ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო საელჩოში „უკვდავი პოლკის“ ორ წარმომადგენელს ვლადიმერ პუტინის სახელით ჯილდოები გადასცეს.
გამარჯვებულები გახდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა და ცხინვალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვალერი ბიბილოვი. მათ მედლები რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა გადასცა. მისი თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „დიდ სამამულო ომში“ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნასა და ომის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებაში.
შეგახსენებთ, რომ „უკვდავი პოლკი“ საერთაშორისო საზოგადოებრივ-პატრიოტული მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა ქ. ტომსკში (რუსეთი) და მიზნად ისახავს „დიდი სამამულო ომის“ მეხსიერების შენახვას.