებაზე

3 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თბილისში თავის ქართველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე გაკეთდა განცხადებები ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სოხუმში. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანს მოუწოდა „არ გამოიყენონ შაბლონური ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“. სოხუმის უკმაყოფილება გამოიწვია სომხეთის პოზიციის ცვლილებამ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერის კუთხით, რაც პირველად მოხდა. ამ კონტექსტში სოხუმმა ხაზი გაუსვა რომ „სომხურ დიასპორას აფხაზეთში განსაკუთრებული ადგილია უკავია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამყარების საქმეში“.

სომხეთის პოზიციამ აფხაზეთში გააცოცხლა „სომხური საკითხი“. აფხაზეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებითა და არაერთგვაროვანი განცხადებებით ცნობილმა ჯანსუღ ადლეიბამ სოციალური მედიის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მოწოდება ეთნიკური სომხებისთვის პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევის შესახებ. მის განცხადებას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ საკითხის აქტუალობას გაუსვა ხაზი.

საკადრო ცვლილებები

26 ივლისს ბჟანიამ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე თემურ ახიბა „სხვა სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით“ გაათავისუფლა. ახიბა უშიშროების სამსახურს 2023 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. გათავისუფლებამდე ახიბას „გენერალ-მაიორის“ წოდება მიენიჭა. იგი იმავე დღეს დაინიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის (სერგეი შამბას) მოადგილედ. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობას, ამავე უწყების თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი ქუჩუბერია შეასრულებს. ახიბა ცოტა ხანი იყო უწყების ხელმძღვანელი. როგორც ჩანს მან ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მოახლოებულ „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ბჟანიას, ერთგული ადამიანის გარდა, უფრო ძლიერი ფიგურა სჭირდება, რომელიც შიდა პროცესების კონტროლზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.

ცხინვალის რეგიონი

კურატორის ვიზიტი

2 ივლისს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია და ხშირად სტუმრობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. მისი მოვალეობაა რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი. ეს წელს ვოლვაჩის პირველი ვიზიტია ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრის გარდა, ვოლვაჩმა რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაც შეამოწმა.

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

შოიგუს ვიზიტი?

„Эхо Кавказа“-ს ცნობით, ივლისში ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა რეგიონის „სახელმწიფო“ მედიაში. გამოცემის ცნობით, შოიგუმ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ობიექტები მოინახულა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოიგუ არ შეხვედრია გაგლოევს. მას თან ახლდა მისი ადგილობრივი „კოლეგა“ ანატოლი პლიევი. გამოცემის შეფასებით, შოიგუს მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მიუთითებს, რომ შოიგუ გაგლოევს არ სწყალობს. ამის მიზეზად გაგლოევის მიერ ამა წლის აპრილში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, მარატ პავლოვის მოხსნას ასახელებენ, რომელიც პრაქტიკულად მოიშორა გაგლოევმა. საინტერესოა რომ შოიგუს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ სხვა მედიასაშუალებებს. ზოგიერთი მოსაზრებით, ინფორმაცია შოიგუს ვიზიტის შესახებ ყალბია და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება გაგლოევის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

„საპარლამენტო“ კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა

9 ივლისს დე ფაქტო პარლამენტის ათი კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიეს. სხდომაში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, „ერთიანი ოსეთის“ პარტია, რომელიც პროპორციულ „არჩევნებში“ პირველ ადგილზე გავიდა, კვლავ არ მონაწილეობდა. შედეგად, მათ „საპარლამენტო“ თანამდებობები არ შეხვდათ. დე ფაქტო სპიკერ ალან მარგიევის განცხადებით, „დეპუტატებს“ არ შეუძლიათ დრო დაკარგონ შიდა დაპირისპირებებზე. გაგლოევის პარტია „ნიხასმა“ ხუთი კომიტეტი ჩაიბარა, სახალხო პარტიამ - 3, კომპარტიამ - 1, 1 კომიტეტი ჩაიბარა მაჟორიტარმა „დეპუტატმა“, რომელიც „ნიხასის“ ფრაქციაში გაწევრიანდა. „არჩევნების“ შედეგებისა და „საპარლამენტო“ თანამდებობების განაწილების მიხედვით, გაგლოევის პარტია ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რაც გაგლოევს „პარლამენტზე“ კონტროლის საშუალებას მისცემს.

საკადრო ცვლილებები

22 ივლისს გაგლოევმა „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის უფროსად ალან ალბოროვი დანიშნა. ალბოროვი წინა მოწვევის „პარლამენტის“ სპიკერი იყო. საინტერესოა, რომ „პარლამენტის“ ამჟამინდელი სპიკერი, ალან მარგიევი მანამდე „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის უფროსის პოსტს იკავებდა. ამ დანიშვნით მარგიევმა და ალბოროვმა თანამდებობები გაცვალეს.

24 ივლისს დე ფაქტო მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრად ზაურ ჩოჩიევი დაინიშნა. იგი „მინისტრის“ მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც მაისში პოსტი კონსტანტინ ელძაროვმა დატოვა.

სანდინისტური რევოლუციის 45-ე წლისთავი

19 ივლისს ნიკარაგუაში სანდინისტური რევოლუციის 45-ე წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმაც. ნიკარაგუა გაეროს წევრი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. ჯიოევი 15 ივლისს ჯერ ვენესუელაში ჩაფრინდა, საიდანაც ნიკარაგუაში გაემგზავრა. აეროპორტში ჯიოევს ვენესუელაში რუსეთის ელჩი სერგეი მელიქ-ბაღდასაროვი დახვდა. 17 ივლისს ჯიოევი ნიკარაგუაში რუსეთის ელჩ ალექსანდრ ხოხოლიკოვსაც შეხვდა. 19 ივლისს ჯიოევმა მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებაში. ღონისძიებაში რუსეთის დუმის სპიკერი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯიოევი 20 ივლისს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრ დენის მონკადას შეხვდა. 21 ივლისს ჯიოევს ნიკარაგუაში აფხაზეთის „ელჩმა“ ინარ ლადარიამ უმასპინძლა. 21 ივლისს კი ჯიოევი ნიკარაგუის პრეზიდენტის მრჩეველს, ორტეგა მურილიოს შეხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთისგან განსხვავებით ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების საგარეო ვიზიტები უფრო იშვიათია.

ახსარ ჯიოევის შეხვედრა დენის მონკადასთან

შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან

10 ივლისს დე ფაქტო შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოლეგ გაგლოევი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დრაგოსლავ ბლაჟევიჩს შეხვდა. გაგლოევმა პოზიტიურად შეაფასა კომიტეტის საქმიანობა. კომიტეტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის შემდეგ საქმიანობს. აფხაზეთისგან განსხვავებით, დანარჩენმა ორგანიზაციებმა ცხინვალის რეგიონში ომის შემდეგ შეწყვიტეს საქმიანობა.

ერგნეთის 120-ე შეხვედრა

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 120-ე შეხვედრა ჩატარდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქეა. მისი თქმით, „მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ მათ მიმართ იყოს გამოყენებული ჰუმანიტარული მიდგომა და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“. ანთაძემ ილაპარაკა რამაზ ბეღელურის შესახებაც, რომელსაც 20 ივლისს დე ფაქტო სასამართლომ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

120-ე შეხვედრა ერგნეთში

საოკუპაციო ძალების სხვა ქმედებების შესახებ სუსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 მაისიდან (22 ივლისის მდგომარეობით) უკანონო „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა. „რვა შემთხვევიდან მაისში დაფიქსირდა ხუთი, ივნისში - სამი. ამ პროცესმა მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, ასევე - დუშეთის მუნიციპალიტეტი, გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება აქტივობას, სრული სპექტრით იქნა წარმოდგენილი ეს უკანონო აქტივობები. ვგულისხმობ როგორც ადრე აღმართულ უკანონო ინსტალაციების გამაგრება-შეკეთებას, ასევე ახლის მონტაჟს. ახალი ინსტალაციები დამონტაჟდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ეს არის ძირითადად სოფელ კოდის მიმართულება, ასევე დაფიქსირებული იყო ოკუპირებული წნელისის მიმართულებით გარკვეული ტიპის აქტივობები“.

შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, წინა შეხვედრის შემდეგ ქართველი პოლიციელებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მისი შეფასებით, „აღნიშნული პერიოდი საკმაოდ წყნარი იყო. მოხდა მხოლოდ სამი დაკავება, მათ შორის ორი გაათავისუფლეს, ერთი დააკავეს“. კოჩიევის თქმით, სარწყავი არხის გამოყენება (ქართული და ოსური სოფლების მიერ) უწყვეტად მიმდინარეობს. კოჩიევის თქმით, ამ შეხვედრაზეც დაისვა სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხნის საკითხი.

შემდეგი 121-ე შეხვედრა 12 სექტემბერს ჩატარდება.