ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2021 / 02 / 01

გამოცემა: N5 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა იანვარში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებმა ივარჯიშეს. სწავლების ფარგლებში მათ პირველად გამოიყენეს „Штурм-С“-ის ტიპის ტსმრ-ები (ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები) და განახლებული თბოვიზორული სამიზნეები.
  • სადაზვერვო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა დაზვერვითი, დივერსიული და ანტიდივერსიული მისიები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებიც.
  • საჰაერო თავდაცვის სპეციალისტებმა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებაზე ივარჯიშეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლას. წვრთნებში 500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა და მათ 100-მდე პრაქტიკული დავალება შეასრულეს.
  • სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო მომზადებაში ივარჯიშეს. წვრთნები წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე გაიმართა. სწავლებებში ჩართული იყო 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
  • 1500-მდე სამხედრო მოსამსახურემ ვირტუალურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. თითოეულს თავისი სპეციალობის შესაბამისი დავალება ჰქონდა. თანამედროვე კომპიუტერულმა ტრენაჟორებმა მათთვის რეალობასთან მიახლოებული პირობები შექმნა.

ვირტუალური სწავლება კომპიუტერული ტრენაჟორების მეშვეობით. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

  • სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო მომზადება გაიარეს მოდულური სისტემით - „Колесо“, რომელიც გულისხმობს პროფესიული უნარების გაუმჯობესებას სპეციალური საველე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და კომპიუტერული ტრენაჟორების მეშვეობით. წვრთნები წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ჩატარდა. ღონისძიებებში ათასზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

ერთობლივი წვრთნები

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელთა, რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტთა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა ერთობლივი წვრთნა გაიმართა. სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა დაამუშავეს უპილოტო საფრენ აპარატებთან და ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლის მეთოდები.
  • ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტების ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სწავლებაში 150 სამხედრო და 10 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
  • მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა და აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს. სწავლებაში ჩართული იყო 3 ათასზე მეტი სამხედრო და 500-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებიც.

ახალწვეულები

  • 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ახალწვეულთა ბოლო ჯგუფმა სამხედრო ფიცი დადო. ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით, საერთო ჯამში, ფიცის მიღების ხუთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თითოეულ ახალწვეულს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, ფიზიკური შესაბამისობის ტესტი და საბრძოლო მომზადების კურსი. ისინი უკვე გადაანაწილეს ქვედანაყოფებში.

სამხედრო ფიცის მიღება მე-7 სამხედრო ბაზაზე. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

  • ახალწვეულებმა რთული რელიეფის პირობებში საშტატო იარაღიდან სროლაში ივარჯიშეს. წვრთნაში ათასზე მეტი ახალწვეული მონაწილეობდა. სწავლებამდე მათ სპეციალური მოსამზადებელი კურსი ჩაუტარდათ.

2020 წლის სამხედრო აქტივობების შეჯამება

  • საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 60-ზე მეტ წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა და 1500-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები, ტაქტიკური თვითმფრინავები და საზენიტო რაკეტები.
  • კრიზისულ სიტუაციებში მოულოდნელი საფრთხეების ლიკვიდაციის 100-მდე სწავლება ჩატარდა, რომლებშიც 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნებში ჩართული იყო საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის ძალები და ასობით ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
  • ოპერატიული და საბრძოლო მომზადების 250-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „კავკაზ-2020“ და რიგით მე-6 „არმიის საერთაშორისო თამაშებში“.

სადღესასწაულო ღონისძიებები

  • სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურებმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი მიულოცეს და 200-მდე ოჯახს საჩუქრები გადასცეს.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. ბავშვებისთვის მოეწყო საახალწლო გასართობი ღონისძიება და თეატრალური წარმოდგენა, საღამოს კი გაიმართა საშობაო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედროები, მათი ოჯახის წევრები და მე-7 სამხედრო ბაზის სამოქალაქო პერსონალი.
  • ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნავად სამხედროებმა განბანვის სიმბოლურ რიტუალში მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა საზეიმო ღვთისმსახურებაც. ღონისძიებას 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

სხვა ღონისძიებები

  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, აუცილებელია აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ტექნიკური აღჭურვილობის დონის გაუმჯობესება.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სწავლებები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა იანვარში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მზვერავებმა პირობითი მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს. მათ ალყაში მოაქციეს მოწინააღმდეგე, ჩაახშეს მისი საცეცხლე პოზიციები და ცოცხლად დარჩენილები დაატყვევეს. წვრთნაში მონაწილეობდნენ სამხედრო ექიმებიც.
  • მოტომსროლელებმა საბრძოლო სროლები შეასრულეს. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ხელყუმბარების ტყორცნაში ივარჯიშეს. „РГН“ და „РГО“ ტიპის ხელყუმბარების მეშვეობით სამხედროებმა მთაზე და მის ძირში განლაგებული სამიზნეები გაანადგურეს.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ყუმბარმტყორცნელებმა ივარჯიშეს. „РПГ-7В“ ტიპის ყუმბარმტყორცნების მეშვეობით გაანადგურეს 250-დან 350 მეტრში მდებარე სამიზნეები. წვრთნაში 100-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე საბატალიონო ტაქტიკურმა ჯგუფმა ივარჯიშა. მოტომსროლელებმა შეასრულეს მარში და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს ახალი ტაქტიკური მეთოდების გამოყენებით, რთული რელიეფის პირობებში.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. სწავლებაში 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • სამხედრო ექიმებმა პირობითად დაშავებული სამხედროების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო 150-მდე ექიმი და 30-ზე მეტი სპეციალური სამედიცინო მანქანა.

