2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს.
სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს ახლად დანიშნული უფროსი ალექსეი ფილატოვიც.
მუტკოს განცხადებით, საინვესტიციო პროგრამა 52 ღონისძიებას და 30-ზე მეტ პროექტს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ენერგეტიკული, კომუნალური და საინჟინრო ობიექტების კაპიტალური რემონტი, მშენებლობის სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქცია, განათლების ქსელისა და ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაცია. მუტკოს თქმით, პროგრამას სერიოზული და ამბიციური ხასიათი აქვს და პროგრამის განხორციელებისათვის ყოველწლიურად 1.5 მლრდ რუბლი დაიხარჯება. ბიბილოვის განცხადებით კი, სამ წელიწადში პროგრამის განხორციელებაზე 4.5 მლრდ რუბლი დაიხარჯება და კომპანია „გაზპრომი“ დამატებით 2 მლრდ რუბლს გამოყოფს.
სხდომის დასასრულს მუტკომ და ფუხაევმა რიგით მე-20 სამთავრობათაშორისი კომისიის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. სხდომის ფარგლებში საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისათვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში 19 წევრი იქნება, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იქნება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი, ცხინვალის რეგიონის მხრიდან, დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი, გენადი ბეკოევი. სამუშაო ჯგუფის მიზნებია: საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტიციების განხორციელებაში პრიორიტეტებისა და წახალისების სისტემის შექმნა, აღნიშნულ სფეროში არსებული ბარიერების აღმოფხვრისათვის მუშაობის კოორდინირება, ინფორმაციის გაცვლა, რუსული საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობის ანალიზი და სხვ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მუტკომ, ცხინვალის რეგიონში მშენებარე ობიექტებიც, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო და „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შენობა, დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში მუტკომ ბიბილოვს საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიერ მიღებული ჯილდოები (ლენინის ორდენი და მეგობრობის ორდენი) გადასცა, რომლებიც ოლქმა სამეურნეო პროექტებში და კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის მიიღო.