ახალი ამბები

სპორტი აფხაზეთში: გამოწვევები და რუსეთის როლი აფხაზეთის სპორტულ ცხოვრებაში

2021 / 05 / 16

ავტორი: ნიკა კრაწაშვილი

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპორტის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სტატუსი წარმოადგენს. როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი და მისი რამდენიმე მოკავშირე აღიარებს, რაც მათ საერთაშორისო დონეზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ხელს უშლის. აფხაზი და ოსი სპორტსმენებისთვის კარიერული ზრდისა და წარმატების მიღწევისათვის ყველაზე რეალურ შესაძლებლობას რუსეთში გამართულ ტურნირებში მონაწილეობა იძლევა.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად არ არის შესაფერისი ინფრასტრუქტურა და არც დაფინანსებაა საკმარისი. ამიტომაც, სპორტსმენები ხშირად მონაწილეობენ ჩრდილოეთ კავკასიასა თუ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ჩემპიონატებში. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა კი მხოლოდ რუსეთის პასპორტის მქონე სპორტსმენებისთვის არის შესაძლებელი.

სტატიის პირველ ნაწილში განხილულია, თუ სპორტის რა სახეობებია განვითარებული აფხაზეთში (მეორე ნაწილში ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება იქნება განხილული), რა გამოწვევებია სპორტის მიმართულებით, ვინ კურირებს სპორტს, რა სახით არის აფხაზეთი დაკავშირებული რუსეთთან და როგორ არის წარმოდგენილი საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.

ვინ კურირებს სპორტს აფხაზეთში?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში „სახელმწიფო პოლიტიკას“ „ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტი“ კურირებს. „კომიტეტის“ ფუნქციებში შედის სპორტის სფეროში საორგანიზაციო, საკანონმდებლო და ფინანსური საკითხების მოგვარება. „კომიტეტი“ ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ტერიტორიაზე სპორტულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს „ეროვნული გუნდების“ წვრთნასა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას.

ფეხბურთი

აფხაზეთში ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია. 2013 წელს აფხაზეთში ფეხბურთის პირველი თამაშიდან 100 წელიც აღნიშნეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბადებული სპორტსმენები საბჭოთა საქართველოს საფეხბურთო გუნდების სახელით ასპარეზობდნენ, მათ შორის არაერთი ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა - ვიტალი დარასელია, ავთანდილ ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, გრიგოლ ცაავა, თემურ ქეცბაია, მურთაზ შელია, გელა ინალიშვილი, საიდ თარბა, ახრიკ ცვეიბა, ჯემალ გუბაზი და სხვ.. გუბაზი დღეს აფხაზეთის „ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარეა.

ზემოთ დასახელებული ფეხბურთელებიდან უნდა გამოვარჩიოთ ვიტალი დარასელია (1957-1982), რომელიც ოჩამჩირეში დაიბადა და 1982 წელს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. დარასელია 1975-1982 წლებში თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი იყო. მას ეკუთვნის გადამწყვეტი გოლი 1981 წლის მაისში უეფა-ს „თასების მფლობელთა თასის“ ფინალში გერმანული „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ. თბილისის „დინამოს“ გამარჯვება აფხაზეთშიც განსაკუთრებულად აღნიშნეს. ოჩამჩირელ დარასელიას როგორც ქართველები, ასევე აფხაზები დღემდე დიდ პატივს მიაგებენ. ოჩამჩირეშია დარასელიას საფლავი და მემორიალი. 2020 წელს ოჩამჩირელმა ფეხბურთის ვეტერანებმა დააარსეს ვიტალი დარასელიას სახელობის საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც ოჩამჩირეში ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.

No description available.

ვიტალი დარასელიას საფლავი ოჩამჩირეში. წყარო: abkhazinform.com

„პრემიერ-ლიგა“

საქართველოსთან ომის შემდეგ, 1994 წელს, აფხაზეთში „პრემიერ ლიგა“ დააარსეს, 2007 წელს კი აფხაზეთის ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა. 2017-2020 წლებში „აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას“ ჯუმა კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, 2021 წლიდან კი - თარაშ ხაგბა.

