გამოცემა: N37 / მიმოხილვის პერიოდი: 1 – 31 აგვისტო, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
* შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.
აფხაზეთი
სამხედრო წვრთნები
- დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების 2024 წლის მომზადების გეგმის შესაბამისად, 20-22 აგვისტოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით, გაიმართა ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები სარეზერვო ბრიგადების მატერიალური მხარდაჭერის ქვედანაყოფებთან. წვრთნა დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ჩატარდა.
თანამდებობრივი ცვლილებები
- 20 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რაფაელ დაერბაევმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, სერგეი შჩედრინი წარუდგინა. შჩედრინის წინამორბედი ანდრეი კუდიმოვი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის 21 იანვარს დაინიშნა და ალექსეი ტრუბეცკი შეცვალა.
სწავლა რუსეთში
- წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩააბარა 26-მა კურსანტმა. რეკრუტებმა ჩააბარეს შსს-ს კრასნოდარის უნივერსიტეტში, ვოლგოგრადის, ომსკისა და ნიჟეგოროდის შსს-ს აკადემიებში. რუსეთში გამგზავრებამდე, იუნკერების ფიცი ჩაიბარა დე ფაქტო შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა. 6 აგვისტოს კი, ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დმიტრი კუჩუბერია შეხვდა იმ აფხაზ კურსანტებს, რომლებმაც სწავლა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასწავლებლებში დაიწყეს.
ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის შესახებ
- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა - „ТАСС“-ს. შამბას განცხადებით, „ოჩამჩირეში არ იგეგმება არანაირი (რუსეთის) სამხედრო-საზღვაო ბაზა“. მისი თქმით, პორტში განთავსებულია სასაზღვრო კატერები და დე ფაქტო რესპუბლიკა ყველანაირი სცენარისთვის მომზადებულია. შამბას თქმით, შავი ზღვა კვლავ ხდება დაძაბულობის რეგიონი, რადგანაც სულ უფრო ხშირად ჩანს „ნატოს“ საზღვაო ხომალდები და დაზვერვითი ტიპის თვითმფრინავები, რაც უკმაყოფილებასა და სიფრთხილეს იწვევს დე ფაქტო მთავრობაშიც. აგვისტოში დასავლურ მედიაში აქტიურად იწერებოდა ოჩამჩირის პორტში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე. 2023 წლის 4 ოქტომბერს, სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მოწყობა იგეგმება.
ცხინვალის რეგიონი
ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ინალ საბანოვის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვეებში რეგიონში ე.წ. თავდაცვის ძალები გამორჩეულად აქტიურად გადიან წვრთნებს. დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ უკანასკნელი სამხედრო კონფლიქტების გამოცდილების საფუძველზე, პირადი შემადგენლობის მომზადების მეთოდებში ცვლილებები ინერგება, რაც სწავლებების სიხშირეზეც ახდენს გავლენას. სამხედრო წვრთნებში სავალდებული სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულები, რაც გასულ წლებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
სამხედრო წვრთნები
- 1 აგვისტოს რეგიონის ე.წ. თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა ტაქტიკური სროლის სწავლება გაიარეს. დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ სწავლების ფარგლებში მებრძოლები საბრძოლო სიტუაციის სიმულაციას ქალაქისა და სხვა რელიეფის პირობებში გადიან. ამასთან, „უწყების“ თანახმად, ტაქტიკური სროლის სწავლება მოიაზრებს საგანგებო სიტუაციაში სროლას უკიდურესად შეზღუდულ დროში, ასევე, გადაადგილებისას ცეცხლის გახსნის აუცილებლობისა და ცეცხლის მიმართულების სწრაფად შეცვლის სწავლებას როგორც მოკლე, ისე დიდ მანძილზე.

