გამოცემა: N4 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2020 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში
სამხედრო სწავლებები
- სამხედრო მოსამსახურეებმა პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაციაში ივარჯიშეს. წვრთნის ფარგლებში მათ გამოიყენეს KamAZ-5350 „Mustang“-ის ტიპის ავტომობილები და BTR-82AM ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები.
სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა
- დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინტერვიუ მისცა „Russia Today“-ს. ინტერვიუში მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რუსულ-აფხაზურ თანამშრომლობაზე. ბჟანიას განცხადებით, მომავალში აფხაზეთი კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში.
ახალწვეულები
- მე-7 სამხედრო ბაზაზე ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურებმა სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
- 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის 300-ზე მეტ ახალწვეულს მე-7 სამხედრო ბაზის ფსიქოლოგებმა სპეციალური შემოწმება ჩაუტარეს. ტესტირების, ინტერვიუს და პირდაპირი დაკვირვების საფუძველზე ფსიქოლოგებმა დაადგინეს ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების დონე. პირველადი მონაცემები АРМ ВП-ის მეშვეობით დამუშავდა.
- 500-ზე მეტი ახალწვეული ინდივიდუალური მომზადების ინტენსიურ კურსში ჩაერთო. ეს ახალწვეულთა მომზადების პირველი ეტაპია, რომელიც 1-დან 2 თვემდე გაგრძელდება და სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა საბრძოლო უნარ-ჩვევის გამომუშავებასა თუ გაუმჯობესებაში დაეხმარება. კურსი 200-ზე მეტ დავალებას და დასკვნით გამოცდას მოიცავს.
- 8 დეკემბერს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ღონისძიებაში 100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
2021 წლის გეგმები
- სამხედრო თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან: იგეგმება 300-მდე ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარება. სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი წვრთნების რაოდენობა 2021 წელს 20%-ით გაიზრდება;
- სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო პოლიგონების მომზადება T-72B3 ტიპის ტანკებიდან სროლისთვის;
- საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა: სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ რიგით მეშვიდე „არმიის საერთაშორისო თამაშებში“ (АрМИ-2021), ასევე კონკურსებში „ტაქტიკური მსროლელი“, „მერიდიანი“, „კულტურის არმია“ და სხვა.
- უკვე დაიწყო მონაწილეთა შერჩევა კონკურსისთვის „საარტილერიო ცეცხლის ოსტატები“, რომელიც АрМИ-2021-სთვის მომზადების ფარგლებში ჩატარდება. აღნიშნული კონკურსის საკვალიფიკაციო ეტაპი ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეები ერთი თვის მანძილზე სხვადასხვა შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას, ბოლოს კი გამოვლინდებიან საუკეთესო შედეგების მქონე სამხედროები.

ტანკისტებმა არმი-2021-სთვის მზადება დაიწყეს: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
საწვრთნელი ინფრასტრუქტურა
- სამხედრო მოსამსახურეებმა ახალ სასროლეთზე ივარჯიშეს. სასროლეთი თანამედროვე რადიო-მართვადი პორტატული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა საბრძოლო სროლაში სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვისაა განკუთვნილი.
სხვა ღონისძიებები
- უცნობი ჯარისკაცის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებმა კარნახი წერეს. 30 კითხვისგან შემდგარი ტესტი ეხებოდა „დიდ სამამულო ომსა“ და ომის შემდგომ პერიოდს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, ასევე მათი ოჯახის წევრებმა და „იუნარმიის“ წარმომადგენლებმა.
რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში
სამხედრო სწავლებები
- ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ყუმბარმტყორცნელებმა პირობითი მოწინააღმდეგის ტანკების განადგურებაზე ივარჯიშეს. მათ გამოიყენეს RPG-7B და AGS-17 ტიპის ყუმბარმტყორცნები, BMP-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და უპილოტო საფრენი აპარატები. წვრთნაში 400-მდე სამხედრო მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
- სნაიპერებმა საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლებთან ბრძოლის სპეციალური კურსი გაიარეს. სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. მასში მე-4 სამხედრო ბაზის 60-ზე მეტი სნაიპერი მონაწილეობდა.
- მოტომსროლელებმა საველე სამუშაოები დაასრულეს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. სწავლება ძარწემის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. მასში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 70-მდე საბრძოლო მანქანა იყო ჩართული.
სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა
- დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. მან ხაზი გაუსვა ცხინვალის რეგიონის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების აუცილებლობას და ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს მე-4 სამხედრო ბაზისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მეშვეობით.
ახალწვეულები
- 27 დეკემბერს მე-4 სამხედრო ბაზის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალში 50-ზე მეტმა ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. სამხედრო ფიცის მიღებამდე ახალწვეულებმა, საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური მოსამზადებელი კურსი გაიარეს.
2021 წლის გეგმები
- ცხინვალის რეგიონი (ისევე, როგორც აფხაზეთი) მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში. გეგმიური სამხედრო წვრთნების ჩატარების კონკრეტულ დროსა და ადგილმდებარეობას ორმხრივი კონფერენციების მეშვეობით შეათანხმებენ სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურები.
- ტანკისტებმა უკვე დაიწყეს АрМИ-2021-სთვის მზადება. ამჟამად ისინი ჩართულნი არიან კონკურსში „სატანკო ბიატლონი“, რომელიც АрМИ-2021-ს პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია და აფხაზეთშიც ტარდება.
ერთობლივი წვრთნები
- მე-4 სამხედრო ბაზის არტილერისტებმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს. სამხედრო სწავლება 50-მდე დავალებას მოიცავდა. მასში 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 70-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
COVID-19-თან ბრძოლა
- რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს ახალგორის რაიონის პოლიციის განყოფილების შენობა, ასევე რაიონის სასწავლო დაწესებულებები და ჯანდაცვის ობიექტები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშიც.
- რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ექიმებმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს მოხელეებს PCR-ტესტები ჩაუტარეს და ანტისხეულებზე ანალიზები აუღეს.
- რქბ დაცვის სპეციალისტებმა ცხინვალის რეგიონში მუშაობა 8 დეკემბერს დაასრულეს. სადეზინფექციო სამუშაოებში ჩართული იყო 25 სამხედრო მოსამსახურე და 9 ერთეული სპეციალური ტექნიკა. შედეგები შეაჯამა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა ალექსანდრ დვორნიკოვმა.
- 17 დეკემბერს მუშაობა დაასრულა მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ, რომელიც ქალაქ ცხინვალში ოქტომბრის ბოლოს განთავსდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სამხედრო მედიკოსებს სამადლობელი წერილები, საპატიო სიგელები, სამახსოვრო მონეტები და მედლები გადასცა. ღონისძიებას დაესწრო რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.

ანატოლი ბიბილოვმა საველე ჰოსპიტლის სამხედრო მედიკოსებს საპატიო სიგელები გადასცა. წყარო: Sputnik Южная Осетия
სხვა ღონისძიებები
- 9 დეკემბერს მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ცხინვალის რეგიონის გმირთა მემორიალები თაიგულებით შეამკეს. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში 2007 წლიდან აღინიშნება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.