„პრემიერ-ლიგის“ პირველ ჩემპიონატში 15 გუნდი ჩაერთო, მათ შორის სოფლებიდანაც. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო გუნდების რიცხვი ყოველწლიურად მცირდებოდა. „პრემიერ ლიგის“ გამართვას დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი სჭირდება, რაც დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სპონსორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რაც ხშირად საკმარისი არაა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფინანსებს როგორც „პრემიერ ლიგას“, ასევე „თასის ტურნირს“  და „ეროვნული“ ნაკრების თამაშებს. ეს ხარჯები ყოველ წელს დაახლოებით 115 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელ ასტამურ ადლეიბას შეფასებით, რუსული ფულის გარეშე აფხაზური სპორტი ვერ გადარჩებოდა. მხოლოდ 2007-2012 წლებში აფხაზეთში ფეხბურთის 13 საწვრთნელი ცენტრი დაფუძნდა, რომლის შექმნაც რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა ოთარ არშბამ დააფინანსა. არშბა წარმოშობით აჭარიდან არის და ბავშვობა ბათუმში აქვს გატარებული. დაფინანსების ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ფინანსების ნაკლებობა დღემდე გუნდების მთავარ პრობლემად რჩება. თარაშ ხაგბას თქმით, ფეხბურთის განვითარებისთვის მთავრობის დაფინანსებაა საჭირო და სოხუმის „დინამოს“ სტადიონის გამოკლებით სხვა გუნდების მოედნები მძიმე მდგომარეობაშია.

No description available.

სოხუმის „დინამოს“ ახალი სტადიონი, 2015 წ. წყარო: Timer

აფხაზეთის 28-ე ფეხბურთის ჩემპიონატი 20 აპრილს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. მასში მონაწილეობას 8 გუნდი იღებს: „საძ“ (განთიადი), „გაგრა“ (გაგრა), „ათონ“ (ახალი ათონი), „რიწა“ (გუდაუთა), „სამურზაკან“ (გალი), „შახტიორი“ (ტყვარჩელი), სოხუმის „დინამო“ და „ნართ“. მსაჯების პრობლემის გამო საფეხბურთო მატჩებში რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გამოგზავნილი მსაჯები იღებენ მონაწილეობას.

აფხაზი ფეხბურთელები რუსეთის სტუდენტურ ლიგაში

აფხაზეთში 1 700-ზე მეტი 8-16 წლის ფეხბურთელია. 2021 წლის მარტში ჯემალ გუბაზმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ახალგაზრდული ფეხბურთის გუნდი „რუსეთის ეროვნულ სტუდენტურ საფეხბურთო ლიგაში“ ითამაშებს. მისივე თქმით, ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რომ თითქმის 30 წელია აფხაზური გუნდი „ფსოუს არ გასცდენია“ და „ოფიციალურ დონეზე არ უთამაშია“. „სტუდენტური ლიგა“ 2011 წელს დაარსდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელშეწყობით.

გუბაზის შეფასებით, აფხაზი ფეხბურთელებისთვის „სტუდენტურ ლიგაში“ თამაში გამოსავალს წარმოადგენს, რადგან თუ აქამდე 14-15 წლამდე ფეხბურთელები აფხაზეთის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და შემდეგ უპერსპექტივობის გამო სპორტს თავს ანებებდნენ, ამიერიდან 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს რუსეთში კარიერის გაგრძელების საშუალება ექნებათ, ისინი რუსი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და რუსეთის ჩემპიონატშიც ჩაერთვებიან.

ამხანაგური თამაშები

აფხაზეთს არაერთხელ უმასპინძლია დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ნაკრებისთვის. დონეცკის გუნდთან პირველი თამაში 2015 წელს გაიმართა. 2020 წლის სექტემბერში კი, ამ გუნდებს შორის მატჩი მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ თამაშის მსვლელობისას შუქი ჩაქრა. აფხაზეთში კრიპტოვალუტების გაზრდილი მაინინგის ფონზე დენის გათიშვა ქილიკით სტადიონთან ახლოს კრიპტოვალუტების ფერმის გახსნას დაუკავშირეს.

