გამოცემა: N1 / მიმოხილვის პერიოდი: იანვარი-მარტი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში
განათლების სფერო
- რუსეთმა აფხაზეთის „ეროვნულ“ ბიბლიოთეკას 300 წიგნი გადასცა. აღნიშნული დაიგეგმა 2020 წლის ოქტომბერში, როდესაც ბიბლიოთეკის დირექტორმა ბორის ჭოლარიამ რუსეთის XIII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში ბიბლიოთეკაში წიგნების სიმცირეზე ისაუბრა.
- 20 იანვარს დაიწყო რეგისტრაცია რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. აფხაზი აბიტურიენტებისთვის 52 ადგილი იყო გამოყოფილი. რეგისტრაცია 20 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოგვიანებით ვადა 15 მარტამდე გახანგრძლივდა. შესარჩევ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობები, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. სამი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებება იყო მედიცინა, ეკონომიკა და სამართალმცოდნეობა.
- 21 თებერვალს გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება ა. გრიბოედოვის სახელობის საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტსა და აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს შორის. ამიერიდან აფხაზი აბიტურიენტები რუსეთში ტურიზმის მიმართულებაზე სწავლას შეძლებენ.
- ქ. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხთა დეპარტამენტის სპეციალისტებმა და აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერ-კლასებში, რომლებიც გაიმართა ქ. კრასნოდარში (რუსეთში), პროგრამის „რეგიონული პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება რუს და აფხაზ ახალგაზრდებს შორის.
კულტურის სფერო
- 3 მარტს „დიდი სამამულო ომის“ შესახებ გადაღებული ხუთი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. თითოეული ასახავს ომის მონაწილე ერთი კონკრეტული ვეტერანის ისტორიას. პროექტი ომის 75 წლისთავს მიეძღვნა. ის მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტმა დააფინანსა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა
- „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩეხამ მორიგი კონკურსის შედეგები შეაჯამა. ვიქტორინაში სახელად „რა ვიცი ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობ და ვსწავლობ“ 128 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თემატიკა მოიცავდა რუსულ-აფხაზურ თანამშრომლობას და მათ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
- „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებით, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ ჭადრაკის ონლაინ-ტურნირი ჩაატარა. კონკურსში 22 პირი მონაწილეობდა. გამორჩეულ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო წიგნები.
- 1 თებერვალს შავი ზღვის კაზაკთა არმიისა და აფხაზეთში რუსული თემის ოფისში შეიქმნა სახალხო შტაბი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შტაბში უკვე 15-ზე მეტი ორგანიზაცია გაერთიანდა, მათ შორის, რესპუბლიკური პარტია „Акзаара“, პროფკავშირის კომიტეტი, ვეტერანთა საბჭო „ЭРА-ИСТОК“ და სხვები.
- 2020 წელს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებისთვის აფხაზეთში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელით სამახსოვრო მედლები და დიპლომები გადასცეს.
- იგეგმება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც გააერთიანებს რუსულ თემს აფხაზეთში, თანაბარ პირობებს შექმნის რუსი თანამემამულეებისთვის და ხელს შეუწყობს რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობას ყველა დონეზე. ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა.
რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში
განათლების სფერო
- რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის რეგისტრაცია ცხინვალის რეგიონშიც 20 იანვარს დაიწყო და მოგვიანებით აქაც 15 მარტამდე გახანგრძლივდა. ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებისთვის 18 ადგილი იყო გამოყოფილი. რეგისტრაცია მთლიანად ონლაინ ფორმატში ჩატარდა - მსურველებმა საბუთები ატვირთეს, უნივერსიტეტები აირჩიეს და ტესტირებაც გაიარეს.
- 1 თებერვალს გაიმართა რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა შესარჩევო კომისიის სხდომა. შეიმუშავეს დებულება, აბიტურიენტთა შერჩევის წესი და შესარჩევი კამპანიის ღონისძიებათა განრიგი. კომისიის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვია.
- 16 მარტს შედგა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (МАДИ) რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ანდრეი კელერისა და რუსეთში ცხინვალის რეგიონის „ელჩის“ ზნაურ გასიევის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივა. 30 მარტს აღნიშნული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ცხინვალის რეგიონის სკოლებს, აბიტურიენტთა ინფორმირებისა და „ყველა გზა მიდის МАДИ-ში“ კონკურსის პრეზენტაციის მიზნით.
