გამოცემა: N26 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
პოლიტიკური კრისიზი და ასლან ბჟანიას გადადგომა
15 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 19 ნოემბერს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, გადადგა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში პირდაპირ არ იყვნენ ჩართული რუსი კურატორები.
პოლიტიკური კრიზისი დააჩქარა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების, რომელსაც 30 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოაწერეს ხელი, რატიფიკაციის საკითხმა. დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციით, ეს იყო ერთადერთი გზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციები მოეზიდათ მაშინ, როდესაც, ოპოზიციის შეფასებით, შეთანხმების რატიფიკაცია არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა ადგილობრივ მეწარმეებს და რუს ოლიგარქებს, რომლებიც შეთანხმების ძალით არაერთ შეღავათს მიიღებდნენ და, საბოლოო ჯამში, აფხაზები დაკარგავდნენ სამუშაო ადგილებს და შემოსავლის წყაროს.
ახალი არალეგიტიმური ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას კვლავ აპირებს ბჟანია.
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის შესახებ დეტალურად იხ. სტატია.
საგარეო-პოლიტიკური აქტივობა
მუხამად ალის შეხვედრა მუხამად ალ-ჯალალისთან
შეხვედრა ეგვიპტეში
საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში
ოჩამჩირეში საკოინტენერო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ოქტაი ხაზირიშმა განაცხადა. ოჩამჩირის პორტთან ინტერმოდალური საკონტეინერო ტერმინალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით შენდება. მშენებლობა შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს. ხაზირიშის თქმით, დიდია ინტერესი საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია-ოპერატორებისგან.
ტერმინალის სიგრძე 250 მეტრი იქნება, სიგანე - 500 მეტრი. ტერმინალთან დაკავშირებული იქნება სარკინიგზო ხაზი და ვაგონებიდან ტვირთის ჩამოცლისთვის მოეწყობა პლატფორმები. ტერმინალის ტერიტორიაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 1200 კონტეინერის განთავსება.
საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და ბოლო წლებში „აფხაზეთის რკინიგზის“ გაზრდილი შემოსავლები მიუთითებს, რომ ოჩამჩირის პორტი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით რუსეთსა და თურქეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ცალკეული თურქული კომპანიების გემები ჩართული არიან ტვირთების გადაზიდვაში და ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერაში. თავის მხრივ, რუსეთი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სანქციების ქვეშ იმყოფება, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, აფხაზეთის ინფრასტრუქტურას არალეგალური ვაჭრობისთვის იყენებს.
ლუკაშენკოს აფხაზური ბიზნესი
13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, 20 ჰექტარი მიწა გადაეცა მის მიერ კონტროლირებად კომპანიას („Жемчужина 2010”-ის) „დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად”, რაც ითვალისწინებდა სანატორიუმისა და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე. მედიის ცნობით, ლუკაშენკოსთან დაკავშირებულ კომპანიას მიწის ნაკვეთი 2022 წლის 29 სექტემბერს გადასცეს.
არსებული მონაცემებით, კომპანიის 90% ბელარუსის მოქალაქეს ეკუთვნის. საბოლოო ჯამში კომპანია დაკავშირებულია ვიქტორ შეიმანთან, რომელიც ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელია. შეიმანი, რომელიც 2021 წლის ივნისიდან ოფიციალურად თანამდებობას არ იკავებს, ესწრებოდა ლუკაშენკოს ბჟანიასთან შეხვედრას, როგორც 2022 წლის სექტემბერში, ბიჭვინთაში, ასევე, მინსკში, 2023 წლის თებერვალში.
ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ინფორმაციით, აფხაზეთის „გენერალურმა პროკურორმა“, ადგურ აგრბამ, „უხეშად უპასუხა” „ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის” მოთხოვნას, რომელმაც აფხაზეთში ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა და „პროკურატურიდან“ დეტალების დაზუსტებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ამ ეტაპისთვის რაიმე მშენებლობა არ განხორციელებულა.
ცხინვალის რეგიონი
რატომ გაიზარდა საწვავის ფასი?
2024 წელს ცხინვალის რეგიონში საწვავის ფასი 6 რუბლით გაიზარდა. თუ იანვარში „АИ-92“ მარკის საწვავზე ფასი 54 რუბლი იყო, აგვისტოში 56 რუბლი გახდა, 1 ნოემბრიდან კი - 60 რუბლი. საწვავი რეგიონში ძირითადად ე.წ. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ „იუგოსეტნეფტეპროდუქტ“-ის სადგურებზე იყიდება და რუსეთიდან მარაგდება. საწვავის ფასის გაზრდა რუსეთში შესასყიდი ფასის ზრდით არის გამოწვეული.
