გამოცემა: N29 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2025
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
„საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველი ტური
2025 წლის 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ვადაზე ადრე ჩატარდა, რადგან 2024 წელს განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, „არჩევნების“ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ერთმანეთს კრემლის ფავორიტი, „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და ყოფილი ეკონომიკის „მინისტრი“ და „ვიცე-პრემიერი“ ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის მონაცემებით, გუნბამ საერთო ხმების 46.38% (45 817 ხმა) მიიღო, არძინბამ - 36.92% (36 476). „არჩევნებში“ „ამომრჩეველთა“ 69%-მა (98 790 ადამიანი) მიიღო მონაწილეობა. მეორე ტური 1 მარტს ჩატარდება.
„წინასაარჩევნო“ პერიოდში გამოიკვეთა თუ ვინ არის კრემლის ფავორიტი. გუნბას რუსეთმა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, არძინბას კი, რუსულ მედიაში „პუტჩისტისა“ და ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსის იარლიყი მიაკერეს. გუნბამ „კანდიდატის“ რანგში არაერთი შეხვედრა გამართა რუსეთის მთავრობის წევრებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. გუნბას „წყალობით“, უცებ მოგვარდა ენერგოკრიზისი და რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგია მიაწოდა; რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვთან გუნბას შეხვედრის შემდეგ, სწრაფადვე გამოინახა 344 მლნ რუბლი აფხაზეთისთვის; რუსეთმა საჩუქრად გამოყო სასწრაფო დახმარების მანქანები და სასკოლო ავტობუსები, რომლის გადაცემის ცერემონიაშიც გუნბამ მიიღო მონაწილეობა; ასევე გამოინახა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა გუნბასა და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს შეხვედრის შემდეგ; მოსკოვიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში ჩამოსულ პირველ თვითმფრინვასაც გუნბა ჩამოყვა.
საინტერესო იყო გუნბას შეხვედრა ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან, რომელიც რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვი სოხუმს ეთანხმება, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება არ იქნება განხორციელებული ისე, როგორც იგეგმებოდა. მისი თქმით, ისინი დაუბრუნდებიან ამ საკითხს და უზრუნველყოფენ ორმხრივი ინტერესების ბალანსს. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი და ბჟანიას გადადგომა. შეთანხმების მოწინააღმდეგეების შეფასებით, რუსი ოლიგარქები აფხაზ ბიზნესმენებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ, რაც აფხაზურ „სუვერენიტეტსაც“ შეუქმნიდა საფრთხეს.
რუსეთის მიერ გუნბას კანდიდატურის დაუფარავმა მხარდაჭერამ მისი მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მეორე ტურამდე ვითარების დაძაბვა მოჰყვა. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ 21 თებერვალს გუნბა და არძინბა პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და „არჩევნების“ მეორე ტურამდე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. არძინბას მომხრეები ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც კი მივიდნენ და მეორე ტურის სამართლიანი ჩატარებისთვის კომისიას პირობები წაუყენეს.
არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ დეტალურად იხ. რონდელის ფონდის სტატია.
თბილისის რეაგირება
არალეგიტიმური არჩევნები დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა. აფხაზეთის ე.წ. არჩევნები „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, „უკანონოა“ და „ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, განაცხადა სამინისტრომ 15 თებერვალს.
რატომ გაუქმდა „საარჩევნო“ უბანი თურქეთში?
„არჩევნებამდე“ ორი დღით ადრე თურქეთის საქარიის პროვინციაში, სადაც აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ, „საარჩევნო“ უბანი დაიხურა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, „არჩევნები თურქეთში ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციის გამო გაუქმდა“. კომისიის თავჯდომარის, დმიტრი მარშანის განცხადებით, „თურქეთის ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს უბანი დახურულიყო. ჩვენ ვაკვირდებოდით სიტუაციას და ვხედავდით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ მისცემდნენ ნების გამოხატვის საშუალებას მშვიდ დემოკრატიულ გარემოში.“ საინტერესოა, რომ თურქეთში მცხოვრებ მოჰაჯირების შთამომავლებს აფხაზეთში შესვლის საშუალებაც არ მისცეს. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თურქეთის მოქალაქე აფხაზეთში ვერ შევიდა და რუსეთის ხელისუფლებამ მისი დეპორტაცია სოჭის აეროპორტიდან მოახდინა. მსგავსი გადაწყვეტილება უფრო იმით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები პოლიტიკურ სიმპატიებს კრემლის ფავორიტი გუნბას მოწინააღმდეგის, არძინბას მიმართ ავლენენ.
საერთაშორისო „დამკვირვებლები“ „არჩევნებზე“
არალეგიტიმური არჩევნების ლიგიტიმაციის მიზნით „არჩევნებს“ საერთაშორისო „დამკვირვებლებიც“ ესწრებოდნენ. ოკუპირებულ რეგიონებში „დამკვირვებლები“, როგორც წესი, ძირითადად რუსეთის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები ან ზოგიერთ ქვეყნებში მოღვაწე ცალკეული პირები არიან. ამჯერად აფხაზეთში იმყოფებოდნენ ტუნისის რესპუბლიკის სახალხო წარმომადგენლების ასამბლეის დეპუტატი, ალი ზახდუდი, ბოლივიის მრავალნაციონალური საკანონმდებლო კრების სენატის წევრი ლაურა დე ჩაუკა, პეტროს ვოლდესენბეტი (ეთიოპია), გორან შიმპრაგა (სერბეთი), გორან დიმოვი (ჩრდილოეთ მაკედონია), მოხამად საიედ ბახმანი (ირანი). „არჩევნებს“ აკვირდებოდა იტალიაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა „ელჩი“ ვიტო გრიტანი და იტალიური ჟურნალის, „Gente di Bracciano“ რედაქტორი გრაციაროზა ვილანი. გრიტანი ოკუპირებული რეგიონების დიდი ხნის მხარდაჭერია და იტალიაში მათ ინტერესებს ლობირებს.
ვიტო გრიტანი პრესკონფერენციაზე
კომისიის ცნობით, „არჩევნებს“ 25 სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე საერთაშორისო „დამკვირვებელი“ აკვირდებოდა. საინტერესოა, რომ რუსეთი ამ მხრივ საკმაოდ მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო ვიზიტის ორგანიზება.
საკადრო ცვლილება
17 თებერვალს „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი დმიტრი ქუჩუბერია თანამდებობიდან გაანთავისუფლა. უფროსის მოვალეობის შესრულება კი, დროებით, ქუჩუბერიას მოადგილეს, ალხას ჩიჩბას დააკისრა. ამ საკითხზე საინტერესო განცხადება გაავრცელა თავად ქუჩუბერიამ, რომლის თქმითაც, მას პირადად დაურეკა ადგურ არძინბამ და ბგანბასთან კაბინეტში მისვლა მოსთხოვა. შეხვედრაზე მას ჰკითხეს, შეეძლო თუ არა აფხაზეთს დამოუკიდებლად დაეცვა საზღვარი რუსეთის გარეშე. „კითხვა იყო პირდაპირი ბგანბას მხრიდან, რას აკეთებს ამდენი რუსი თანამშრომელი? ესე იგი, შენ ვერ ართმევ მოვალეობას თავს“, განაცხადა ქუჩუბერიამ. ქუჩუბერიას განთავისუფლება „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. არძინბას მომხრეებს, მათ შორის ბგანბას, საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მოქმედი „მინისტრები“ გუნბას უჭერენ მხარს. მისი განთავისუფლება გუნბას სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის შესუსტებას ისახავს მიზნად. ძალოვანებზე კონტროლის გაზრდის მიზნით, ბგანბამ „ვიცე-პრემიერად“ თავისი გუნდის წევრი ზურაბ მარგანია დანიშნა, რომელმაც არ უნდა დაუშვას გუნბას სასარგებლოდ ძალოვანების მუშაობა.
პირველი სატესტო ფრენა სოხუმის აეროპორტში
7 თებერვალს სოხუმის აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის - „აერო“-ს თვითმფრინავი დაჯდა. 32 წლის შემდეგ, სოხუმის აეროპორტმა სამოქალაქო რეისი პირველად მიიღო. რეისით იმგზავრა 21-მა მგზავრმა, მათ შორის, გუნბამ. აეროპორტის რეაბილიტაცია რუსულმა კომპანიამ განახორციელა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია. აეროპორტის სრულად ამოქმედება ტურისტული სეზონის დაწყებისთვის იგეგმება. (სოხუმის აეროპორტის შესახებ დეტალურად იხ. სტატია).
პირველი სატესტო ფრენა სოხუმის აეროპორტში
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი
23 თებერვალს აფხაზეთს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მურაშკომ სოხუმში საბავშვო საავადმყოფოს სამშენებლო მოედანი მოინახულა. საავადმყოფოს მშენებლობა რუსული დაფინანსებით 2026 წელს უნდა დასრულდეს. მურაშკომ გუნბასთან ერთად ტელემედიცინის ცენტრის მუშაობაც შეამოწმა. ცენტრი 2025 წლის 20 თებერვალს სატესტო რეჟიმში ამუშავდა. რუსი მინისტრის „საარჩევნო“ პერიოდში ვიზიტი გუნბას კანდიდატურისადმი კრემლის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მიხაილ მურაშკოს ვიზიტი
რატომ გადადეს ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნები“?
ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნები“ ოკუპირებულ აფხაზეთში თავდაპირველად 6 აპრილს დაინიშნა. თუმცა, 19 თებერვალს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების „დეპუტატებს“ უფლებამოსილების ვადა 7 ივნისამდე გაუხანგრძლივეს. ვადის გადაწევა, სავარაუდოდ, მიმდინარე „საპრეზიდენტო არჩევნებს“ უკავშირდება, რომლის მეორე ტურიც 1 მარტს ჩატარდება. 1993 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ აფხაზეთში არალეგიტიმური თვითმმართველობის არჩევნები 7-ჯერ ჩატარდა. ბოლო ასეთი „არჩევნები“ 2021 წელს ჩატარდა.