CONIFA

„საერთაშორისო ტურნირებიდან“ აფხაზეთის „ნაკრები“ CONIFA-ს თასზე მონაწილეობს. CONIFA 2013 წელს დაარსებული დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაა, რომელიც FIFA-ს მიღმა დარჩენილ საფეხბურთო ფედერაციებს აერთიანებს. CONIFA არ არის ოფიციალური ტურნირი და მასში ძირითადად არაღიარებული რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობენ. CONIFA-ს პირველი „ჩემპიონატი“ 2014 წელს ოსტერსუნდში, შვედეთში ჩატარდა. CONIFA-ს კონსტიტუციის თანახმად, იგი შვედეთში დარეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 60 წევრი ჰყავს.

No description available.

CONIFA-ს ლოგო. წყარო: CONIFA FB

2014 წლის CONIFA-ს მსოფლიო თასზე აფხაზეთის „ნაკრებმა“ მე-8 ადგილი დაიკავა, 2016 წელს ტურნირის გამარჯვებული გახდა, 2019 წელს კი ბრინჯაოს მედალი აიღო. 2020 წელს CONIFA-ს ტურნირი პანდემიის მიზეზით არ ჩატარდა, მაგრამ რადგან აფხაზეთმა 2019 წელს ამხანაგურ მატჩებში ფინანსური პრობლემების გამო ვერ ითამაშა, 2020 წელს მონაწილეობის უფლება მაინც არ ჰქონდა.

No description available.

აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის გუნდები CONIFA-ს  ჩემპიონატზე, 2019 წ. წყარო: CONIFA

2021 წლის CONIFA-ს ჩემპიონატი ნიცაში, საფრანგეთში 9-19 ივნისის ნაცვლად, 7-17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო და მასში 10 სხვა გუნდთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ეროვნული ნაკრებებიც“ უნდა გამოსულიყვნენ. აფხაზეთი B ჯგუფში საპმისა (ლაპლანდია) და რუმინეთის სეკეის მხარეს უნდა შეხვედროდა, ხოლო ცხინვალის რეგიონს C ჯგუფში მთიან ყარაბაღსა და ინგლისის კორნუელთან უნდა ეთამაშა. თუმცაღა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო და მისი ჩატარების ახალი თარიღი სულ მცირე აგვისტომდე არ იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოთხოვნით, 2015 წლის CONIFA-ს ტურნირზე აფხაზი ფეხბურთელები უნგრეთში არ დაუშვეს. თუმცა, 2018 წელს ჩატარებული ტურნირის დროს, ბრიტანულმა მხარემ ქართული მხარის პროტესტს იმით უპასუხა, რომ ჩემპიონატს კომერციული ხასიათი ჰქონდა და მასში სახელმწიფო არ იყო ჩართული.

CONIFA-ს გარდა აფხაზი ფეხბურთელები რუსეთის სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებსა და ფეხბურთის ფესტივალებშიც მონაწილეობენ. აფხაზი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას რუსული პასპორტებით ახერხებენ.

„გაზპრომის“ საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ აკადემია

სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტს“, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაშია და მის მიერ ფინანსდება, განსაკუთრებული კავშირები აქვს აფხაზეთთან. 2021 წლის 19-31 მარტს კლუბის საბავშვო-ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელები აფხაზეთში სავარჯიშოდ იმყოფებოდნენ. 2021 წლის 27 მარტს სოხუმსა და ახალ ათონში კლუბის პირველი წარმომადგენლობები გაიხსნა, სადაც 6-13 წლის ახალგაზრდები ივარჯიშებენ. გამორჩეული ფეხბურთელები თამაშს „ზენიტში“ შეძლებენ. კლუბის მხარდაჭერით 2020 წელს აფხაზეთიდან 27 მწვრთნელიც გადაამზადეს.

No description available.

„ზენიტის“ ფილიალის გახსნა სოხუმში, 2021 წ. წყარო: Sputnik Abkhazia

სპორტის სხვა სახეობები აფხაზეთში

აფხაზეთში, მართალია, ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველ სახეობად ითვლება, თუმცა გამოსარჩევია სპორტის სხვა სახეობებიც: კალათბურთი, ბოქსი და ჭიდაობა.

