ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მხარდაჭერის მისაღებად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა; რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მომზადების მოულოდნელი შემოწმება ჩატარდა და „კავკაზ-2020“-ის მასშტაბური წვრთნების მომზადების ფარგლებში მანევრები დაიწყო; ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აფხაზეთს რუსეთის სამთავრობო დელეგაცია და ახალი კურატორი ესტუმრა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის ივლისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.
2020 წლის ივლისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:
რეფერენდუმი
1 ივლისს რუსეთში დასრულდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მუდმივად და დროებით მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმაც. ცხინვალის რეგიონში ხმა მისცა 9143 ადამიანმა, მათ შორის 87%-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს. აფხაზეთში ხმა მისცა 8306 ადამიანმა, ცვლილებებს კი მხარი დაუჭირა 66.75%-მა. ხმა მისცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებიც არიან, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტებმა - ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა. ცვლილებების შედეგად რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წელს კვლავ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
კურატორების ვიზიტი
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აფხაზეთს რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. პანდემიის გამო რუსეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტს. პანდემიის პირობებში პირველი სამუშაო ვიზიტი 28 ივლისს დაიწყო. აფხაზურ-რუსულ სამუშაო ჯგუფს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შეხვდა. სამუშაო ჯგუფი რუსეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი სუხოვი. ახალ ამპლუაში ეს სუხოვის პირველი ვიზიტი იყო აფხაზეთში. ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კურირებს. სუხოვი, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება. სამუშაო ჯგუფმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერა.
კურატორთან შეხვედრა
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული განხილვის თემა იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობის მინიჭებისა და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხი. რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვს აღნიშნული საკითხების მოგვარებას, მაგრამ აფხაზეთში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდას უფრთხიან და ამიტომაც რუსეთს მოქალაქეობისა და ქონებრივი საკითხების მოგვარებას გაურკვეველი მომავლისთვის პირდებიან.
რუსეთში ვიზიტი
2020 წლის 30 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანიას „პრეზიდენტობის“ პერიოდში ეს უკვე მისი მესამე ვიზიტია რუსეთში. როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც უცნობია მისი ვიზიტის შესახებ დეტალები. ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის მიზანი, დიდი ალბათობით, პანდემიის გამო აფხაზეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარების თხოვნაა. აფხაზეთში უკვე დაგვიანდა რუსეთის დაპირებული ფინანსების გადმორიცხვა, ასევე დროულად არ გაიცა ხელფასები და პენსიები.
სამხედრო წვრთნები
რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მომზადების მოულოდნელი კომპლექსური შემოწმება დაიწყო. შემოწმება 21 ივლისს დასრულდა. ოლქში მიმდინარე წვრთნებს პირადად დააკვირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი გერასიმოვი.
გარდა ამისა, სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, „კავკაზ-2020“-ის მასშტაბური წვრთნების მომზადების ფარგლებში მანევრები დაიწყო. ორმხრივ ტაქტიკურ წვრთნებში, ოლქის მასშტაბით, 5000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია
2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს და „საელჩოს“ მრჩეველ-დესპანს, მაქსიმ ლიტვინოვს, შეხვდა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეცი მონაწილეობდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, რუსეთი აფხაზეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს. აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა 2020 წლის პირველი ნახევრის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაცემები გამოაქვეყნა. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით, საქონელბრუნვა 11 მლრდ 691 მლნ რუბლი იყო. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა - 67%. ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობაც ასევე რუსეთში განხორციელდა - 67%.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა
მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს ანა პოპოვას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება და დროებითი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების მოხსნის საკითხი განიხილეს. ამ შეხვედრის შემდეგ აფხაზეთს რუსი სპეციალისტები ესტუმრნენ.
აფხაზეთს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ
23 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციის მიზანი იყო აფხაზეთის იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის საკონსულტაციო-მეთოდური დახმარების გაწევა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. რუსეთის დელეგაციის მიერ ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ტურისტული ობიექტების შეფასებაზე იყო დამოკიდებული საზღვრების გახსნის საკითხი. რუსი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, 31 ივლისს კორონავირუსზე რუსეთის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარი 1 აგვისტოდან გაიხსნება. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთთან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 4 აგვისტომდე გაგრძელდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან გადაადგილებაზე შეზღუდვა 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
რუსეთის „რბილი ძალა“
2020 წლის ივლისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობის მხარდაჭერით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე
აფხაზეთში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღნიშნეს. დღეს 2008 წლიდან აღნიშნავენ რუსეთში.
ცხინვალის რეგიონში მშვიდობისმყოფელის დღე აღნიშნეს
14 ივლისს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შეყვანის 28 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს „მშვიდობისმყოფელის სტელა“ და „მშვიდობისმყოფელის ყაზარმა“. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა და რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა.
ტურნირი ჭადრაკში