ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სპორტის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სტატუსი წარმოადგენს. როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი და მისი რამდენიმე მოკავშირე აღიარებს, რაც მათ საერთაშორისო დონეზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ხელს უშლის. ოსი და აფხაზი სპორტსმენებისთვის კარიერული ზრდისა და წარმატების მიღწევისათვის ყველაზე რეალურ შესაძლებლობას რუსეთში გამართულ ტურნირებში მონაწილეობა იძლევა.
ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად არ არის შესაფერისი ინფრასტრუქტურა და არც დაფინანსებაა საკმარისი. ამიტომაც, სპორტსმენები ხშირად მონაწილეობენ ჩრდილოეთ კავკასიასა თუ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ჩემპიონატებში. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა კი მხოლოდ რუსეთის პასპორტის მქონე სპორტსმენებისთვის არის შესაძლებელი.
სტატიის ამ ნაწილში განხილულია, თუ სპორტის რა სახეობებია განვითარებული ცხინვალის რეგიონში (პირველ ნაწილში აფხაზეთში არსებული ვითარებაა განხილული), რა გამოწვევებია სპორტის მიმართულებით, ვინ კურირებს სპორტს, რა სახით არის ცხინვალის რეგიონი დაკავშირებული რუსეთთან და როგორ არის წარმოდგენილი საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.
სპორტის განვითარების გამოწვევები
2021 წლის 21 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის კომიტეტის უფროსის მოადგილე ვალენტინა გატიკოევამ პრეს-კონფერენციაზე სპორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის სფეროში 3 109 ბავშვია ჩართული, თუმცა ისინი მათივე განვითარებისთვის საჭირო ტურნირებში მონაწილეობას ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან საკმარისი დაფინანსება არ აქვთ. ამასთანავე, 2020 წელს პანდემიის მიზეზით, შეჯიბრებებში მონაწილეობა შეზღუდული იყო. გატიკოევას თქმით, ცხინვალის რეგიონი ძლიერია ინდივიდუალურ, მაგრამ არა - სპორტის გუნდურ სახეობებში, როგორიცაა კალათბურთი, ხელბურთი ან რაგბი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში „არც ერთი სპეციალისტი არ ჩამოსულა, რომელიც გუნდურ სპორტს ბიძგს მისცემდა“. ბევრი ოჯახი სპორტული კარიერის ასაწყობად ბავშვებს რუსეთში გზავნის, რადგან ცხინვალის რეგიონში „დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, სპორტი არ ვითარდება“. გატიკოევას განცხადებით, ამ ეტაპზე სპორტის განვითარების პროგრამაზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მისი მიღების დრო უცნობია, რადგან საამისოდ ფინანსებია საჭირო.
ვინ კურირებს სპორტს ცხინვალის რეგიონში?
ცხინვალის რეგიონში სპორტის მიმართულებას „ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტი“ კურირებს. 2013 წლიდან „კომიტეტის“ თავმჯდომარე სერგეი ზასეევია, რომელიც ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტშიც“ მუშაობდა.
ფეხბურთი
აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში არ ტარდება ყოველწლიური ტურნირები. რეგიონის გუნდები და „ნაკრები“ ძირითადად რუსეთში გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ ან სხვა არაღიარებული რეგიონების გუნდებს ხვდებიან. CONIFA-ს ვებ-გვერდის თანახმად, ე.წ. „სამხრეთს ოსეთის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია“ 1997 წელს დაარსდა. ფედერაციას სოსლან კოჩიევი ხელმძღვანელობს.
2013 წელს ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო „ნაკრები“ „საერთაშორისო“ დონეზე პირველად გამოვიდა. „ამხანაგურ“ მატჩში ის სოხუმში აფხაზეთის „ნაკრებს“ დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ნაკრებების“ ამხანაგური მატჩი, 2013 წ. წყარო: Nonfifafootball Blogspot
ცხინვალის რეგიონს საერთო ეთნიკური წარმოშობისა და გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ფართო კავშირები აქვს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიასთან, რაც ფეხბურთის განვითარებაზეც აისახება. არის შემთხვევები, როცა ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრებში თამაშობენ. 2021 წლის აპრილში ცხინვალის რეგიონის „ნაკრები“ - „ცხინვალ“ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკურ ჩემპიონატში ჩაერთო. ჩრდილოეთ ოსეთის ჩემპიონატი 1990 წლიდან ტარდება და მასში „ცხინვალმა“ (რომელსაც ადრე „სპარტაკ“ ერქვა) 1994 და 2019 წლებში პირველობაც მოიპოვა. გასულ წელს მას მონაწილეობის საშუალება პანდემიის მიზეზით არ ჰქონია.
