გამოცემა: N24 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
კოზაკი-ბჟანიას სკანდალური პროტოკოლი და დაფინანსების შეწყვეტა
29 აგვისტოს აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე სკანდალური შეხვედრის პროტოკოლი გავრცელდა. შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ოკუპირებული რეგიონების კურატორ, დიმიტრი კოზაკს შორის 19 აგვისტოს, მოსკოვში, გაიმართა. პროტოკოლი 28 აგვისტოთი არის დათარიღებული და სოხუმის მიმართ ულტიმატუმის ფორმას ატარებს. პროტოკოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსკოვმა სოხუმს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ფაქტობრივად „სანქცია“ დაუწესა და 1 სექტემბრიდან დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა.
პროტოკოლის მიხედვით მოსკოვი სოხუმისგან, დაფინანსების სანაცვლოდ, ითხოვს ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას, რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას და რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე შეზღუდვების მოხსნას (ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებას).
სოხუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე კომენტარები გააკეთეს რუსეთში:
დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ. მისი თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების თანახმად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს ნაწილობრივ ან სრულად შეაჩეროს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთვის ფინანსური დახმარება, იმ შემთხვევაში თუ აფხაზური მხარე არ შეასრულებს იმ შეთანხმების მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამას. გამომდინარე იქიდან, რომ ჰარმონიზაციის პროგრამის ცალკეული პუნქტები არ შესრულდა სრულყოფილად, მათი შესრულების ვადა კი 2024 წლის 1 აგვისტო იყო, რუსულმა მხარემ შეაჩერა ფინანსური დახმარება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის და სოციალური მომსახურების სფეროებში. მხოლოდ აგვისტოში ეს თანხა შეადგენს 141.7 მლნ რუბლს. ამის მიუხედავად, აფხაზური მხარე თავად უზრუნველყოფს ნაკისრი საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას სხვა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გზით. ჯამში წლის ბოლომდე აფხაზეთი რუსეთისგან ვერ მიიღებს 700 მლნ რუბლს.“
აფხაზეთში დაფინანსების შეწყვეტა ურჩობისთვის რუსეთის სადამსჯელო ღონისძიებად აღიქვეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ანტირუსული განწყობების გაღვივებაშიც კი დაადანაშაულა. 23 სექტემბერს ბჟანიამ სამართალდამცავი ორგანოების საკოორდინაცო შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა. მან დაუშვებლად მიიჩნია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების საკითხზე სპეკულაციები. მისი თქმით, აფხაზეთში არიან საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეეები, რომლებსაც სურთ პარალელის გავლენა რუსეთის სახელმწიფოსა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან, რაც დაუშვებელია. „რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარია. არავინ საუბრობს მის შემადგენლობაში შესვლაზე. აფხაზეთი - დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ“, განაცხადა ბჟანიამ. შეხვედრას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბიც ესწრებოდა, რომელმაც ოპონენტებს ლექსიკა დაუწუნა და რუსეთის მიმართ სიტყვა კოლონიზატორის გამოყენებისთვის უსაყვედურა.
დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ გაფრთხილებად აღიქვეს აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა, შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, დროულად შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნები და 25 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტმა ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენად საკმარისია ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან დაფინანსების განახლებისთვის.
ბჟანიას გზავნილები
რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ბჟანიამ „აფხაზეთის ტელევიზიას“ ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რუსეთის დაფინანსების შეჩერება: თუ დაფინანსების პროცესი შეჩერდება, ეს აუცილებლად აისახება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ რაოდენობაზე. ამიტომაც, მოვლენების მსგავსი განვითარების დაშვება შეუძლებელია.
რუსეთთან ურთიერთობა: მე ვერ ვხედავ კრიზისს ჩვენს ურთიერთობებში. ვხედავ გარკვეულ გაურკვევლობას, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ აუცილებელი და სასარგებლო გადაწყვეტილებების ბლოკირებას ახდენს ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, რაც დაუშვებელია.
სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარება: სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება ეკონომიკის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს შეთანხმება არანაირ რისკს არ შეიცავს.
რუსული ინვესტიციები: ჩვენთან ინვესტიციები შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთიდან, დანარჩენი ყველაფერი ტყუილია. არანაირ ინვესტიციებს კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებიდან ჩვენთან არავინ მოიტანს. რუსული ინვესტიციები ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უსაფრთხოებისთვისაც დამატებითი ფაქტორია.
ნეიტრალური პასპორტები: ვერ ვხედავ ვერანაირ აუცილებლობას მივიღოთ ნეიტრალური პასპორტები. ეს იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის. ყველაფერი ეს გამომდინარეობს მათი პროგრამიდან - „ჩართულობა თანამშრომლბოს გზით“, რაც აფხაზეთის რეინტეგრაციას ითვალისწინებს. არავის ვუწევ რეკომენდაციას აიღოს ნეიტრალური პასპორტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი აფხაზური პასპორტი და ჩვენი მოკავშირის პასპორტიც, რაც სრულიად საკმარისია.
კიბერშეტევა „პრეზიდენტის“ ვებგვერდზე
16 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ გააუქმა ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმება. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ბჟანია ასევე თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასაც გეგმავდა. მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება, როგორც ჩანს, ბჟანიას დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რომელსაც შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ბოლო პერიოდში ისედაც გაურთულდა მოსკოვთან ურთიერთობა.
ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად განთავსებული ინფორმაცია
ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი
20 სექტემბერს „პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრმა“ მუშაობა სრულ ფორმატში დაიწყო. ცენტრი 16 მაისს, სოხუმში, ბიზნეს-ცენტრ „გუდოუ-პლაზაში“ გაიხსნა. მედიაცენტრის ფუნქციაა მედია გარემოს მონიტორინგი, მწვავე პრობლემების გამოვლენა და ამ საკითხებზე ბჟანიას ინფორმირება. ბჟანიას თქმით, ცენტრის მუშაობა შეამცირებს არაკორექტულ ინტერპრეტაციებს, რომლითაც დესტრუქციული ძალები სარგებლობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მიზნით. 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ბჟანია, რომელიც კიდევ ერთი ვადით აპირებს „პრეზიდენტობას“, საინფორმაციო ცენტრის თავისი საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებას აპირებს.
NGO-ების კრიტიკა
აფხაზეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას რუსეთშიც შეუერთდნენ. დე ფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ. მსგავსი „კანონის“ მიღება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის წინაშე აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც ამ საკითხზე შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ სრულდება.
რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, აფხაზეთში მოღვაწე დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდობის კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ და აიძულებენ მათ ზურგი აქციონ რუსეთს და გეზი აიღონ ამერიკისკენ. სიმონიანმა მაგალითად მოიყვანა USAID, რომელსაც მისი თქმით დოკუმენტებში უწერია, რომ ორგანიზაციის მიზანი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციაა.
აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა სპეცნაზ „ახმატის“ მეთაურმა, რუსეთის გმირმა აპტი ალაუდინოვმა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია. მისი თქმით, აფხაზეთი პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლაში თავისი ლიდერის გარშემო უნდა გაერთიანდეს.
თავდასხმა ჟურნალისტსა და აქტივისტზე
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის გარდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც გახშირდა. 15 სექტემბერს სოხუმის გარეუბანში თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ტელეგრამ არხის - „Абхазский портал“ ადმინისტრატორს, დევიდ გობეჩიას და „ХарахПицунда“ მოძრაობის აქტივისტს, ლია აგრბას. ნიღბიანმა თავდასხმელებმა გაზის ბალონები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, შემდეგ კი სცემეს გობეჩია, რაც კამერით გადაიღეს. აგრბას ჩანთა წაართვეს. აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციამ და ჟურნალისტებმა პოლიტიკური ტერორი უწოდეს. დე ფაქტო შს სამინისტრომ საკითხზე გამოძიება დაიწყო. ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა გაძლიერდა, რადგან მათ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების მთავარ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ.
