2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედება.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან იმართება. დისკუსიების 47-ე რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს არის დაგეგმილი.
შეხვედრაზე ლავროვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:
- რუსეთსა და აფხაზეთს შორის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმი ეფექტურია, რაც ემყარება 2015 წელს ხელმოწერილ მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.
- მოსკოვი გააგრძელებს აფხაზეთის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზე.
- რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა არსებობს, ხელმოწერილია ასზე მეტი დოკუმენტი, წარმატებით მიმდინარეობს 2014 წელს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელებისათვის მუშაობა.
- რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისათვის გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები ეფექტურია, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
- აფხაზეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა სოციალურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და საგარეო-პოლიტიკურ სფეროებში. პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. წარმატებით ხორციელდება 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება. რუსეთი საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში აფხაზეთის შეუცვლელი ძირითადი პარტნიორია. ამ სფეროში ურთიერთობის განვითარებას ხელს უწყობს რეგულარულად გამართული რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ფორუმები.
შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც განიხილეს.
კოვემ შეხვედრა ძალიან პოზიტიურად და პროდუქტიულად შეაფასა. კოვე ლავროვს 2016 წლის 2-4 ნოემბერს მოსკოვში შეხვდა. კოვესა და ლავროვის შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 18-19 აპრილსაც, როდესაც ლავროვი სოხუმს ესტუმრა.