ახალი ამბები

აფხაზეთში რუსული საფეხბურთო კლუბის „ზენიტის“ ახალგაზრდული აკადემიის ფილიალი გაიხსნა

2021 / 03 / 28

27 მარტს სოხუმის ფილარმონიის შენობაში რუსეთის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ საბავშვო-ახალგაზრდული აკადემიის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სოხუმის „მერი“ ბესლან ეშბა და „ზენიტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბჟანიამ კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ელენა ილიუხინას და კლუბის გენერალურ დირექტორ ალექსანდრე მედვედევს აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ფილიალის საზეიმო გახსნამდე „ზენიტის“ წარმომადგენლები - სერგეი მოროზოვი და მაქსიმ პოგორელოვი (კლუბის ვიცე-დირექტორი სპორტული განვითარებისა და იურიდიული მხარდაჭერის საკითხებში) სოხუმის „მერ“ ბესლან ეშბასაც შეხვდნენ.

19-31 მარტის პერიოდში აფხაზეთში „ზენიტის“ საბავშვო-ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები ვარჯიშობენ. მთლიანობაში, ამჟამად აფხაზეთში ვარჯიშობს 200-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც 2005-2011 წლებში არიან დაბადებული.

ე.წ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, თარაშ ხაგბას თანახმად, „ზენიტი“ აფხაზეთის ინფრასტრუქტურის გასაცნობად ჩამოვიდა და გუნდს ჰაერი, ახლომდებარე ზღვა და სოხუმის სტადიონიც მოსწონს. ხაგბას თქმით, სოხუმსა და ახალ ათონში „ზენიტის“ ფილიალების გახსნა აფხაზ ახალგაზრდებს განვითარებისა და რუსეთის ტურნირებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ „ზენიტმა“ 2020 წლის სექტემბერში 27 აფხაზი მწვრთნელი გაწვრთნა.

Go BackGo Back