ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში გერმანული „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თბილისის „დინამომ“ გადამწყვეტი მატჩი ითამაშა და ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებას მიაღწია. ამ თამაშის ვარსკვლავი 1957 წელს ოჩამჩირეში დაბადებული ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიტალი დარასელია გახდა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე „საუკუნის გოლი“ გაიტანა, რის შედეგადაც თბილისის „დინამომ“ 2-1 მოიგო.
ვიტალია დარასელია ნახევარმცველის პოზიციაზე ჯერ ოჩამჩირის „ამირანში“ (1973-1974 წწ.) თამაშობდა, შემდეგ კი - თბილისის „დინამოში“ (1975-1982 წწ.). 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 5-ჯერ მოხვდა და არაერთ საპატიო ტიტულს დაეუფლა, 1982 წლის 13 დეკემბერს ხარაგაულის რაიონში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
2011 წელს ისტორიული გამარჯვების 30 წლის თავზე თბილისის „დინამოს“ 1981 წლის სრულ შემადგენლობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ერთი მხრივ, ნათელია, რომ ქართულ ფეხბურთში დარასელიას ღვაწლი დაფასებულია, მაგრამ საინტერესოა, რომ მას არანაკლებ აფასებენ დღევანდელ აფხაზეთშიც.
როგორც ცნობილია, ვიტალის დედისა და აფხაზების სურვილით, 1982 წელს იგი ოჩამჩირეში დაკრძალეს. 2017 წლის 9 ოქტომბერს, ვიტალი დარასელიას მე-60 იუბილის აღსანიშნავად მისი ბრინჯაოს მემორიალი შეკეთდა. დღის განმავლობაში მემორიალი მთელი აფხაზეთიდან მოინახულეს. ამ დღეს გაერთიანდა დარასელიების აფხაზურ-ქართული ოჯახიც: საფლავზე შეიკრიბნენ ოჩამჩირეში მცხოვრები ვიტალი დარასელიას დედა - მერი ბჟანია-დარასელია და ვიტალის და - ალვინა დარასელია-გუნბა, ისევე როგორც თბილისში მცხოვრები ვიტალის შვილები - ქრისტინა დარასელია და თბილისის „დინამოს“ აკადემიის სელექციონერი - ვიტალი დარასელია უმცროსი. აღსანიშნავია, რომ აკადემია ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ამხანაგურ თამაშში ვიტალი დარასელია უმცროსიც მონაწილეობდა.
ვიტალი დარასელიას მემორიალი ოჩამჩირეში. წყარო: ამერიკის ხმა
ვიტალი დარასელიას მეგობრისა და ვეტერანი ფეხბურთელის იური ლოგუას განცხადებით, 1981 წლის 13 მაისის გოლი თბილისთან ერთად სოხუმშიც განსაკუთრებული ზარზეიმითა და სიხარულით აღინიშნა.
2020 წლის დასაწყისში ოჩამჩირის ფეხბურთის გუნდის „ერცახუს“ ვეტერანებმა ვიტალი დარასელიას სახელობის საქველმოქმედო ფონდიც შექმნეს, რომელიც ახალგაზრდების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. ვეტერანების განცხადებით, დარასელიას მემორიალს შეკეთება სჭირდება, მის სახლში კი მუზეუმი უნდა გაიხსნას.
აფხაზურ წყაროებში ვიტალი დარასელიას გარდაცვალება „არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ მთელი აფხაზეთის დანაკარგად“ არის მოხსენიებული. დარასელიას „აფხაზ“ ფეხბურთელად მოიხსენიებენ და მისი სახელობის ტურნირები ყოველწლიურად იმართება. ოჩამჩირის სტადიონი სწორედ მის სახელს ატარებს. დარასელიას წარსულიდან საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობის დეტალები, დაფარული არ არის, თუმცა აშკარაა, რომ აფხაზეთში მისი, როგორც აფხაზი სპორტსმენის, უკვდავყოფას ცდილობენ. უნდა ითქვას, რომ როგორც ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში თამაშისას ვიტალიმ ქართული სათანადოდ არ იცოდა, თუმცა მალევე ისწავლა.
საინტერესოა, რომ 2009 წელს მერი ბჟანია-დარასელიამ განაცხადა, რომ სიცოცხლის შემთხვევაში ვიტალი „ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას შეეცდებოდა“ და „აფხაზები და ქართველები - ერთნი არიან“.