კალათბურთი

აფხაზეთში კალათბურთის „დამფუძნებლად“ სტანისლავ სუშჩენკო მიიჩნევა, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა. კალათბურთის მწვრთნელად სუშჩენკო 40 წელზე მეტი მუშაობდა და განსაკუთრებით 1970-1990-იან წლებში აქტიურობდა. საქართველოსთან ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ სპორტს წვდომა საერთაშორისო ტურნირებზე არათუ სხვაგან, რუსეთშიც კი არ ჰქონდა, სუშჩენკოს გუნდები სამხრეთ რუსეთის შეჯიბრებებზე მაინც გაჰყავდა.

ცნობილია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომლის „პრეზიდენტობის“ დროს მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ახალგაზრდობაში კალათბურთით იყო გატაცებული. 2020 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს, „ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის“ ორგანიზებით ბაღაფშის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასი გათამაშდა.

ბოქსი

აფხაზები ხშირად მონაწილეობენ რუსეთში გამართულ ბოქსის ტურნირებზე. საუკეთესო ათლეტები კი, რუსეთის სახელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობენ. ბოლო პერიოდში, 2021 წლის მარტში, სტუდენტებს შორის ჩეჩნეთში ჩატარებული სრულიად რუსეთის შეჯიბრის გამარჯვებული ყუბანის უნივერსიტეტის ორი აფხაზი სტუდენტი გახდა. მარტშივე ევროპის ვერცხლისმედალოსანმა და რუსეთის ჩემპიონმა ხარიტონ აგრბამ მოსკოვში პროფესიონალური ბოქსის საღამოზე გამარჯვებით კრივის მსოფლიო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აპრილში კი საირ კაჭარავამ 15-16 წლის ასაკობრივ კატეგორიაში რუსეთის ბოქსის ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ჭიდაობა

აფხაზეთში პოპულარულია ჭიდაობაც. აფხაზი მოჭიდავეები რუსეთის ჩემპიონატებზე ხშირად გამოდიან. მაგალითად, 2021 წლის მარტში მოსკოვის „ცსკა-ში“ მოვარჯიშე მარატ კოკოსკერია ახალგაზრდებს შორის რუსეთის ცენტრალური ფედერალური ოლქის თავისუფალი ჭიდაობის გამარჯვებული გახდა. იმავე თვეში „ცსკა-ში“ მოვარჯიშე მეორე აფხაზმა - დანიელ ჯოპუამ რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის 18 წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო და ევროპის ჩემპიონატისთვის შეირჩა.

საბჭოთა სპორტული ინფრასტრუქტურა

საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში არსებული ინფრასტრუქტურა სპორტსმენების მოსამზადებელად გამოიყენებოდა. ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება ნიჩბოსნობის მიმართულებით. ცნობილია, რომ გალის რაიონში მდებარე სანიჩბოსნო ბაზა „რეჩხი“ საბჭოთა კავშირის ნაკრების ვარჯიშისთვის გამოიყენებოდა. კაიაკერები ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური შეჯიბრების წინ აქ წელიწადში რამდენჯერმე ვარჯიშობდნენ. აქვე იმართებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებიც. „რეჩხზე“ ვარჯიში ზამთარშიც შეიძლება, ხოლო რუსეთში მხოლოდ ერთი ტბაა, რომელიც ზამთარში არ იყინება. 2021 წლის თებერვალში გალში რუსეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი 1992-1993 წლებში ომის შედეგად დანგრეული ბაზის აღდგენისადმი ინტერესს უკავშირდებოდა.

No description available.

სანკტ-პეტერბურგელი ნიჩბოსნები აფხაზეთში ვარჯიშის დროს. წყარო: ნადეჟდა კოსტილევა, Sputnik Abkhazia

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, მარტში, გაგრის რაიონში მდინარე ბზიფზე სანკტ-პეტერბურგის სანიჩბოსნო სლალომის 12 კაციანი გუნდი ჩავიდა სავარჯიშოდ. მსგავსი ფაქტები მიუთითებს, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო აფხაზეთი რუსი სპორტსმენებისთვის ტურნირებისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ადგილად განიხილება.

Go BackGo Back