ცხინვალის რეგიონის ფეხბურთის გუნდები რუსეთის სხვადასხვა დონის ტურნირებშიც მონაწილეობენ. მაგალითად, „ბარსალანის“ 2010 და 2011 წელს დაბადებული ახალგაზრდა ფეხბურთელები 2021 წელს სოჭში გამართულ სრულიად რუსეთის ტურნირში - „იმედის თასი 2021“ მონაწილეობდნენ.
CONIFA
„საერთაშორისო ტურნირებიდან“ ცხინვალის რეგიონის „ნაკრები“ CONIFA-ს თასზე მონაწილეობს. CONIFA 2013 წელს დაარსებული დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაა, რომელიც FIFA-ს მიღმა დარჩენილ საფეხბურთო ფედერაციებს აერთიანებს. CONIFA არ არის ოფიციალური ტურნირი და მასში ძირითადად არაღიარებული რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობენ. CONIFA-ს პირველი „ჩემპიონატი“ 2014 წელს ოსტერსუნდში, შვედეთში ჩატარდა. CONIFA-ს კონსტიტუციის თანახმად, იგი შვედეთში დარეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 60 წევრი ჰყავს.
შვედეთში 2014 წლის CONIFA-ს ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონის „ნაკრებმა“ მე-4 ადგილი დაიკავა. მთავარმა შემტევმა არტურ ელბაევმა კი ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. ამ ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და დარფურს 19-0 მოუგო. თამაში აფხაზეთის „ნაკრებთან“ 0-0 დამთავრდა, ხოლო ნიცის საგრაფოსთან - 0-2. 2015 წელს უნგრეთში CONIFA-ს ევროპის ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთის მსგავსად, საქართველოს მთავრობის პროტესტის გამო ვერ გამოვიდა.
CONIFA-ს ევროპის ჩემპიონატი, 2019 წ. წყარო: CONIFA
2019 წელს ცხინვალის რეგიონის „ნაკრებმა“ მთიან ყარაბაღში გამართულ CONIFA-ს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მან ფინალში „დასავლეთ სომხეთი“ 1-0 დაამარცხა. 2020 წელს ჩემპიონატი პანდემიის მიზეზით არ გამართულა.
2021 წლის CONIFA-ს ევროპის საფეხბურთო თასი ერთხელ უკვე გადაიდო და 9-19 ივნისის ნაცვლად, 7-17 ივლისს ნიცაში, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო. თასზე სულ 12 გუნდი უნდა გამოსულიყო, მათ შორის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთს B ჯგუფში საპმისა (ლაპლანდია) და რუმინეთის სეკეის მხარესთან უნდა ეთამაშა, ცხინვალის რეგიონს კი C ჯგუფში მთიან ყარაბაღსა და ინგლისის კორნუელთან. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის მიზეზით ჩემპიონატის ჩატარება გაურკვეველი დროით გადაიდო.
სპორტის სხვა სახეობები ცხინვალის რეგიონში
ცხინვალის რეგიონში ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობების განვითარებასაც ცდილობენ. წარმატებული სპორტსმენები რუსეთის ტურნირებში ცხინვალის რეგიონის ან რუსეთის სახელით ასპარეზობენ, მათგან გამორჩეულნი კი ევროპისა თუ საერთაშორისო ტურნირებში რუსეთის სახელით მონაწილეობენ. ყველაზე ხშირად ცხინვალის რეგიონის სპორტსმენები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქსა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ.
ჭიდაობა. 2021 წელს არიკ ძერანოვმა თავისუფალ ჭიდაობაში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ვლადიკავკაზში გამართული თავისუფალი ჭიდაობის რუსეთის 18 წლამდელთა ჩემპიონატი კი სოსლან ჯაგაევმა მოიგო. 8-12 აპრილს ქ. ირკუტსკში გამართულ რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონის მოჭიდავეებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლი აიღეს.
ძიუდო. 2021 წლის მარტში ძიუდოისტმა ალანა ალბოროვამ მოსკოვის რეგიონში მეხუთე ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადის პირველ ეტაპზე გამართულ შეჯიბრში გაიმარჯვა. გასულ წელს ალბოროვამ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო, 23 წლამდელთა რუსეთის ჩემპიონატზე კი მას ბრინჯაო აქვს მოპოვებული.
