ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 12 / 01

გამოცემა: N23 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2020

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

2020 წლის ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                            

  • პუტინთან შეხვედრა: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.
  • კურატორები: დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ახალი დანაყოფი იმუშავებს.
  • რუსეთში ვიზიტი: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვიზიტის დროს კურატორებს შეხვდა.
  • სამხედრო ბაზები: ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი ესტუმრა.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო 2021-2022 წლებში რუსეთიდან 620 მლნ რუბლს მიიღებს.
  • სადავო სოფელი: აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში კვლავ აქტუალური გახდა „სასაზღვრო“ სოფელ აიბღას საკითხი.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: უმოქმედო სოხუმის აეროპორტის საკითხის შესასწავლად აფხაზეთს „როსავიაციის“ წარმომადგენელი ესტუმრა.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროსფეროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დახმარების საკითხს განიხილავს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ადგილობრივ ექიმებს რუსი ექიმებიც ეხმარებიან.
  • „რბილი ძალა“:  „მოსკოვის სახლმა“ აფხაზეთში მცხოვრებ ვეტერანებსა და შშმ პირებს ფინანსური დახმარება გაუწია.

პუტინთან შეხვედრა და ინტეგრაციის ახალი პროგრამა

2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. შეხვედრის შესახებ ბჟანიამ 17 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრის მთავარი შედეგი ინტეგრაციის ახალი პროგრამის მიღება იყო, კერძოდ, მხარეებმა  აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დაამტკიცეს.

ასლან ბჟანიას შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი. ამ პერიოდში უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია არაერთ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო-ეკონომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა, საბაჟო სამართალი), ენერგეტიკა, სოციალური სფერო (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა).

კურატორები

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში (Россотрудничество) სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სააგენტოს ახალი სტრუქტურა 2020 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა. სტრუქტურული ცვლილების შედეგად გაუქმდა დსთ-ის საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის სამმართველო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებდა. გაუქმებულ სამმართველოში შედიოდა სამხრეთ კავკასიის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილებაც. ახალი სტრუქტურით, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართულებით საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო იმუშავებს, რომლის უფროსი ვალერი პლატონოვია.

რუსეთში ვიზიტი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს მიხაილ ბაბიჩს (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი) და ფედერალური საბაჟო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეს ვლადიმირ ივინს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე ტვირთების გაფორმების საკითხი განიხილეს. საკითხი პრობლემურია, რადგან რუსეთის საბაჟო პოსტზე ტვირთების გაფორმების დროს ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლები პრობლემებს აწყდებიან. შეხვედრაზე პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

სამხედრო წვრთნები

ნოემბერი სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით არ იყო დატვირთული. წვრთნები 1 დეკემბრიდან განახლდება.

მე-7 სამხედრო ბაზის ამბები

  • 24 ნოემბერს ქ. გუდაუთაში რუსი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ბუქსირების დროს უსაფრთხოების წესები დაარღვია და გადაუარა ჯარისკაცს. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ოთხი რუსი სამხედრო გარდაიცვალა აფხაზეთში 2019 წელსაც.
  • 25 ნოემბერს სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა „მშვიდობისმყოფელის დღე“ აღნიშნეს.

მე-4 სამხედრო ბაზის ამბები

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ მიხაილ ზუსკოს შეხვდა. ზუსკომ ბიბილოვს მე-4 სამხედრო ბაზის ახალი მეთაური რომან ვიაზოვსკი წარუდგინა, რომელმაც ოქტომბერში ბაზის მეთაურის პოზიციაზე ალექსანდრ კრავცოვი შეცვალა.
  • მე-4 სამხედრო ბაზას იუნუს-ბეკ ევკუროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ევკუროვი ეწვია ძარწემის სამხედრო პოლიგონს, სადაც ის ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს გაეცნო.
  • სამხედრო ბაზაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელეს.

2020 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დე ფაქტო შს სამინისტროს თანადაფინანსების შესახებ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის „აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაზრდის ხარჯების თანადაფინანსების, აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ფულადი შემწეობისა და სოციალური გარანტიების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მოსკოვში, 2020 წლის 23 ოქტომბერს. შეთანხმების თანახმად, 2021 და 2022 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო 620 მლნ რუბლის დაფინანსებას მიიღებს, რომელიც დე ფაქტო სამინისტროს საქმიანობისა და თანამშრომლების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

სადავო სოფელი

აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში კვლავ აქტუალური გახდა „სასაზღვრო” სოფ. აიბღას საკითხი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გამყოფ „სასაზღვრო“ მდინარე ფსოუზე აფხაზურ მხარესთან შეუთანხმებლად საფეხმავლო ხიდის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს. აფხაზური მხარის შეფასებით, სოფ. აიბღასთან „საზღვრის“ საკითხი შეუთანხმებელია და საჭიროა საკითხის გარკვევა რუსეთთან. 

