2020 წლის სექტემბერში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები მოსკოვს ერთდროულად ესტუმრნენ; რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, „კავკაზ-2020“-ის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ჩატარდა; ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის რუსეთი დამატებით მაღალი ძაბვის კაბელს გაიყვანს. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის სექტემბერში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.
2020 წლის სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:
რუსეთში ვიზიტი
8 სექტემბერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ. კოზაკი ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაში მონაწილეობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩიც, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს.
შეხვედრა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაიმართა. პანდემიის გამო აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რუსეთის მიერ დაფინანსებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება კი იგვიანებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობების ერთადერთი იმედი რუსეთის მთავრობის დახმარებაა. კოზაკთან და ბაბიჩთან შეხვედრის მთავარი მიზანიც ფინანსური დახმარების დროული მიღება იყო.
კურატორები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ტელეფონით ესაუბრა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და, როგორც წესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შიდა პოლიტიკური კრიზისების მოგვარებაში მონაწილეობს. ამჯერად ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკური ვითარება 28 აგვისტოს, 30 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ, დაიძაბა. მას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმას ედავებოდნენ. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა და ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
დეპუტატის ვიზიტი
20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის გამოცხადების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრი ყაზბეგ ტაისაევიც დაესწრო. ტაისაევი სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის წევრია. იგი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ხშირი სტუმარია, განსაკუთრებით ხშირად იმყოფება ცხინვალის რეგიონში. პანდემიის პირობებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი პირველად ესტუმრა ცხინვალს.
სამხედრო წვრთნები
ერთობლივი წვრთნები
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, „კავკაზ-2020“-ის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეირაღებული ძალების წარმომადგენლებმა. „კავკაზ-2020“ 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდა.
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
2020 წლის სექტემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია
3 სექტემბერს აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. დვინიანინის ბოლო შეხვედრა ბჟანიასთან 2020 წლის 17 ივნისს გაიმართა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი აფხაზეთში მოღვაწე რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა
2 სექტემბერს მოსკოვში რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ევგენი გრაბჩაკმა ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ტექნოლოგიური მიერთების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების განხორციელების შედეგად ცხინვალის რეგიონში მდებარე ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის მონაკვეთი რუსეთში მდებარე „ჩრდილოეთის პორტალის“ 110-კილოვატიან ქვესადგურს მაღალი ძაბვის 4.5 კილომეტრი სიგრძის კაბელით დაუკავშირდება, რომელიც როკის გვირაბში გაივლის. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სარეზერვო კაბელის გაყვანის პროექტის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 1.7 მლრდ რუბლია.
ამჟამად ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიას ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით - „ზარამაგ - ჩრდილოეთის პორტალი - ჯავა“, სრულად რუსეთიდან იღებს. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია, განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. 11-კილომეტრიანი ელექტროხაზი მაღალმთიან მონაკვეთზე გადის, რომელიც ზამთრის პერიოდში მიუღწეველია. კაბელის გვირაბში გაყვანის შედეგადად კი მისი მომსახურება წლის ნებისმიერ პერიოდში იქნება შესაძლებელი.
შეთანხმების განხორციელება ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის ფუნქციონირების საიმედოობას უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთმა რუსული ვაქცინა მოითხოვა
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - „სპუტნიკ 5“ მოითხოვეს. აფხაზეთში მოლოდინი აქვთ, რომ ვაქცინის 15-20 000 დოზას მიიღებენ. აფხაზეთში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინას დე ფაქტო სამინისტრო შეიძენს. 30 სექტემბერის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაავადების 1458 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ რუსეთიდან ექიმების ახალი ჯგუფი ჩავიდა
აფხაზეთში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ადგილობრივ ექიმებს რუსეთიდან ჩასული ექიმებიც ეხმარებიან. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ექიმთა ნაკლებობის გამო, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზეთში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ექიმთა ჯგუფებს აგზავნის. ამჯერად გუდაუთის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებს ბაშკირეთის რესპუბლიკიდან ჩასული ექიმები დაეხმარებიან. ექიმების მივლინება 21 დღე გაგრძელდება. მანამდე აფხაზეთში ნიჟნი-ნოვგოროდიდან ჩასული ექიმები მუშაობდნენ.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
აფხაზეთში სტავროპოლის მხარის ბიზნესმენებს უმასპინძლეს
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარიდან ბიზნესმენებს უმასპინძლა. ვიზიტის მთავარი მიზანი აფხაზეთსა და სტავროპოლის მხარეს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო.
ვლადიკავკაზში საზოგადოებრივ პალატებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ვლადიკავკაზში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
რუსეთის „რბილი ძალა“
2020 წლის სექტემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
„გამარჯვების დიქტანტი“
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალში საერთაშორისო აქცია -„გამარჯვების დიქტანტი“ ჩატარდა. ცხინვალში აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი უნივერსიტეტის, ცხინვალის N1 და N2 საშუალო სკოლების წარმომადგენლებმა. მსგავსი აქცია ჩატარდა აფხაზეთის ქალაქებშიც. „გამარჯვების დიქტანტი“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება მეორე მსოფლიო ომის შესახებ, თუმცა რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ღონისძიებასა და, ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის თემატიკას, ხშირად, პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს.
გამარჯვებულების დაჯილდოება
ცხინვალის N5 საშ. სკოლაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ცხინვალში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი გაიმართა
18 სექტემბერს ცხინვალში აკსო კოლიევის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ლიცეუმში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი გაიმართა.
აფხაზეთში 1992-1993 წლების ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18 სექტემბერს აფხაზეთში, სააგენტოს წარმომადგენლობაში, 1992-1993 წლების ომში აფხაზეთის გამარჯვებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განიხილეს აღნიშნული ომის თემატიკა ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე.
სოხუმში „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
22 სექტემბერს სოხუმში „1992-1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების დღისადმი“ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ სამუშაო ვიზიტით ეწვია ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის დელეგაცია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.
უფასო წიგნები სკოლებს
სააგენტოს ცნობით, 2020 წლის შემოდგომაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 97 988 სახელმძღვანელო და მხატვრული წიგნი გაიგზავნება. ყველაზე მეტ წიგნს მიიღებს სომხეთი - 18 562. წიგნებს ასევე მიიღებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც: აფხაზეთი - 10 102, ცხინვალის რეგიონი - 11 992.
რუსეთში ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ ევგენი პრიმაკოვს შეხვდა
რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარეს ევგენი პრიმაკოვს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში.