გამოცემა: N38 / მიმოხილვის პერიოდი: 1 – 30 სექტემბერი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
* შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.
აფხაზეთი
სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ე.წ. თავდაცვის ძალების აქტიურობა არ შეინიშნებოდა.
ცხინვალის რეგიონი
სამხედრო წვრთნები
- 2 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ კუთვნილი, საშტატო იარაღით არაგეგმიური მარში შეასრულა. მარშში მონაწილეობას ოფიცრები და მსროლელთა ბრიგადა იღებდა.
- 5 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის ძალების წვევამდელებისთვის გაიმართა ტაქტიკური და საცეცხლე მზადება. სწავლების ფარგლებში წვევამდელები იყენებდნენ საშტატო იარაღსა და სასწავლო ყუმბარებს.
- 6 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ჯავშანტრანსპორტიორებით მრავალკილომეტრიანი მარში შეასრულეს შემდეგი მიმართულებით - ცხინვალი-ძარი-გუფთა-ცხინვალი. ღონისძიების მიზანი მძღოლებისა და მექანიკოსების პროფესიონალური მომზადება იყო.
- 26 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის წვევამდელებით დაკომპლექტებულმა სასწავლო ასეულმა საცეცხლე მომზადება გაიარა. სწავლებას სპეცდანიშნულების ბატალიონის ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. წვევამდელები მოძრავი და უძრავი მიზნების მიმართულებით სროლაში ემზადებოდნენ.

წვევამდელები საცეცხლე მომზადებაზე
- 27 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის უწყებაში სამეთაურო-საშტაბო წვრთნებისთვის მზადება დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, წვრთნა არაერთ დღეს გასტანს და მასში ჩართული იქნებიან სხვადასხვა სამეთაურო რგოლები. წვრთნის მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდაა.
თეორიული სწავლებები
- 4 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სამხედრო კონუმიკაციის საფუძვლებში სწავლება გაიარეს. სემინარებში მონაწილეობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში ჩარიცხულმა იუნკერებმაც მიიღეს, რომლებიც სტაჟირებას ე.წ. თავდაცვის ძალებში გადიან. გარდა თეორიული სწავლებებისა, მსმენელებმა სამხედრო საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები შეისწავლეს. აღნიშნული სწავლება მიმდინარეობს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ოფიცერთა პროფესიულ-თანამდებობრივი მომზადების გეგმის“ მიხედვით.

ოსი ოფიცრები სწავლებაზე
- 10 სექტემბერს ოფიცერთა მომზადების გეგმის მიხედვით, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს ჩაუტარდათ თეორიული სწავლება თემაზე - „საინჟინრო მხარდაჭერა თავდასხმაში მყოფი ქვედანაყოფებისთვის“. სწავლების ფარგლებში ოფიცრები გაეცნენ რუსეთის თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების ტაქტიკურ ცვლილებებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მაგალითზე. გარდა ამისა, ოფიცრები გაეცნენ თემას - „უსაფრთხოების კონცეფცია. სამხედრო დოქტრინა მშვიდობიანი ქვეყნის პირობებში“.
- 10 სექტემბერს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ტოპოგრაფიაში თეორიული სწავლება გაიარა.
- 27 სექტემბერს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში დაიწყო პირადი შემადგენლობის სამედიცინო შემოწმება, რაც მიზნად ისახავს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის მხარდაჭერას.
სტაჟირება ე.წ. თავდაცვის სამინისტროში
- რუსეთის თავდაცვის ძალების კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსანტებმა სტაჟირება გაიარეს დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების სამედიცინო განყოფილებაში.
შეთანხმება რუსეთთან
- 19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა. შეთანხმებას ხელი ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა. შეთანხმების მიზანია რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
რუსი პოლკოვნიკის დაჯილდოება
- 19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი რაჯაბ ალიევი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.

ალან გაგლოევი და რაჯაბ ალიევი
სწავლა რუსეთში
- 13 სექტემბერს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვადიმ სიუკაევმა განაცხადა, რომ 2024 წელს რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში სწავლა ცხინვალის რეგიონის 80-მა „მოქალაქემ“ დაასრულა. მან აღნიშნა, რომ 2010 წლის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სამინისტროებს შორის შეთანხმებას რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში ოსი რეკრუტების მიღების თაობაზე, სწავლა რუსეთის სასწავლებლებში ჯამში დაასრულა რამდენიმე ასეულმა ოსმა ჯარისკაცმა. სიუკაევის თქმით, კურსდამთავრებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ე.წ. თავდაცვის ძალების მასშტაბი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რის გამოც დე ფაქტო სამინისტრო ხელს უწყობს ოს კურსდამთავრებულებს დაიწყონ მსახურება რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე.
ცხინვალის ცაზე ქართული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა შემცირდა
- 13 სექტემბერს ვადიმ სიუკაევმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საჰაერო სივრცის“ დარღვევის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მან განაცხადა, რომ ერთი წლის წინ ხშირად შეინიშნებოდა ქართული სადაზვერვო-უპილოტო საფრენი აპარატები ცხინვალის ცაზე, თუმცა „ახლა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენის ერთეული შემთხვევებია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა საფრენი აპარატების რაოდენობა, რადგან სამხედრო-სამრეწველი კომპლექსი იქ თავად აწარმოებს ამ აპარატებს“ - განაცხადა სიუკაევმა და ქართული საფრენი აპარატების სიმცირე ახსნა რეგიონში დისლოცირებული მე-4 სამხედრო ბაზის ეფექტური მოქმედებებით.