სადავო ხიდი. წყარო: ქ. სოჭის ადმინისტრაციის ვებგვერდი

სოფლის ორივე მხარის დამაკავშირებელი ხიდი სამი წლის წინ ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ქ. სოჭის საქალაქო კრების დეპუტატმა სერგეი შეველევმაც. ხიდი ერთ თვეში აშენდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფ. აიბღას გაგრის რაიონს მიაკუთვნებს, რუსეთი - ადლერის რაიონს. სოფელი რუსულ და აფხაზურ მხარეს შორის სადავო ტერიტორიაა, რომელიც პერიოდულად აქტუალური ხდება. სადავო სოფლის საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 12 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) უფროსის მოადგილეს - ოლეგ სტორჩევს უმასპინძლა. შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხიც განიხილეს. სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის მიზანი სოხუმის აეროპორტის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და აეროპორტის კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისათვის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა იყო. სოხუმის აეროპორტი 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ არ მუშაობს და მისი ამოქმედება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანებში შედის.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში აგრარულ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში აფხაზეთსა და რუსეთს შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. რუსულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულატ ხატუოვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განიხილეს აგროსექტორის მდგომარეობისა და აგროსფეროში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ აფხაზეთის აგროსამრეწველო კომპლექსი მოინახულა და კონსულტაციები გაუწია ადგილობრივ მეწარმეებს. ხატუოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მიიღო.

ცხინვალის რეგიონი რუსეთისგან ოთხ ერთეულ ტექნიკას მიიღებს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის აგროსამრეწველო კომპლექსის თანამშრომლები რუსეთში კვალიფიკაციის ამაღლების კურსს გაივლიან. რუსეთის მხარე ცხინვალის რეგიონს საჩუქრად გადასცემს ოთხ ერთეულ ტექნიკასაც. რამდენიმე დღით ადრე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ჯამბულატ ხატუოვს მოსკოვში შეხვდა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ადგილობრივ ექიმებს რუსეთიდან ჩასული ექიმებიც ეხმარებიან. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ექიმთა ნაკლებობის გამო, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ექიმთა ჯგუფებს პერიოდულად აგზავნის. ამჯერად აფხაზეთში, გუდაუთის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კოვიდინფიცირებულებს ეკატერინბურგიდან ჩასული ოთხი ექიმი ეხმარება. 30 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში 5970 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 3845. ცხინვალის რეგიონში კი, სანქტ-პეტერბურგიდან სამი ექიმი იმყოფება. 30 ნოემბრის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში 1877 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 813. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების მხარდაჭერით ასევე მოწყობილია მობილური მრავალპროფილური ჰოსპიტალები, სადაც სამხედრო ექიმები მუშაობენ.

რუსეთის „რბილი ძალა“

სოხუმში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ და „დიალოგის“ ერთობლივი სხდომა გაიმართა

აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალურ კლუბ „დიალოგის“ სხდომა, თემაზე „სოხუმის სახე ისტორიულ-კულტურულ“ კონტექსტში. სხდომის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელოვნებო სფერო გასული საუკუნის 50-70-იანი წლების სოხუმში, რუსეთის მიერ აფხაზეთის შემოქმედებითი სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი და სხვა.

„მოსკოვის სახლმა“ აფხაზეთში მცხოვრებ ვეტერანებსა და შშმ პირებს ფინანსური დახმარება გაუწია

„დიდი სამამულო ომის“ 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, „მოსკოვის სახლმა“, კულტურულმა და ბიზნესცენტრმა ქ. სოხუმში, ფინანსური დახმარება გაუწია ომის მონაწილე ვეტერანებსა და შშმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აღნიშნული პროექტი ქ. მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ოჩამჩირეში „ეროვნული ერთიანობის დღე“ აღნიშნეს

ოჩამჩირისა და გალის რაიონის რუსულმა თემმა აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“, წარმომადგენლობის მხარდაჭერით, „ეროვნული ერთიანობის დღის“ აღნიშნეს.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტელეკონფერენცია, რომლის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა „ეროვნული ერთიანობის დღე“ და რუსეთის ფედერაციის ისტორია.

სერგეი სკვორცოვმა „ჰუმანიტარული რუკის“ შესახებ ისაუბრა

ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სერგეი სკვორცოვმა „ჰუმანიტარული რუკის“ შესახებ ისაუბრა.ჰუმანიტარული რუკა“ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მორიგი ინიციატივაა. ეს გახლავთ ინტერაქციული ციფრული პორტალი, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. პორტალი, ოფიციალურად, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ამოქმედდა. მისი პრეზენტაცია „როსსოტრუდნიჩესტვოს“ თავმჯდომარემ - ევგენი პრიმაკოვმა გააკეთა.