რა ბედი ელის სირიასთან ურთიერთობას?
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, „სირიაში აფხაზეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას ძველებურ რეჟიმში, ამჯერად სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან. ამ მხრივ არ არის რაიმე პრობლემა, ახალი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს საელჩოს დაცვას.“ სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის „საელჩოს“ საკითხი აქტუალური გახდა 2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ალ ასადის მოსკოვში გაქცევის შემდეგ. ოკუპირებულ რეგიონებში გაჩნდა ეჭვი, რომ სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ, შეიძლება გადახედოს მათთან დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს. ამ საკითხზე სირიის ახალი ხელისუფლების პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი.
რუსი რესტავრატორები სოხუმში
სოხუმში სანქტ-პეტერბურგიდან რესტავრატორთა ჯგუფი ჩავიდა, რომელმაც ხანძარს გადარჩენილი ნახატების რევიზია ჩაატარა. სოხუმში „სურათების ეროვნულ გალერეაში“ ხანძარი 2024 წლის 21 იანვარს გაჩნდა, რის შედეგადაც, დაახლოებით, 4000 ნამუშევარი დაიწვა, მათ შორის სრულად განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ხანძარს 200-მდე ნახატი გადაურჩა, რომლის აღდგენაშიც თავიდანვე რუსი ექსპერტები ჩაერთვნენ. რუსმა სპეციალისტებმა 60-მდე ნახატი მოსკოვში ტრანსპორტირებისთვის მოამზადეს, რადგან დაზიანებული ნახატების აფხაზეთში რესტავრაცია ვერ ხერხდება. ეს საკითხი სოხუმში რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიმოვას ვიზიტის დროსაც განიხილეს.
ცხინვალის რეგიონი
ისტორიის ახალი სახელმძღვანელო
7 თებერვალს ცხინვალში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც მიიღო მონაწილეობა. წიგნი 1400 ეგზემპლარად დაიბეჭდა. წიგნი „სამხრეთ-ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ავტორებმა მოამზადეს. ეს რეგიონის ისტორიის პირველი მსგავსი სახელმძღვანელოა. ცხინვალის რეგიონში ცდილობენ ყალბი ისტორიული ნარატივების შექმნით რეგიონში „ოსური სახელმწიფოს“ არსებობის ლეგიტიმაცია მოახდინონ.
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიის სახელმძღვანელო
123-ე შეხვედრა ერგნეთში
14 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 123-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხი იყო. ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქეა.
ცხინვალის წარმომადგენელის, ეგორ კოჩიევის თქმით, 19 ნოემბერს ბოლო შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დარღვევის გამოკლებით, ვითარება საკმაოდ სტაბილური, მშვიდი და პროგნოზირებადი რჩებოდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი ქართველი პოლიციელების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის (საოკუპაციო ხაზი) დარღვევაა. ამ კონტექსტში კოჩიევმა „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია და შემდგომი დემარკაციის სამუშაოების დაწყება მოითხოვა. ცხინვალმა ასევე დასვა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრისა და სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმების საკითხი.
IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.
123-ე შეხვედრა ერგნეთში
ვინ დააბრუნებს მოპარულ პენსიებს?
რუსეთი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პენსიების გაცემაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს და ამისთვის უკვე არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ოკუპირებულ რეგიონში გავრცელებული პრაქტიკაა პენსიების გაცემა „მკვდარ სულებზე“, როდესაც გარდაცვლილი პენსიონერის პენსიას მისი ნათესავი იღებს, ისე რომ ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს არ ატყობინებს. 2016 წლიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე ამ ფორმით ზედმეტად არის გადახდილი 38 მლნ რუბლამდე პენსია. პენსიის უკანონოდ მიმღები პირების გამოსავლენად საკითხს სწავლობს დე ფაქტო გენერალური პროკურატურაც. დე ფაქტო შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ოლეგ გაგლოევის განცხადებით, დამრღვევებს პენსიონერების გარდაცვალების შემდეგ აღებული ფულის დაბრუნება მოუწევთ. ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პენსია შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10 410.7 რუბლი. არსებული ინფორმაციით, მითითებულ პერიოდში 3 600 პენსიაზე მეტი გაიცა „მკვდარ სულებზე“. ამის გამო 29 იანვარს სოციალური ფონდის თავმჯდომარე ოლესია ტედეევაც კი გაანთავისუფლეს. გარდა ამისა, რეგიონში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი პირი სხვადასხვა „საბიუჯეტო“ ორგანიზაციაშია გაფორმებული და რამდენიმე ხელფასს იღებს. მოსკოვი ამ საკითხის დროულ მოგვარებასაც ითხოვს.