გამოცემა: N2 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2020 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში
სამხედრო სწავლებები
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ოქტომბერში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:
- სარემონტო სამუშაოების ქვედანაყოფებმა საველე პირობებში საბრძოლო ტექნიკის შეკეთებაზე ივარჯიშეს. სპეციალური წვრთნა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა და მასში 50-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
- არტილერისტებმა ცეცხლის წარმოებასა და მართვაში ივარჯიშეს. გეგმიური წვრთნები წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე გაიმართა. სწავლებაში, რომელშიც 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, ჩართული იყო 100-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა და იარაღი, მათ შორის, მოდერნიზებული თვითმავალი დანადგარი „აკაცია“, ნაღმტყორცნი „სანი“ და დ-30 ტიპის ჰაუბიცები.
- მზვერავებმა პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების აღმოჩენასა და ლიკვიდაციაში ივარჯიშეს. წვრთნაში, რომელიც წებელდის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა, 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
- რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა პირობითი მოწინააღმდეგის რადიოკომუნიკაციის მოწყობილობების მწყობრიდან გამოყვანაში ივარჯიშეს. წვრთნა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. მასში ჩართული იყო „ლეერ-3“ და „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც.
- წებელდის სამხედრო პოლიგონზე რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს. სწავლებაში ჩართული იყო 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 20-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
- სამხედრო მოსამსახურეებმა რთული რელიეფის პირობებში მაღალსიჩქარიანი ციფრული კომუნიკაცია უზრუნველყვეს. სწავლებაში ჩართული იყო 100-მდე სამხედრო მოსამსახურე და ასევე 50-ზე მეტი ერთეული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, თანამედროვე მობილური საკომუნიკაციო კომპლექსი „რედუტ“-ი.
- სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს სატრანსპორტო მულტიმედიური მობილური კომპლექსი „პაკ-007“, რომელიც უახლესი და აქტუალური ამბების საველე პირობებში მოსმენის საშუალებას იძლევა.
- ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემების ოპერატორებმა და სატანკო ეკიპაჟებმა ვირტუალურად, კომპიუტერული ტრენაჟორების საშუალებით ივარჯიშეს. ვირტუალური საომარი რეალობის მეშვეობით ოპერატორებმა და ტანკისტებმა შესაბამისი დავალებები შეასრულეს. სიმულაციურ სამხედრო წვრთნაში 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
- მე-7 სამხედრო ბაზის ტანკისტებმა ადიღეაში ივარჯიშეს. სწავლებაში, რომელიც მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა, 100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
- წებელდის სამხედრო პოლიგონზე მზვერავებმა 20-კილომეტრიანი მარშ-ნახტომი შეასრულეს. მზვერავთა თითოეულმა ჯგუფმა პირობითი მოწინააღმდეგის ორი ჩასაფრება გადალახა და გაანადგურა. სამხედრო წვრთნა რთული რელიეფის პირობებში ჩატარდა და მასში 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
- წებელდის სამხედრო პოლიგონზე მზვერავებმა, მოტომსროლელებმა და არტილერისტებმა ივარჯიშეს. სწავლებაში 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. წვრთნების დროს გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და 100-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, მოდერნიზებული თვითმავალი დანადგარი „აკაცია“, ნაღმმტყორცნი „სანი“, BTR-82AM ტიპის ჯავშანტექნიკა და Tiger-ის ტიპის ავტომობილები.
- წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე მოტომსროლელებმა საგამოცდო ტაქტიკური სროლები შეასრულეს. მათი სამხედრო უნარ-ჩვევები სპეციალურმა კომისიამ შეაფასა. აღნიშნულ ღონისძიებაში 2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ერთობლივი წვრთნები
- წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მე-7 სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ერთობლივი წვრთნები გაიმართა. სწავლებაში 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. მათ ივარჯიშეს თავდაცვასა და თავდასხმაში, ასევე შეასრულეს ტაქტიკური მანევრები რთული რელიეფის პირობებში.
სხვა ღონისძიებები
- სხვადასხვა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა 2020 წლის ბოლო ფიზიკური ტესტი გაიარეს. სპეციალური კომისიის მიერ შემოწმდა მათი სისწრაფე, ძალა, გამძლეობა და სამხედრო უნარ-ჩვევები. შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო დამატებითი ფულადი ანაზღაურების მიღებაც.
- სადაზვერვო და საცეცხლე ქვედანაყოფებს „დამრტყმელის“ საპატიო წოდება დაუდასტურდათ. მათ ტაქტიკური, ინჟინერული, სამედიცინო და ფიზიკური მომზადების ტესტები ჩააბარეს.
- 50-ზე მეტ ოფიცერს საკუთარი ბინა გადაეცა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რაც განხორციელდა დაგროვებით-იპოთეკური სისტემის საბინაო უზრუნველყოფის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს მიზნობრივი სესხის აღების საშუალებას რუსეთის სასურველ რეგიონში საცხოვრებლის შეძენის მიზნით, იპოთეკურ სესხს კი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს.
- სხვადასხვა ქვედანაყოფის 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ სპარტაკიადაში მიიღო მონაწილეობა. ჩატარდა 20-მდე სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრებები ჭადრაკში, ფეხბურთში, ხელბურთში და სხვა. სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე შეასრულეს 5-კილომეტრიანი მარშ-ნახტომი. გამოვლინდა გამარჯვებული - სადაზვერვო ქვედანაყოფი, რომელსაც თასი და ფულადი პრიზები გადაეცა.
- დაიწყო ზამთრის სეზონისთვის მზადება, რომელიც დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა და 20 ოქტომბერს დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა შეამოწმეს შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა და ზამთრის პერიოდში ექსპლუატაციისთვის მოამზადეს ის. ასევე შემოწმდა სამხედრო ბაზის 40-მდე ობიექტი და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდა მათი ტექნიკური მომსახურება.
- რქბ დაცვის დანაყოფებმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მე-7 სამხედრო ბაზის 150-ზე მეტი შენობა. ღონისძიებაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
ახალწვეულები
- წვევამდელთა პირველმა ჯგუფმა სამხედრო სამსახური დაასრულა. 150-ზე მეტი წვევამდელი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა.
რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში
სამხედრო სწავლებები
- ძარწემის სამხედრო პოლიგონზე სნაიპერებმა და მზვერავებმა ივარჯიშეს. გაიმართა სნაიპერთა რამდენიმე დუელი მაქსიმალურ სიშორეზე სროლაში. მზვერავებმა სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით. სწავლებაში 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
სხვა ღონისძიებები
- დაიწყო სამხედრო ტექნიკის მომზადება ზამთრის სეზონისთვის. სპეციალური ბრიგადები ტექნიკურ დათვალიერებას ჩაუტარებენ ათასზე მეტ ერთეულ შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას, საავტომობილო და სპეციალურ ტექნიკას.
ბაზის ახალი მეთაური
- არსებული ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური ალექსანდრ კრავცოვი შეცვალა რომან ვიაზოვსკიმ. ვიაზოვსკი სხვადასხვა წლებში იყო 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსი, სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბრიგადის ოპერატიული დანაყოფის მეთაური და მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.
COVID-19 და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19 ვირუსით დაინფიცირების 4100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ცხინვალის რეგიონში კი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 917-ს აღწევს. გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მწირი სამედიცინო რესურსების გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართეს. დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწია.
აფხაზეთი
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თხოვნის საფუძველზე, ქალაქ სოხუმში გაიხსნა მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო, რომელიც 100 საწოლს მოიცავს და თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. ჰოსპიტალი შედგება რამდენიმე განყოფილებისა და ლაბორატორიისგან, რომელშიც PCR ტესტების გაკეთებაა შესაძლებელი. კორონავირუსის მძიმე ფორმით დაინფიცირებულ პაციენტებს 113 სპეციალისტი მოემსახურება.
- 21 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით ჩავიდა რქბ დაცვის დანაყოფიც. სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქ სოხუმის სოციალური ინფრასტრუქტურის დეზინფექცია მოახდინეს.
ცხინვალის რეგიონი
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დავალებით, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ცხინვალის რეგიონში მრავალპროფილური მობილური საავადმყოფოს გახსნის აუცილებლობაზე.
- 27 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში, გ. ცხოვრებოვის სახელობის სტადიონზე განთავსდა საველე ჰოსპიტალი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებული 150 პაციენტის მიღებას შეძლებს. პაციენტებს 150-მდე სამხედრო მედიკოსი მოემსახურება. მობილური საავადმყოფო, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, ასევე მოიცავს PCR ლაბორატორიას.
- ქ. ცხინვალის დეზინფექციის მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალების რქბ დაცვის სპეციალისტები ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.