სანქციები ანატოლი ბიბილოვს
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ფარგლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს 7 ნოემბერს სანქციები დაუწესა. 56 ახალი სანქციის სამიზნეები გახდნენ ის მომწოდებლები, რომლებიც რუსეთის სამხედრო წარმოებას ეხმარებიან, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაქირავებული ჯგუფები, რომლებიც სუბსაჰარის აფრიკაში მოქმედებენ, კრემლთან დაკავშირებული 3 კერძო დაქირავებული ჯგუფი და ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული 11 პირი. ბიბილოვს კრემლთან დაკავშირებულ კერძო დაქირავებულ ჯგუფებთან კავშირის გამო დაუწესეს სანქციები, რომლებიც მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სანქციებს სატრასტო მომსახურებაზე.
„ანატოლი ილიჩ ბიბილოვი მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში ან მისთვის საფრთხის შექმნაში, რადგან იგი მონაწილეობს, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
შეხვედრა კურატორთან
14 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ცხინვალის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2022-2025 წლებში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე.
შეხვედრები სახელმწიფო დუმაში
26 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევი მოსკოვში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა. ცხინვალის ცნობით, შეხვედრაზე „ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ეფექტური განვითარების საკითხები“ განიხილეს. ცხინვალის დელეგაციამ 25-27 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ფრაქციათაშორის კონფერენციაში - „დსთ-ის ქვეყნებში საპარლამენტო თანამშრომლობაში პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების ფრაქციების ურთიერთობის როლი.“ სახელმწიფო დუმაში ვიზიტის ფარგლებში მარგიევი „ერთიანი რუსეთისა“ და „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ფრაქციების წევრებსაც შეხვდა. ვოლოდინი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით აქტიურობს და პერიოდულად მასპინძლობს ოკუპირებული რეგიონების „საპარლამენტო“ დელეგაციებს.
ალან მარგიევის შეხვედრა ვიაჩესლავ ვოლოდინთან
სამხედრო თანამშრომლობა მოსკოვთან
23 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“.
შეთანხმებას 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანია სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება. შეთანხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების წესს განსაზღვრავს. უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებულ რეგიონში პრაქტიკულად აღარ არსებობს ადგილობრივი შეიარაღებული ძალები, რომლის რაოდენობაც მინიმალურია. ე.წ. შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებისთვის მწვავედ აკრიტიკებდნენ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს.
ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუძლია სამხედრო სამსახურის გავლა. არაერთი ეთნიკურად ოსი სამხედრო ამჟამად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს.
ერგნეთში IPRM-ის 122-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში 19 ნოემბერს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 122-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხი იყო. ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ცხრა მოქალაქეა. ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხს. „ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე “, – განაცხადა ანთაძემ.
ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, მათი მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებისა და მოქალაქეების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საკითხი დაისვა. კოჩიევმა სიგარეტის კონტრაბანდასა და ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზეც ისაუბრა. კოჩიევმა ამჯერადაც ისაუბრა სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებაზე.
IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში დაიგეგმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი
5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 62-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, თბილისიდან შემოსული შემრიგებლური სიგნალები პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაიზარდოს და რომ თბილისმა აიღოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, ასევე დაიწყოს დელიმიტაციის, შემდეგ კი დემარკაციის პროცესი ცხინვალთან და სოხუმთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვინაიდან შვეიცარიამ ფაქტიურად დაკარგა ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის „ანტირუსული უკანონო სანქციების ყველა პაკეტს“ შეუერთდა, კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის თაობაზე. ამ საკითხში მოსკოვს სოხუმი და ცხინვალიც მხარს უჭერენ.
აფხაზური წყაროების ცნობით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საქმიანობის განახლება დისკუსიის მთავარი ელემენტი იყო, სადაც ყველა დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მექანიზმის აღდგენის მიმართ. თუმცა, მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები IPRM-ის შეხვედრების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით დამაბრკოლებელ ფაქტორად დასახელდა. მეორე სამუშაო ჯგუფში აფხაზმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ე.წ. „ეროვნული პასპორტების“ მქონე მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებაზე.
ცხინვალის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ძალის არგამოყენების შეთანხმების საკითხზე. მათ ხაზი გაუსვეს IPRM-ის ეფექტურ ფუნქციონირებას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფს. ცხინვალმა თბილისს კვლავ მოუწოდა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციის ერთობლივი სამუშაოები დაწყების შესახებ. ცხინვალმა ამჯერადად ისაუბრა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, ოსების უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო წლებია არ შეუძლიათ საკუთარ სახლებსა და მიწების მონახულება.”
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2025 წლის მარტში გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი