27 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა რუსეთში მარწყვის გატანის გამარტივებაზე იმსჯელა. გავრცელებული ინფორმაციით, წელს ექსპორტის მოცულობა სამჯერ მაინც გაიზრდება. „საბაჟო“ გაფორმების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა ჯამალ ცეიბამ აღნიშნა, რომ „საბაჟო“ კონტროლის გამარტივების საკითხი ყოველ წელს აქტიურად მუშავდება.
ცეიბას თანახმად, პროდუქციის გატანის გამარტივებისთვის „საბაჟო“ დეკლარაციის პერიოდული პროცედურაა შემუშავებული, რომელიც დროის შემცირებაზეა ორიენტირებული და რომელმაც მოვაჭრეებს მეტი ექსპორტის საშუალება მისცა. ამ დეკლარაციებით 2020 წელს 25 ათასი ტონა ციტრუსი იქნა გატანილი, რომელმაც მთელ წელს ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის 46% შეადგინა. ციტრუსის გატანისას ადლერის „საბაჟო“ პუნქტზე დღეში 200 მანქანაზე მეტი გროვდებოდა, თუმცა პერიოდული დეკლარაციის დაწყების შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 294 ტონა მარწყვი გავიდა. აფხაზეთში მარწყვი როგორც ღია სივრცეში, ისე სათბურებში მოჰყავთ. მარწყვის მოყვანით დაკავებული მეწარმის, ბატალ ავიძბას თანახმად, ამ ერთ-ერთი ყველაზე მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტს სპეციალური პირობები სჭირდება. ნოემბერში ექსპორტისას პერიოდული „საბაჟო“ დეკლარაციის პროცესზე თანხმობა იქნა გაცემული. მისი თქმით, წელს 1000 ტონაზე მეტი მარწყვის ექსპორტი იგეგმება.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთში რუსეთის „საბაჟო სამსახურის“ წარმომადგენელი კონსტანტინ კოზლოვი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი დეკლარაცია „სასაზღვრო“ პუნქტს გადატვირთვას ააცილებდა და რუსული მხარე ახალი პროცედურის განსახორციელებლად მზად იყო.