გამოცემა: N28 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2025
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
ახალი კურატორის ვიზიტი
31 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია. კირიენკო რუსეთის ხელისუფლებაში გავლენიანი ფიგურაა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იქნება ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი. საინტერესოა, რომ კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა.
აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებს. ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. კირიენკოს ვიზიტი საყურადღებოა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.
წინასაარჩევნო კამპანია
10 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ამის გამო დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა შვებულებაში გავიდა, რადგან იგი „პრეზიდენტობის“ კანდიდატია. „პრეზიდენტის“ მოვალეობას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა შეასრულებს. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი კანდიდატი იბრძოლებს: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
სკანდალური გამოკითხვა
19-21 იანვრის პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვაში 1634 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრის (ВЦИОМ) დირექტორმა, ვალერი ფედოროვმა განაცხადა. კვლევა სხვადასხვა საკითხზე ჩატარდა. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, მოახლოებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბადრა გუნბას გამოკითხულთა 32% უჭერს მხარს, ადგურ არძინბას კი - 15%, ოლეგ ბარციცს - 7%, რობერტ არშბას - 5% და ადგურ ხურხუმალს - 2%.
გამოკითხვის შედეგები
აფხაზეთში მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა პირველად ჩატარდა. ამიტომაც მისმა ჩატარებამ და შედეგების გამოცხადებამ სკანდალი გამოიწვია. თავდაპირველად უცნობი იყო თუ ვინ ატარებდა სატელეფონო გამოკითხვას. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, სატელეფონო გამოკითხვა, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები უნდა გამოეკვლია, არ იყო შეთანხმებული ე.წ. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ კვლევას რუსული კომპანია ატარებდა. კვლევის შედეგებმა გააჩინა ეჭვები, რომ კვლევის ორგანიზატორებს სიმპატიები აქვთ ბადრა გუნბას მიმართ, რომელიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის გუნდის წევრია. მოსკოვის მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ კრემლისთვის სასურველი კანდიდატი გუნბაა.
ფედოროვის განცხადებით, მისი ინტერვიუ არ გააშუქა აფხაზეთის ტელევიზიამ. მისი თქმით, ასევე პრობლემები იყო კვლევის ჩატარების დროს, კერძოდ, მათ ინტერვიუერებს პრობლემებს უქმნიდნენ. აფხაზეთში ეჭვობენ, რომ რუსეთში გარკვეული ძალები აფხაზი „ამომრჩევლების“ განწყობებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ „არჩევნებს“ გუნბა მოიგებს.
ვის ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა?
აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიქაას და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად „რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხის შექმნა“ დასახელდა. მიქაა და კვარჩია 2024 წლის ნოემბერში ასლან ბჟანიას წინააღმდეგ პროტესტის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ. არსებობს ეჭვები, რომ სწორედ ამისთვის ისჯებიან ისინი. რუსულ მედიაში მათ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიამ ისინი ანტირუსულ ძალებად გამოაცხადა. მსგავსი ბრალდება გაისმის ადგურ არძინბას მიმართაც, რომელიც ასევე იყო პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მოსკოვმა 2024 წელს მიიღო ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ წევრების: დავით სანაკოევის, ძამბოლატ მედოევისა და გარი მულდაროვის მიმართაც. მათ 2049 წლამდე რუსეთში შესვლაც აუკრძალეს. მიზეზად დასახელდა „ქმედება, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვრის სიახლოვეს“. დეპუტატები „საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დადგენას“ ითხოვდნენ. გავრცელებული მოსაზრებით, „დეპუტატები“ იმისთვის დაისაჯნენ, რომ მათი ქმედებები ხელს უშლიდა რუსეთ-საქართველოს დაახლოების პროცესს. კრემლისთვის ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება პრიორიტეტულია, „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა კი, თბილისის მიმართ პოზიტიური გზავნილი იყო.
ანტირუსული ქმედებები
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები, სადაც საუბარია აფხაზეთში ანტირუსული ძალების გააქტიურების შესახებ. აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. რუსულ მედიაში გავრცელებული დისკურსის მიხედვით, აფხაზეთში ანტირუსული ძალებია და დაპირისპირება მიმდინარეობს პრორუსულ და ანტირუსულ კანდიდატებს შორის. ამ საკითხზე დახმარების თხოვნით ბგანბამ რუსეთის პრეზიდენტსაც კი მიმართა.
ანტირუსულ განწყობებთან დაკავშირებით 31 იანვარს პრესკონფერენციაც კი გამართეს კანდიდატებმა, სადაც განაცხადეს, რომ აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობები.
საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში
ოჩამჩირის პორტიდან ნახევარ კილომეტრში ინტერმოდალური საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალი მზად არის ტვირთების მისაღებად. მშენებლობა შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში რუსეთის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 800 მლნ რუბლია, მათ შორის 740 მლნ კრედიტია. ტერმინალის მიზანია უზრუნველყოს ტვირთების სწრაფი მიწოდება რუსეთიდან მესამე ქვეყნებში, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით.
ტერმინალის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე – 500 მეტრი. ტერმინალი 1.5 ჰექტარის ტერიტორიაზეა განთავსებული. ტერმინალთან დაკავშირებულია სამი სარკინიგზო ხაზი, საერთო სიგრძით - 550 მეტრი, და ვაგონებიდან ტვირთის ჩამოცლისთვის მოწყობილია პლატფორმები. ტერმინალის ტერიტორიაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 1200 კონტეინერის განთავსება.
საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში
მკვლელობა სოხუმში
11 იანვარს სოხუმში, კაფე „ბისკვიტში“, კონფლიქტის შედეგად სამი პირი მოკლეს: ნარსოუ ჟიბა და მისი ძმა ეშსოუ ჟიბა, და ლაშარელა კვიცინია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასლან დოჩიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგი იმ დღესვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დოჩია სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციაში მუშაობდა და კონფლიქტი უძრავი ქონების საკითხზე მოუვიდა. აფხაზეთში მსგავსი კრიმინალური გარჩევები ხშირია, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობაში გავრცელებულია დაურეგისტრირებელი იარაღი, რომელსაც მსგავსი გარჩევების დროს ხშირად იყენებენ.
საყურადღებოა, რომ კვლავ არ არის დაკავებული „დეპუტატი“ ადგურ ხარაზია, რომელმაც 19 დეკემბერს მისი კოლეგა ვახტანგ გოლანძია მოკლა. გოლანძია „პარლამენტის“ შენობაში წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ხარაზიასა და მეორე „დეპუტატის“, კან კვარჩიას გაშველებას ცდილობდა, როდესაც ხარაზიამ იარაღიდან ისროლა, რის შედეგადაც გოლანძია დაიღუპა, კვარჩია კი დაიჭრა.
ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა
1 იანვრიდან აფხაზეთში ელექტრონერგიაზე ტარიფები გაიზარდა: ფიზიკური პირები გადაიხდიან 1.70 რუბლიდან 2.20 რუბლამდე; არაკომერციული ორგანიზაციები ჯანდაცვისა და განათლების სფეროში - 2.20 რუბლს; სარკინიგზო ობიექტები და აეროპორტი - 2.20 რუბლს; იურიდიული პირები და ინდმეწარმეები - 3.20 რუბლს; „სახელმწიფო“ ორგანიზაციები და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ობიექტები - 3.10 რუბლს, კრიპტოვალუტის მწარმოებლები - 4.20 რუბლს. ტარიფების გაზრდა 2022 წლის „მთავრობის“ გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა, რაც ეტაპობრივად ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, ტარიფების ზრდა 1 აპრილამდე დროებით შეჩერდა.
დაბალი ტარიფები და გადახდების დაბალი მაჩვენებელი აფხაზეთში არსებული ენერგოკრიზისის მიზეზია. 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა. ამჟამად, აფხაზეთი ე.წ. სოციალურ ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს. ბგანბას განცხადებით, აფხაზეთი დღეში 7.5 მლნ კილოვატ საათ ელექტროენერგიას იღებს, მათ შორის 6 მლნ-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი - ენგურჰესი უზრუნველყოფს, რომელიც მინიმალური დატვირთვით მუშაობს. ბგანბამ ენერგოსფეროში არსებული ვითარება კრიტიკულად შეაფასა და თებერვლის დასაწყისში ამ მხრივ ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა. დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრ ჯანსუღ ნანბას განცხადებით მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსულ კომპანია „ინტერრაოსთან“ ელექტროენერგიის კომერციულ ფასში შეძენის საკითხზე. მთავარი გამოწვევა კვლავ კრიპტოვალუტის წარმოებაა, რომელიც დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კრიპტოვალუტის არალეგალურ მწარმოებლებთან ბრძოლის მიუხედავად, ამ მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა.