კულტურის სფერო
- 3 მარტს, რუსისტების საზოგადოების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციამ დააანონსა კონკურსი სახელად „მე - რუსული სამყაროს ელჩი“. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც უყვარს რუსული ენა და კულტურა. შედეგები 23 მაისს გახდება ცნობილი.
- 1-ლი სკოლის ანსამბლმა „Зилахар“-მა დონის როსტოვში (რუსეთში) გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.
- 24 მარტს რეგიონის მე-6 სკოლაში პოეზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი „პუშკინის წვეულება“ გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდ „რუსული სამყაროს“ ცენტრის დახმარებით. დამსწრეთა შორის იყვნენ რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის თანამშრომლები და სხვები.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა
- 26 იანვარს გაიმართა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სერგეი სკვორცოვის პრეს-კონფერენცია. მისი თქმით, წარმომადგენლობა შეეცდება ხელი შეუწყოს რეგიონში რუსი ინვესტორების მოზიდვას და ბიზნეს-კავშირების განმტკიცებას. ასევე იმუშავებენ ცნობიერების ამაღლებაზე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰუმანიტარული ქმედებების შესახებ.
- 23 თებერვალს, „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებით, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ ჩაატარა სამხატვრო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების შვილები.
- 26 თებერვალს გაიმართა ფონდ „რუსული სამყაროს“ ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია. ცენტრი ა. თიბილოვის სახელობის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა. ხელმძღვანელად დაინიშნა ჯულიეტა ოსტაევა - რუსული ენის კათედრის დოცენტი.
ფონდ „რუსული სამყაროს“ ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია
- 12 მარტს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ოფისში „მასლინიცა“ იზეიმეს. „მასლინიცა“ რუსული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები და სხვები.
- „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დახმარებით გაიმართა საბავშვო დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც წაიკითხეს საბავშვო ლექსები, ისაუბრეს საბჭოთა საბავშვო პოეტზე აგნია ბარტოზე, ასევე „დიდ სამამულო ომზე“. სიტყვით გამოსვლისას სერგეი სკვორცოვმა ბავშვებს რუსული პოეზიის აქტიურად შესწავლისკენ მოუწოდა.
ისტორიული თარიღების აღნიშვნა
- „ოსების გენოციდის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ჟურნალის „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ მე-18 ნომრის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, მარატ კულახმეტოვი, სერგეი სკვორცოვი და სხვები.
- მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა, ლენინგრადის ბლოკადის დასრულებასთან დაკავშირებით, ქ. ცხინვალის სკოლებში ღია გაკვეთილები ჩაატარეს. ისაუბრეს „დიდ სამამულო ომზე“, საბჭოთა კავშირის წვლილზე, ასევე რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთობლივ ბრძოლაზე საერთო მტერთან, მათ შორის, საქართველოსთან. მოსწავლეებს გადაეცათ საფოსტო ბარათები წარწერით „სამხრეთ ოსეთი და რუსეთი - სამუდამო ძმები!“
- „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებით, მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა 9-11 კლასების მოსწავლეებისთვის სიმამაცის გაკვეთილები ჩაატარეს. ისაუბრეს სამხედრო სამსახურზე, პატრიოტიზმსა და აღნიშნული დღესასწაულის წარმოშობის ისტორიაზე.
სხვა ღონისძიებები
- მარატ კულახმეტოვმა ვლადიმერ პუტინის სახელით მედლები გადასცა „უკვდავი პოლკის“ ორ წარმომადგენელს - ჟანა ზასეევას და ვალერი ბიბილოვს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „დიდ სამამულო ომში“ დაკარგული პირების ძებნასა და ომის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში. შეგახსენებთ, რომ „უკვდავი პოლკი“ საერთაშორისო საზოგადოებრივ-პატრიოტული მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა ქ. ტომსკში (რუსეთში) და მიზნად ისახავს „დიდი სამამულო ომის“ მეხსიერების შენახვას.
- 15 თებერვალს, „ინტერნაციონალისტი სამხედროების“ ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ყვავილებით შეამკეს მათი მემორიალი. ღონისძიებას დაესწრნენ ანატოლი ბიბილოვი, მარატ კულახმეტოვი, სამხედრო მოსამსახურეები და სკოლის მოსწავლეები.
რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია ვადიმ ჩეხა, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.