ე.წ. თავდაცვის ძალების სპეცრაზმელი სროლისას
- 2 აგვისტოს სპეცდანიშნულების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ წვრთნა გაიარა. მებრძოლები ამუშავებდნენ პირობითი მტრის სამიზნეებზე ფარულ მასიურ საარტილერიო შეტევას და შემდეგ, უკან დახევას. წვრთნა მთიან და ტყიან რელიეფში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მებძროლებს საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად შეზღუდული დრო ჰქონდათ და გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.

სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი ტყვიამფრქვევით
აღსანიშნავია, რომ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ეს სწავლება ჯამში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების გადაწყვეტილება ინალ საბანოვის იყო. „უწყების“ პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. თავდაცვის სამინისტროში შეაფასეს განვლილი 2 თვიანი სწავლება და სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

სპეცდანიშნულების ბატალიონის მებძროლი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით
- ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე საპატიო ყარაულის ასეულისთვის, სამხედრო განყოფილებებს შორის საბრძოლო კოორდინაციის პრაქტიკული წვრთნების ფარგლებში, თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების წვრთნა ჩატარდა. მებრძოლებმა სწავლებაში გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი და სხვა სამხედრო შეიარაღება.
- ე.წ. შსს-ს სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის, „სობრ“ - ის მებრძოლებმა დე ფაქტო უწყების სასწავლო მოედანზე „იარიგინის პისტოლეტით“, „MP-443“-ით საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. „უწყებაში“ განაცხადეს, რომ „სობრ“-ის მებრძოლები ახლო მომავალში იდენტურ სწავლებას გაივლიან კალაშნიკოვის ახალი ავტომატით - АК-15, რომელიც ექსპლუატაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელს ჩაიბარა. იარაღის მოდერნიზება 2020 წელსაც ჩაუტარდა და იგი სწორედ სპეცდანიშნულების რაზმებისთვის არის განკუთვნილი. საბანოვის გადაწყვეტილებით, „სობრ“-ის მებრძოლებისთვის საცეცხლე მომზადება ყოველ თვე ტარდება.

ე.წ. შსს-ს სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის მებრძოლები
- 7 აგვისტოს დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთ ხეობაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებისთვის ორკვირიანი საბანაკე შეკრება დაიწყო. მებრძოლებმა მთიანი რელიეფის პირობებში საცეცხლე მომზადების, ტაქტიკური შენიღვბისა და ბანაკის მოწყობის კურსი გაიარეს. დე ფაქტო უწყების თანახმად, სწავლება მოიცავდა სადაზვერვო მოქმედებების შესწავლასაც. 12 აგვისტოს მებრძოლებთან საბანოვიც ჩავიდა და პირადად დააკვირდა შეკრებას.

ინალ საბანოვი სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებთან
- 9 აგვისტოს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეთაურო ორგანოების ოფიცრებმა ყოველკვირეული საველე მომზადება გაიარეს. საცეცხლე მომზადების შემდეგ, ოფიცრებმა სამსახურებრივ-საშტატო იარაღით რამდენიმე კილომეტრიანი მარში შეასრულეს. სამეთაურო ორგანოების ოფიცრების ყოველკვირეული სწავლება საბანოვის ბრძანებით სრულდება.
- 16 აგვისტოს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წვევამდელებით დაკომპლექტებულ ცალკეული სასწავლო ასეულის პირად შემადგენლობას საცეცხლე პრაქტიკული წვრთნა ჩაუტარდა. რეკრუტებმა, რომლებიც არასაშტატო არტირელისტებად ითვლებიან, მანამდე სწავლება გამოცდილ ჯარისკაცებთან გაიარეს, საბანოვის ბრძანებით კი, პრაქტიკულ სწავლებაზე მათ უკვე საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარით - „2ს1 გვოზდიკა“ და ნაღმტყორცნებით არაპირდაპირი დამიზნებით სროლაში ივარჯიშეს.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს არასაშტატო არტილერისტები
- რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რეგიონის ძალოვანმა სტრუქტურებმა საერთო სწავლება ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო ე.წ. სახელმწიფო დაცვის სპეცრაზმმა, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, ე.წ. შსს-ს სპეციალური დანიშნულების მობილურმა რაზმმა („ომონ“), სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმმა („სობრ“) და ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიულ ღონისძიებათა მხარდაჭერის რაზმმა. სიმულაციური სწავლების სცენარის თანახმად, მტრის დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა გაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და ტყეში მიიმალნენ. სწავლებას დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევიც აკვირდებოდა.

ალან გაგლოევი ე.წ. თავდაცვისა და შს სამინისტროების მოსამსახურეებთან ერთად
- 27 აგვისტოს სავალდებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული სწავლება ჩატარდა. წვრთნის ფარგლებში, ჩამოყალიბდა რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებიც სპეციალიზდებოდნენ საარტილერიო დანადგარებზე, ნაღმტყორცნებზე, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე.
- ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის სასწავლო-მატერიალურ ბაზაზე საარტილერიო დანაყოფების მომზადება აქტიურად გრძელდება. უწყების თანახმად, სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ საარტილერიო გამოცდილება, წარმატებით ავითარებენ საარტილერიო ცეცხლის მართვის უნარებს. დიდი ყურადღება ეთმობა საცეცხლე პოზიციების შეცვლას, შენიღბვას და საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, საბრძოლო დანადგარების ევაკუაციას. საბანოვის გადაწყვეტილებით, სწავლებაში ჩაერთვნენ სავალდებული ჯარის მოსამსახურეებიც. საბანოვს სურს, რომ სავალდებული ჯარის რეკრუტებისთვის საარტილერიო სწავლება ეტაპობრივად გართულდეს და სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ, რეზერვში ჩარიცხულ რიგითებს სამხედრო სპეციალობა ჰქონდეთ.
- რეკრუტებმა, რომლებაც წარმატებით ჩააბარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლებლებში, ცხინვალში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ბაზაზე ზოგადსაჯარისო კომპლექსური სწავლება გაიარეს. „ახალგაზრდა მებრძოლის“ კურსის ფარგლებში რეკრუტები ორი კვირის განმავლობაში ადაპტირდებოდნენ სამხედრო საქმისთვის. რეკრუტებმა სწავლება 19 აგვისტოს დაასრულეს.

ოსი რეკრუტები
თეორიული სწავლებები
- ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა პროფესიული მომზადების გეგმის განხორციელების ფარგლებში, ოფიცრებისთვის გრძელდება თეორიული მეცადინეობები სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში. 2 აგვისტოს ოფიცრებისთვის გაიმართა სწავლება თემაზე - „ბატალიონის ტექნიკური მხარდაჭერა შეტევის მომზადებისთვისა და შეტევის დროს“.

ოსი ოფიცრები
- 7 აგვისტოს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მსროლელთა ბრიგადის სარდლობამ ოფიცრებს კომპლექსური თეორიული სწავლება ჩაუტარა.
ახალი ეკიპირება
- ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებისთვის, სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებისთვის, სამედიცინო სამსახურის სამხედრო პერსონალისა და შტატგარეშე სამედიცინო ინსტრუქტორებისთვის შეიძინეს ახალი საჯარისო პირველადი დახმარების ტაქტიკური ნაკრები. საბაზისო ნაკრებში შედის სახვევები, ჰემოსტატიკური ტურნიკეტი (ე.წ. ჟგუტი), თერმოჩანთა, დეკომპრესიის ნემსი, დასაკეცი საკაცე და ა.შ. უწყების თანახმად, ახლო მომავალში ეკიპირება ყველა სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

საჯარისო პირველადი დახმარების ტაქტიკური ნაკრები
ფიცის დადება
- 23 აგვისტოს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს რეკრუტებმა, რომლებაც წარმატებით ჩააბარეს რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში, საზეიმო ფიცი დადეს.