ტრაგედია გალში
5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. საბერიოში ხანძარი გაუჩნდა სახლს, სადაც ბებია და მისი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად, ჭოლარიების ოჯახში, ხუთივე ბავშვი დაიღუპა, ბებია კი დაშავდა. ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული წინასწარი განცხადებით, ხანძარი ბებიის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც ღუმელში ცეცხლის დანთების დროს შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა. ტრაგედიის შემდეგ 6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სოფ. საბერიოში დამწვარი სახლი
„ჯაშუშის“ გასამართლება
21 იანვარს აფხაზეთის „სასამართლომ“ კახა მურადოვის წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მურადოვს 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მურადოვი 2024 წლის 24 აპრილს გაგრაში დააკავეს. იგი საქართველოს და ამავე დროს აფხაზეთის „მოქალაქეა“. სამსახურის ცნობით, „მურადოვი 1977 წელს დაიბადა აფხაზეთში. 1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს-ში, 1999 წელს კი აფხაზეთში ჩავიდა. მისი ერთ-ერთი დავალება იყო თვალი ედევნებინა მატარებლებისთვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან შემოდიოდნენ, უნდა გაერკვია, იყო თუ არა მატარებელი დატვირთული ჯავშანტექნიკით ან სხვა სამხედრო ტექნიკით“. მურადოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა. გასულ წლებში ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურებმა“ რამდენიმე „ჯაშუში“ გამოავლინეს, რომლებიც მათი შეფასებით, „საქართველოს სასარგებლოდ ინფორმაციას აგროვებდნენ“.
ცხინვალის რეგიონი
საქმის გარჩევა გაგლოევთან
ცხინვალში 8 იანვარს, ღამით, ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმა გაიტაცეს და სცემეს ჟურნალისტს, 2017-2022 წლებში გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილ რედაქტორს, ალექსანდრ ქელეხსაევს, რის შემდეგაც იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან კაბინეტში მიიყვანეს. ძალადობის მიზეზი ქელეხსაევის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული უკმაყოფილება იყო ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფის გაზრდის გამო. 9 იანვარს ქელეხსაევმა ე.წ. გენპროკურატურას მიმართა. ქელეხსაევმა პრეტენზიები გამოთქვა ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ, გაგლოევთან საუბარს კი კორექტული უწოდა.
ქელეხსაევი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერია და გაგლოევს აკრიტიკებს.
15 იანვარს ქელეხსაევმა თავისი განცხადება გამოიტანა ე.წ. გენპროკურატურიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შერიგდნენ „ოფიციალურადაც, კაცურადაც და ცხინვალურადაც“. მსგავსი სახის გარჩევები ცხინვალის რეგიონში გავრცელებული პრაქტიკაა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი ანგარიშსწორების მსგავს ფორმებს ხშირად მიმართავენ.
ალექსანდრ ქელეხსაევის კომენტარი სოციალურ ქსელში
გაზრდილი ტარიფები
ცხინვალის რეგიონში 1 იანვრიდან ტარიფები გაიზარდა ელექტროენერგიასა და გაზზე. ელექტროენერგიის გადასახადი იმ მოსახლეობისთვის, ვისაც გაზიც მიეწოდება, იქნება 3.89 რუბლი, ადრინდელი 3.36 რუბლის ნაცვლად, მოსახლეობისთვის კი, ვისაც გაზი არ მიეწოდება - 2.65 რუბლიდან 3.12 რუბლამდე გაიზრდება. სხვა მომხმარებლებისთვის ტარიფი 4.73 რუბლამდე გაიზრდება, რაც 50 კაპიკით მეტია ძველ ტარიფზე.
მოსახლეობისთვის გაიზრდება გაზის ტარიფიც, ერთ კუბურ მეტრზე 5.05 რუბლიდან 5.5 რუბლამდე, სხვა მომხმარებლებისთვის 6.33 რუბლიდან 6.95 რუბლამდე.
არ იცვლება წყლისა და წყალანირების მომსახურების ტარიფი მოსახლეობისთვის. ტარიფი უცვლელი იქნება - 2.75 რუბლი. სხვა მომხმარებლებისთვის ტარიფი უცვლელია და შესაბამისად დარჩება 9.74 რუბლი და 13.90 რუბლი. ბოლოს ტარიფები 2023 წლის მარტსა და ივლისში შეიცვალა.
„უშიშროების კომიტეტის“ განცხადება
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, თბილისი აგრძელებს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ვითარების გართულებას „სახელმწიფო საზღვარზე“ (საოკუპაციო ხაზზე), უარს ამბობს ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს და იმის მაგივრად რომ საზღვარზე ინციდენტები აღკვეთოს, აქეზებს თავის მოქალაქეებს „სასაზღვრო“ სფეროში დანაშაული ჩაიდინონ. ამ განცხადებას წინ უსწრებდა, 22 იანვარს საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის განთავისუფლება. ისინი, 2024 წელს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს და „ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე“ გაანთავისუფლეს და არა თბილისის ძალისხმევის შედეგად. ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ქართულ მხარეს 22 იანვარს გადასცეს.