მკლავჭიდი. 2021 წელს სამმა ცხინვალელმა მკლავჭიდელმა რუსეთის ქ. ორიოლში გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატზე, რომელშიც რუსეთის მასშტაბით დაახლოებით 400 სპორტსმენი მონაწილეობდა, ვერცხლის მედლები აიღეს. შედეგად, მათ მაისში ლიეტუვაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის საშუალება მიეცათ. ქ. ბელგოროდში ჩატარებულ რუსეთის ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონის სამმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრების სახელით პირველი ადგილის აღება შეძლო.
მკლავჭიდელები ცხინვალის რეგიონიდან ორიოლში გამართულ ჩემპიონატზე. წყარო: Sputnik Ossetia
ძალოსნობა. 2021 წლის მარტში ცხინვალელი ალექსანდრე ჯიოევი რუსეთში, ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში ძალოსნობის ჩემპიონატზე წარსდგა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, მან რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მიიღო.
ბოქსი. 2021 წლის მარტში ჩრდილოეთ ოსეთის ბოქსის ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონიდან მოკრივეებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აპრილში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის კრივის სკოლის“ მოსწავლე გურამ გაგიევმა რუსეთის ჩემპიონატზე პირველი ადგილის აღება შეძლო. თუკი ცხინვალის რეგიონი აქამდე მაქსიმუმ ფინალამდე აღწევდა, ეს გამარჯვების პირველი შემთხვევა იყო.
კარატე. 2021 წლის თებერვალში ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჩრდილოეთ ოსეთის ჩემპიონატზე 12 პრიზი აიღეს, მათგან 5-მა კი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. შედეგად, მათ ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრებში მოიპოვეს ადგილი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატზე წარსდგება.
გრეფლინგი. ცხინვალის რეგიონი აქტიურობს გრეფლინგის მიმართულებითაც, რომელიც აქ ახალი სპორტის სახეობას წარმოადგენს, თუმცა საკმაოდ პოპულარულია. 2021 წლის თებერვალში გრეფლინგის მებრძოლებმა ნოვოჩერკასკის თასზე ათი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
გრეფლინგის გუნდი. წყარო: Sputnik Ossetia
ხელჩართული ბრძოლა. მარტში ცხინვალის რეგიონი ჩრდილოეთ ოსეთში გამართულ ხელჩართული ბრძოლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ჯამში შეჯიბრში 250 სპორტსმენი ასპარეზობდა. ცხინვალის რეგიონის 19-მა წარმომადგენელმა საპრიზო ადგილები აიღო.
კალათბურთი. 2021 წელს ცხინვალში ქალაქის „სპორტის დეპარტამენტმა“ ახალგაზრდებს შორის კალათბურთის ტურნირი მოაწყო, რომელშიც გიმნაზია „ალბიონმა“ გაიმარჯვა. მწვრთნელ როლანდ ძაბიევის შეფასებით, ტურნირს დიდი ინტერესი მოჰყვა, მაგრამ ცხინვალის რეგიონში კალათბურთის საერთო დონე მაინც დაბალია.
მაგიდის ჩოგბურთი. ირინა ელბაქიევას, ამანდა კოკოევასა და ალანა გიგოლაევას საერთაშორისო წარმატებების შემდეგ ცხინვალის რეგიონში პოპულარობას იკრებს მაგიდის ჩოგბურთიც. 2021 წელს სპორტსმენები ჩრდილოეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ჩემპიონატებზე პირველად წარსდგნენ.
ტანვარჯიში. ცხინვალის რეგიონში განვითარებულია ტანვარჯიშიც. მაგალითად, დიანა კოკოევა ჩრდილოეთ ოსეთის გუნდის შემადგენლობაშია და 2021 წელს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქისა და სამხრეთის ფედერალური ოლქის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა. ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სპორტის ოსტატის კანდიდატურაზე მხოლოდ ორი პირია დასახელებული - დიანა კოკოევა და ვიქტორია პლიევა. 2021 წლის ჩრდილოეთ ოსეთის ტურნირზე, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ყველა რეგიონი იყო ჩართული, ცხინვალის რეგიონიდან რიტმული ტანვარჯიშის სკოლის ტანმოვარჯიშეებმა ოთხი ოქროსა და შვიდი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ცურვა. 2021 წლის მარტში ცხინვალში ცურვის შეჯიბრ „ოქროს თევზი-2021-ის“ მესამე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის მეოთხე ეტაპი აპრილის ბოლოს შედგა და მასში ახალგაზრდები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ჩრდილოეთ ოსეთიდან მონაწილეობდნენ.