საზეიმო ფიცის დადების ცერემონიალი
შეხვედრები და ვიზიტები
- ინალ საბანოვმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმში - „არმია-2024“, რომელიც გაიმართა მოსკოვის რეგიონში. გარდა დე ფაქტო სამინისტროს დელეგაციისა, ფორუმში მონაწილეობას იღებდა 82 სახელმწიფოს სამხედრო დელეგაცია.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართულობა
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იბრძვიან. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ომში მონაწილეობენ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ისე მოხალისის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.
ღია წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან დაიღუპა 55 მებრძოლი, მათ შორის, 2024 წლის აგვისტოში - 1, აფხაზეთიდან კი - 26, მათ შორის, 2024 წლის აგვისტოში - 2. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული მებრძოლების შესახებ დეტალურად იხ.: ინტერაქტიური რუკა.
ცხინვალის რეგიონიდან აგვისტოში დაღუპული მებრძოლი რომიკ (რომეო) როლანდის ძე პლიევია. პლიევის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 13 აგვისტოს გავრცელდა. ის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე იყო. პლიევი 15 აგვისტოს ქ. ცხინვალში დაკრძალეს. მის დაკრძალვას დე ფაქტო მთავრობის წევრები და რეგიონში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ. დაკრძალვის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „როგორც კი დონბასის მიწაზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომეო უმალვე გაეშურა ფრონტზე“. პლიევი 44 წლის იყო და ჰყავდა 3 შვილი.

რომიკ (რომეო) პლიევი
აფხაზეთიდან აგვისტოში დაღუპული მებრძოლი კი, დანიელ ტუჟბაა, მეტსახელად „ბაკა“. თავდაპირველად „ბაკას“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს და ამავე ცნობით, ის დონეცკის ოლქში დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი გმირობისთვის, მას სიკვდილის შემდეგ „აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიის“ უმაღლესი ჯილდო - I თადარიგის გეორგიევსკის ოქროს ჯვარი გადაეცა. ტუჟბა 29 აგვისტოს სოხუმში დაკრძალეს. ტუჟბას შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ხოლო გავრცელებული ფოტოსურათით თუ ვიმსჯელებთ, ის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე უნდა ყოფილიყო.

დანიელ ტუჟბა - „ბაკა“
აფხაზეთიდან მეორე დაღუპული მებრძოლი ალექსეი ვადიმის ძე მალიუტაა. მალიუტას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოს გავრცელდა. მალიუტა წარმოშობით აფხაზეთიდან, ბიჭვინთადან იყო. ის დაიბადა 1990 წლის 12 ოქტომბერს და სწავლობდა „აგრბას სახელობის მეორე საშუალო სკოლაში“. 2024 წლის 17 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქ. ტოკმაკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული საბრძოლო დრონის იერიშის შედეგად, მალიუტა მძიმედ დაიჭრა. 26 აგვისტოს კი, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი გმირობისთვის, მას სიკვდილის შემდეგ „აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიის“ უმაღლესი ჯილდო - I თადარიგის გეორგიევსკის ოქროს ჯვარი გადაეცა. მალიუტა ბიჭვინთაში დაკრძალეს.

ალექსეი მალიუტა
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში კურსკის ოლქში უკრაინელთა შემოტევის მოსაგერიებლად დონბასში მებრძოლი მოხალისეთა ბატალიონების - „პიატნაშკა“ და „სარმატი“ წევრებიც გადაისროლეს. „პიატნაშკას“ მეთაური, ეთნიკურად აფხაზი, ახრა ავიძბაა, „სარმატის“ მეთაური - „ჩე გევარა“, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. ორივე ბატალიონში ოკუპირებული რეგიონების არაერთი წარმომადგენელი ირიცხება. პროპაგანდისულ ტელეგრამარხებში გავრცელებული ინფორმაციით, „სარმატმა“ ბატალიონთან - „არბატ“ ერთად კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტი - ნეჩაევი დაიბრუნა.
პროპაგანდისტული ღონისძიებები
- 2 აგვისტოს ალან გაგლოევმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მამა-შვილი, ბაგირ და ირბეკ ბიჩენოვები „მამულის დამცველის“ ორდენით დააჯილდოვა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.