ცხინვალის რეგიონი
ცხინვალში მოქმედ ბანკს აშშ-მა სანქციები დაუწესა
19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის უკანონო გადახდების მექანიზმში მონაწილეობის გამო აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა ხუთი იურიდიული და ერთი ფიზიკური პირი. იურიდიულ პირებს შორის არის ცხინვალში რეგისტრირებული „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიც“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს ორგანიზაციები და ფიზიკური პირი მონაწილეობენ უკანონო ფინანსურ სქემებში, რაც ჩრდილოეთ კორეას საშუალებას აძლევს მიიღოს წვდომა საერთაშორისო საბანკო სისტემაზე ფინანსური სანქციების დარღვევის გზით. სანქციები გათვალისწინებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 1718-ე რეზოლუციით და ჩრდილოეთ კორეის ბანკებთან საკორესპონდეციო ურთიერთობის აკრძალვის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 2270-ე რეზოლუციით.
„საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ 2015 წელს დარეგისტრირდა. „Meduza“-ს 2018 წლის ოქტომბრისა და „Washington Post“-ის 2018 წლის ნოემბრის ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, ბანკი საგანგებო შავი სქემისთვის შეიქმნა, რომელშიც ჩართული იყო რუსეთი, ცხინვალის რეგიონი და დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები. 2024 წლის თებერვალში „The New York Times“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედ ბანკში ანგარიში გახსნა. სტატიაში არ იყო მითითებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარი იყო „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკზე“.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი
ქართულენოვანი სკოლები ახალგორის რაიონში
6 სექტემბერს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში პედაგოგთა ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა, სადაც გასული სასწავლო წლის შედეგები შეაჯამეს და ახალი სასწავლო წლის საკითხებზე ისაუბრეს. საყურადღებოა, რომ ე.წ. რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განკარგულებით, „ლენინგორის (ახალგორის სახელწოდება ოკუპირებულ რეგიონში) ქართულ საშუალო საერთოსაგანმანათლებლო სკოლას“ ეწოდა „ლენინგორის საშუალო საერთოსაგანმანათლებლო სკოლა N2“. სკოლის ახალ დასახელებაში აღარ ფიგურირებს სიტყვა „ქართული“.
ახალგორი ერთადერთი რაიონია ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა წელს რაიონის ქართულენოვანმა საშუალო სკოლამ ბოლო კლასი გამოუშვა. შემდგომი წლიდან სკოლის მოსწავლეები რუსულენოვანი სკოლის ატესტატებს მიიღებენ. ადგილობრივი ქართული მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა 2019 წლიდან, როდესაც ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები დახურეს (2022 წლიდან ნაწილობრივ გაიხსნა). საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ოკუპირებული რეგიონი ბევრმა ეთნიკურად ქართველმა ახალგაზრდამაც დატოვა.
ახალგორის რაიონის განათლების სისტემაში 8 საშუალო საერთოსაგანმანათლებლო სკოლაა და 2 სკოლამდელი განათლების დაწესებულება. 2023-2024 წლებში მოსწავლეთა როდენობა 216 იყო. ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობდა ახალგორის N1 (85) და წინაგარის (41) სკოლებში.
რაიონში ასევე ფუნქციონირებს ღია განათლების ცენტრი, რომელიც არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ინიციატივითა და რუსეთის განათლების სამინისტროს მზარდაჭერით დაფუძნდა. მსგავსი ცენტრია გახსნილი გალის რაიონშიც. ცენტრის მიზანია რუსული ენის პოპულარიზაცია. ოკუპირებული რეგიონების ქართულენოვან რაიონებში ცენტრის გახსნა კი, ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაციას და ეროვნული იდენტობის შესუსტებასაც ისახავს მიზნად. ქართულენოვანი სკოლების დახურვის შემდეგ მსგავსი პოლიტიკის განხორციელება უფრო მარტივი იქნება. ქართულენოვანი სკოლები აღარ ფუნქციონირებს გალის რაიონშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია.
121-ე შეხვედრა ერგნეთში
12 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 121-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთში ივლისში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, უკანონო „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა. სუს-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ იმავე პერიოდში უკანონო დაკავების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, უკანონო პატიმრობაში კი რჩება საქართველოს კიდევ ცხრა მოქალაქე.
121-ე შეხვედრა ერგნეთში
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სოფ. ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გაუქმება. საქართველოს შს სამინისტრომ საგუშაგო 2019 წელს გახსნა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია და ეთნიკური ქართველებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მოჰყვა. კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უპილოტო საფრენი აპარატების საკითხსაც. კოჩიევმა ასევე ისაუბრა წინაგარის ზონის სოფლებში სარწყავი წყლის შეუფერხებელი მიწოდების შესახებ. საყურადღებოა, რომ სარწყავი წყლით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მდებარე სოფლები სარგებლობენ.
შემდეგი შეხვედრა 12 ნოემბერს დაიგეგმა.
ნავთობის ძიება
19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. ცხინვალის რაიონის სოფ. ღრომში ნავთობის საბადოს საძიებო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. პროექტის ხელმძღვანელის, იური კონდრიუკის განცხადებით, საძიებო სამუშაოების ფარგლებში 2000 მეტრი სიღრმეზე მოხდება გაბურღვა. ბურღვას კომპანია „ირნეფტეგაზ“ აწარმოებს. გაბურღვის დაწყების გადაწყვეტილება აპრილში მიიღეს, როდესაც დე ფაქტო მთავრობასა და კომპანია „სტროიპროგრესს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. „სტროიპროგრესის“ პრეზიდენტი ალბერტ ჯუსოევია, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. გაბურღვაში დასავლეთ ციმბირიდან მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობენ. სოფ. ღრომი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფ. მეჯვრისხევთან ახლოს მდებარეობს. 1950 წლებში სოფელში საბურღი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა შემდეგ ნავთობის მოპოვება აღარ გაგრძელებულა.
ნავთობის საძიებო სამუშაოები სოფ. ღრომში
შეხვედრები კურატორებთან
სექტემბერში გაგლოევი მოსკოვში კურატორებს შეხვდა. 25 სექტემბერს გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. 26 სექტემბერს კი გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით ყველაზე გავლენიანი პირია. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე 2030 წლამდე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
ალან გაგლოევის შეხვედრა ალექსანდრ ნოვაკთან
ბიძინა ივანიშვილის „ბოდიში“ და რეაგირება ოკუპირებულ რეგიონებში
14 სექტემბერს გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომში „გარე“ ძალები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშულა. მისი თქმით, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“. თავის გამოსვლაში ივანიშვილს არ უხსენებია რუსეთის პასუხისმგებლობა სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციაზე, რომელიც დღემდე გრძელდება.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, იური ვაზაგოვის შეფასებით, „საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების განცხადებები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პირდაპირ უკავშირდება 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს“. „ქართულ-ოსური ურთიერთობის სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე, ცხინვალში ელოდებიან არა მხოლოდ ზეპირ დეკლარაციებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სადაც მთავარ საკითხად რჩება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა. ამავე დროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ შეიძლება განხილვის საგანი იყო,“ - განაცხადა ვაზაგოვმა.
სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის არანაირი ღრმა გააზრება არ მომხდარა არც ბიძინა ივანიშვილის და არც სხვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან“. ცხინვალელი კომუნისტების შეფასებით, „ქართველი პოლიტიკოსების თვალმაქცობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის თემას ეხება, დიდი ხანია ცნობილია და არ იცის საზღვრები. 34 წელი გავიდა და მან (ივანიშვილი) მხოლოდ დღეს გააცნობიერა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს დანაშაულებების კატასტროფული შედეგები.“
კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომლის შეფასებითაც, ქართულ-ოსურ ურთიერთობების თემას, წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებენ. „სამინისტრო“ ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველო ძალის გამოუყნებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „საქართველოში შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი ჯერ კიდევ არის - იმედი ვიქონიოთ, რომ ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება.“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი განცხადება „შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“. „სამინისტროს“ შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აფხაზეთის რესპუბლიკას პირდაპირ არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება შერიგებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებით გამყარების შემთხვევაში, წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროში და რეაგირება ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში“. თავის გამოსვლაში კობახიძემ რუსეთი არ ახსენა. შემდეგ მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიმართა: „ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში“.
კობახიძის გამოსვლას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ლაკონურად გამოეხმაურნენ: „კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ერთი ერთში გამეორებული რიტორიკა საქართველოს ხელმძღვანელობისგან, ერთი და იგივე მითიური ტერმინებით. ვთლით რომ თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა იგივე განწყობით გააგრძელებს, ჩვენ ვერ შევძლებთ დადებითი შედეგების მიღწევას წარსულის გადალახვის კუთხით. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.“
კობახიძის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთეს ცხინვალის რეგიონშიც. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: „სამწუხაროდ ოფიციალური თბილისის პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში კარდინალურად არ შეცვლილა. არარსებულ ტერმინოლგიასა და ფაქტებზე აპელირება, რიტორიკა, რომელიც შორს არის რეალობისგან, იმას მიანიშნებს, რომ, წარსული არ შორდება საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს. სამხრეთ ოსეთის პოზიცია ცნობილია და იგი არაერთხელ გაჟღერდა ბოლო წლებში. კვლავ საკვანძო მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა.“
სერგეი ლავროვის განცხადება და რეაგირება ოკუპირებულ რეგიონებში
ივანიშვილისა და კობახიძის განცხადებებს 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე ასამბლეის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა. ლავროვის თქმით, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად „ქვეყნებმა“ უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია, თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის“.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა და ლავროვის გამოსვლიდან მხოლოდ ამონარიდი გამოაქვეყნა ვებგვერდზე. მოკლე კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ: „2008 წლის აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება. რუსი პარტნიორები ყველანაირად ხელს უწყობენ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკების პროცესს და საქართველოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმების მიღწევას, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კუთხით. რაც შეეხება მეზობელ საქართველოსთან მომავალში ურთიერთობის განვითარებას, ამ საკითხზე სამხრეთ ოსეთის აზრი ცნობილია და არაერთხელ გაჟღერებულა. ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ სამხრეთ ოსეთს აღიარებული ქვეყნის სტატუსი აქვს.“
კახა კალაძის განცხადება და რეაგირება ოკუპირებულ რეგიონებში
29 სექტემბერს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „პოზიტიურად“ აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას. „[ლავროვის] განცხადება პოზიტიურია, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა კალაძემ. „აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან დაბრუნდეს რწმენა ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კალაძის კომენტარის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ რუსეთთამ უნდა „დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები“, ნაცვლად იმისა, რომ „მითურ კონცეფციებზე“ ისაუბროს, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზურმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთთან „სტრატეგიული თანამშრომლობის“ მნიშვნელობას, მათ შორის რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს რუსეთის სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის ერთობლივი დაცვის შესახებ.“ „რაც შეეხება მომავალში საქართველოსთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყების განცხადებაში.
იმავდროულად, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის „სტრატეგიულ პარტნიორობას“ გაუსვა ხაზი. 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის“ 31 წლისთავი აღნიშნეს. 1993 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს, აფხაზმა სეპარატისტებმა კი, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების მხარდაჭერით აფხაზეთის ტერიტორიაზე (კოდორის ხეობის გამოკლებით) სრული კონტროლი დაამყარეს.