სადღესასწაულო ღონისძიებები

  • „იუნარმიელებმა“ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი მიულოცეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, შემოქმედებითმა გუნდებმა კი საახალწლო წარმოდგენები გამართეს.

სხვა ღონისძიებები

  • გაიმართა სამბოში შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, საერთო ჯამში - 20-ზე მეტი ბავშვი. გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
  • დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურს მიხაილ ზუსკოს შეხვდა. ბიბილოვმა მადლიერება გამოთქვა ქ. ცხინვალში საველე ჰოსპიტლის ოპერატიულად განთავსებისთვის, ზუსკომ კი ისაუბრა 2020 წლის ნოემბერში მიღებულ დოკუმენტების პაკეტზე, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების განვითარებას ეხება.

ანატოლი ბიბილოვისა და მიხაილ ზუსკოს შეხვედრა. წყარო: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

  • მიმდინარე წლის თებერვალში ცხინვალის რეგიონი და რუსეთი გააფორმებენ ერთობლივ ხელშეკრულებას, რომელიც ჯარისკაცების მიერ სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს. შედეგად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფებს და თადარიგში დათხოვნილებს შეეძლებათ, შესაბამისად, სახელფასო და საპენსიო დანამატების მიღება. ხელშეკრულების გაფორმებას მხარი უკვე დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
  • ლენინგრადის ბლოკადის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს და არაერთ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

„არმი-2021“-სთვის მზადება

„არმი-2021“, იგივე რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშები“, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამხედრო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მიმდინარე წელს ის 22 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. „არმი-2021“ 15 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „არმი-2021“-ის სხვადასხვა კონკურსისთვის მოსამზადებელი სამხედრო წვრთნები.

აფხაზეთი

  • მზვერავებმა დაიწყეს მზადება კონკურსისთვის „სამხედრო დაზვერვის ფრიადოსნები“, რომლის შესარჩევ ეტაპზე 500-ზე მეტ სამხედროს უნდა მიეღო მონაწილეობა. ისინი ასრულებდნენ ნორმატივებს, ასევე ვარჯიშობდნენ სროლაში, დაზვერვასა და ჯავშანტექნიკის მართვაში.
  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ჩატარდა კონკურს „სამხედრო დაზვერვის ფრიადოსნების“ შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული. გამოვლინდა საუკეთესო შედეგების მქონე ჯგუფი.

ცხინვალის რეგიონი

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბდა ტანკისტების, სნაიპერებისა და მზვერავების ჯგუფები, რომლებიც „არმი-2021“-ის ფარგლებში სხვადასხვა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. საჭიროების შემთხვევაში, წვრთნებისთვის გამოიყენებენ რუსეთის სამხედრო პოლიგონებსაც.
  • დაიწყო სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევა „არმი-2021“-ის კონკურსებში მონაწილეობისთვის. საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფებოდნენ სატანკო და BMP-2-ის ეკიპაჟები, „Урал“-ის და „КамАЗ“-ის მძღოლები და  სნაიპერთა წყვილები.
  • „არმი-2021“-ში ცხინვალის რეგიონიდან 60-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძირითადი და სათადარიგო ჯგუფების მომზადება.

COVID-19 და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19 ვირუსით დაინფიცირების 11 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ცხინვალის რეგიონში კი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2780-ს აღწევს. გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მწირი სამედიცინო რესურსების გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა რუსეთს მიმართეს დახმარების თხოვნით. დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწია.

აფხაზეთი

  • საველე ჰოსპიტალი მუშაობას აგრძელებს. ქალაქ სოხუმში განთავსებულ მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს ფუნქციონირება 2021 წლის 18 იანვარს უნდა დაესრულებინა, თუმცა, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, ის აგრძელებს პაციენტების მიღებას. 27 იანვრის მონაცემებით, ჰოსპიტალში სტაციონარული მკურნალობა 450-ზე პაციენტმა გაიარა, ამბულატორიული კონსულტაცია 2900-ზე მეტმა პირმა მიიღო და ჩატარდა 4900-მდე PCR ტესტი.
  • დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების გეგმიური ვაქცინაცია. მსურველებმა უკვე მიიღეს ორკომპონენტიანი ვაქცინის „Спутник V“-ის პირველი პარტია (500 დოზა), მეორე კომპონენტს კი ისინი 21 დღის შემდეგ მიიღებენ.

ცხინვალის რეგიონი

  • 14 იანვარს დაიწყო სამხედროების ნებაყოფლობითი, გეგმიური ვაქცინაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 200-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
  • 25 იანვრისთვის „Спутник-V“ ვაქცინის პირველი კომპონენტი 500-ზე მეტ სამხედროს ჰქონდა მიღებული, ორივე კომპონენტი კი - 300-მდე სამხედროს. მიმდინარეობს სამხედროების ოჯახებისა და ბაზის სამოქალაქო პერსონალის ვაქცინაციაც.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.